Powered by Jasper Roberts - Blog

11:53 25.01.2017
ლევან იზორიას შვედეთის ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში უმასპინძლეს

საქართველო და შვედეთი - თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში არასტაბილურ მსოფლიოში - ამ სახელწოდებით გაიმართა სტოკჰოლმის ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში დისკუსია, რომელშიც საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და პიტერ ჰულტქვისტი მონაწილეობდნენ.

 

ანალიტიკურ ცენტრშისაზოგადოება და თავდაცვაგამართულ შეხვედრას 120-მდე ექსპერტი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. შეკითხვების მთავარი ადრესატი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. თუმცა, თავის მხრივ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა დამსწრე საზოგადოების წინაშე საჯაროდ განაცხადა, რომ შვედეთის სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მათთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გაუმართლებელი და მიუღებელია.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და შვედეთის მთავრობისთვის გამოვხატო თქვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო და პირდაპირი მხარდაჭერა იმ აგრესიის წინააღმდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში განახორციელა. კონფლიქტი რუსეთთან 2008 წელს იყო, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია დღესაც გრძელდება. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ქვეყნები იმ რეგიონში მდებარეობს, სადაც რთული უსაფრთხოების გარემოა. ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონები რუსეთისგან საფრთხესა და აგრესიას განიცდიან. დღეს ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ სამხედრო საინჟინრო ქვედანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ქართულმა მხარემ შვედ სამხედროებს საქართველოში სამთო წვრთნების გავლა შესთავაზა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევის გარეშე. სწორედ ეს არის ევროპული უსაფრთხოების წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედი“, - განაცხადა პიტერ ჰულტქვისტმა და ქართველ კოლეგას ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღმავების პირობა მისცა.

 

საჯარო გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე შვედეთის აქტიური ჩართულობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის პროცესში


ლევან იზორიას სიტყვა ძირითადად უსაფრთხოების გარემოს, ამ კუთხით არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე საუბარს დაეთმო. მინისტრმა რეგიონში ნატოს უფრო აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „2008 წლის რუსეთის ინტერვენციასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ყირიმის ანექსია მოყვა და აღმოსავლეთ ევროპის დესტაბილიზაციამ შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო გაართულა. უსაფრთხოების გარემოს გაძლიერების კონტექსტში, გვჯერა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნატო უფრო აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონში. ნატოს სტრატეგია ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში გაძლიერებაა, რაც ვარშავის სამიტის კომუნიკეშიც აისახა.

 

ლევან იზორიამ დამსწრე საზოგადოებას შავი ზღვის აუზში ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაუზიარა: „აღნიშნული გეგმის საბოლოო ვარიანტის შემუშავება 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს. რეგულარული კონსულტაციებისა და სტრატეგიული დისკუსიების პარალელურად, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად, გვსურს უფრო აქტიურად ჩავერთოთ შავი ზღვის რეგიონში სტაბილური გარემოს მისაღწევად. იმისათვის, რათა შევეწინააღმდეგოთ მზარდ არასტაბილურ უსაფრთხოების გარემოს შავი ზღვის რეგიონსა და მის ირგვლივ, გვსურს უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ინიცირებულ სტაბილურობის პროექტებში და გავზარდოთ ჩვენი კონტრიბუცია ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

 

თავდაცვის მინისტრმა ექსპერტებსა და ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის სექტორის რეფორმირების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ პროცესი ნატოს ვარშავის სამიტზე შემუშავებული შეკავების სტრატეგიიდან გამომდინარე დაიწყო.

 