Powered by Jasper Roberts - Blog

15:00 25.01.2017
,,თოჯინების კეთება საკუთარი სულისთვის სიამოვნებაა“ - ნანა ყაულაშვილი

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს შორის, არსებობს ხელოვნების სპეციფიური მიმართულება, რომელსაც, მეთოჯინეობა ჰქვია. ასეთი ადამიანები, განსაკუთრებულად ფაქიზი და თბილი სულიერი სამყაროთი გამოირჩევიან და საკუთარ ხასიათს არასულიერ არსებებში აცოცხლებენ.

 

სწორედ ამ ნიჭითაა დაჯილდოებული ქალბატონი ნანა ყაულაშვილი, რომელიც, უკვე 24 წელია, რაც ასეთ საინტერესო საქმნიანობას ეწევა.

 

,,ჯორჯიან თაიმსი“ ქალბატონ ნანას საკუთარ სახლში ეწვია; იქ, სადაც, ეს ,,ადამიანები“ (როგორც მათ თავად უწოდებს) იქმნებიან.

  

ნანა ყაულაშვილი: პროფესიით ექიმი-ოფთამოლოგი ვარ. მყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომელიც,  გერმანიაში, ვაიმარის უნივერსიტეტში სწავლობს.

პირველი თოჯინა სწორედ შვილისთვის შევქმენი. ოღონდ ეს  რბილი ტექსტილის სათამაშო იყო. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვკერავდი რბილ სათამაშოებს. მოგვიანებით, ინტერნეტში ვნახე მსგავსი ტიპის თოჯინები და გადავწყვიტე მეც მეცადა.  მას შემდეგ, უკვე 6 წელია, რაც საავტორო თოჯინებს ვამზადებ.

ერთ დღეს, ახლობელმა, ჩემი თოჯინების სურათების სოციალურ ქსელში დადება მირჩია. თავიდან, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი  ამ აზრს, თუმცა, ბოლოს დავთანხმდი.  ძალიან მალე ჩემმა თოჯინებმა დიდი სიმპატია დაიმსახურა და  სოციალურ ქსელში, ოთხასამდე დადებითი წერილი  დამხვდა.

 

ქალბატონო ნანა, ვინ არიან თქვენი თოჯინები?

 

კონკრეტული პერსონაჟები ჩემს თოჯინებს არ ჰყავს. ესენი უბრალოდ ძალიან კეთილი ადამიანები არიან და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ მათგანს  პროტოტიპი არ ჰყავს.

ჩემი თოჯინები სპონტანურად იქნება, მუშაობის პროცესში ვხვდები, ვინ უნდა გამოვიდეს.

ის შეიძლება ძალიან ლამაზი არ იყოს, მაგრამ თბილი, კეთილი და ცოცხალი გამომეტყველება ჰქონდეს.

 

ხშირად  გამსგავსებენ თქვენს თოჯინებს. ამით რამის თქმა ხომ არ გსურთ საკუთარ თავზე?

 

დიახ, ძალიან ხშირად მამსგავსებენ ჩემს თოჯინებს, თუმცა, ეტყობა ქვეცნობიერად ხდება, რომ ადამიანი თავის თავს ქმნის. ამაზე წინასწარ არასოდეს ვფიქრობ.

ძალიან ხშირად მთხოვენ, კონკრეტული ადამიანის თოჯინის გაკეთებას, მაგრამ, ამაზე ყოველთვის უარს ვამბობ,  რადგან, ჩემთვის არ არის საინტერესო კონკრეტული პერსონაჟი, რომელსაც სურათზე უნდა ვუყურო და გავაკეთო. წინასწარ შეიძლება შევარჩიო მხოლოდ ქსოვილი, ფერთა გამა და ვიფიქრო თოჯინის ჩაცმულობაზე. ხანდახან არის პერსონაჟი, რომელიც, ჩაფიქრებული მაქვს და ვიცი ვის ვქმნი, მაგალითად მხედარი, რომელიც, ლოკოკინაზე ზის. ამ თოჯინის კეთებისას, ზუსტად ვიცოდი, რა პერსონაჟსაც ვქმნიდი. მას „სურვილების ამსრულებელი“ ჰქვია.

 

თქვენი ნამუშევრები ჩაცმულობის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა. რის მიხედვით აცმევთ თოჯინებს?

 

ვცდილობ  უფრო ძველებურ სტილში ჩავაცვა.  არ მიყვარს პრიალა და მკვეთრი ფერის სამოსი. ქსოვილების შეძენის პროცესში, ძალიან ვწვალობ. მაღაზიებში ნაყიდი ქსოვილები კარგი ხარისხის არ არის, ამიტომ, ჩემი შვილის დახმარებით, საზღვარგარეთიდან ჩამომაქვს. ზოგადად, ტანსაცმელს, ხშირად ჩემთვის ვერ ვყიდულობ და თოჯინებსთვის კი - არ მენანება. ამიტომაც გამოდის ჩემი თოჯინები სხვებისგან განსხვავებული.

 

ქალბატონო ნანა, რა მასალისგან და როგორ იქმნება თქვენი თოჯინა?

 

ეს არის იაპონური, პოლიმერული მასალა, რომელსაც, ასევე, ინტერნეტით მეშვეობით, საზღვარგარეთ ვიძენ. რაც შეეხება თოჯინის შექმნის თანმიმდევრობას,  ჯერ უნდა გამოიძერწოს თავი და  კიდურები; შემდეგ კეთდება მეტალის კარკასის ტანი - მავთულებზე. შემდეგ, ეს მასა მასზე მთლიანად უნდა აიკრიფოს. ბოლოს, იხატება სახე და ამის შემდეგ, უკვე ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით იმოსება. ზოგ თოჯინას სკამიც აქვს, რომელსაც, ასევე, საკუთარი ხელით ვაკეთებ.  საბოლოოდ, ამ ყველაფერს ვაწყობ და ვაცმევ.

 

როგორც ვიცი, ხელნაკეთ აქსესუარებზეც მუშაობთ. რომელი უფრო საინტერესოა თქვენთვის - სამკაულებზე მუშაობა, თუ თოჯინების დამზადება?

 

აქსესუარებს ადრე ვამზადებდი და ამან საკუთარი თავი უკვე ამოწურა. სამკაულების დამზადება  არის ჩემი ექსკლუზივი, რომელს ტექნოლოგიასაც ვერავინ ვერ  და არც არავის ვასწავლი. ხშირად ჰგონიათ, რომ ეს არის ყაისნაღით გაკეთებული, მაგრამ  სინამდვილეში მთლიანად ნემსით და ძაფით არის ამოქარგული. კარგა ხანი ვაკეთე სამკაულები და  კარგადაც იყიდებოდა, განსაკუთრებით უცხოელები ინტერესდებოდნენ. მაგრამ დღესდღეობით, აქსესუარებს აღარ ვამზადებ.

 

თოჯინა, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა...

 

თოჯინა, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა, არის ის თიჯინა, რომელსაც მე მამსგავსებენ. რატომღაც განსაკუთრებული პოპულარობა ამან დაიმსახურა.

 

რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები თუ გაქვთ, რომლებიც, თქვენი საქმიანობის გაფართოებაში გზღუდავთ?

 

სამწუხაროდ, არ მაქვს სახელოსნო, რაც ნამდვილად ძალიან მიშლის ხელს მუშაობაში. სახლში ვმუშაობ და არ მაქვს იმის ფართი და საშუალება, რომ ჩემი თოჯინები თავისუფლად მოვათავსო.  სახელოსნოს ფინანსები სჭირდება, რაც  ამ ეტაპზე არ გამაჩნია.  ხშირად სკოლებიდანაც მოდიან დასათვალიერებლად და წარმოიდგინეთ თქვენ მთელი კლასი აქ რომ შემოვა..

კარგი იქნებოდა, რომ მქონოდეს პატარა გალერეა  ქალაქის ცენტრში ან ტურისტულ უბანში. ეს იქნებოდა ჩემი სკოლა,  პატარა ტურისტული ობიექტი,  სადაც, მნახველი შემოვიდოდა და დაათვალიერებდა.

 

ქალბატონო ნანა, თქვენი საქმიანობა ეს არის საქმიანობა ბიზნესისთვის, თუ სიამოვნებისთვის?

 

ეს არის საქმიანობა სიამოვნებისთვის. ბიზნესისთვის  არის ის სასწავლო ჯგუფები, რომლებიც,  სულ სამი თვეა, რაც  ჩამოვაყალიბე. თოჯინების კეთება საკუთარი სულისთვის სიამოვნებაა. არც ერთი არ გამიკეთებია გასაყიდად. უმეტესობა, რაც აქ არის, არ იყიდება. მხოლოდ რამდენიმეა, რომელსაც, გასაყიდად გავიმეტებდი.

 

რა სიხშირით იმართებათქვენი გამოფენები და  უახლოეს მომავალში თუ გეგმავთ მის მოწყობას?

 

თბილისში ხშირად ვმართავ გამოფენას. ზუსტად დღეს მომოვიდა მოწვევა პრაღიდან და არ ვიცი შევძლებ თუ არა წასვლას. ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. თოჯინების წაღება კიდევ ცალკე თემაა, რადგან საშიშია, რომ არ დაზინდეს. კიევიდან მქონდა მოწვწვა და არ წავედი. პრაღაში წასვლა ძალიან მინდა. ვფიქრობ, კულტურის სამინისტროს ვთხოვო დაფინანსება. ერთხელ უკვე დამიფინანსეს  გერმანიაში წასვლა და კიდევ ერთხელ, თქვენი საშუალებით, მადლობას ვუხდი მათ ამისათვის. მერე ჩემი ფინანსებით ვიყავი პრაღაში და  აზერბაიჯანში. ასეთი მიწვევები ხშირად მაქვს, მაგრამ ფინანსებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვერ ვახერხებ მონაწილეობას.

 

 

 


დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, საინტერესო საუბრისათვის. ,,ჯორნიან თაიმსის“ სახელით, საკუთარ სახელოსნოს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას გისურვებთ!

 

 

/ნათია ღამბაშიძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge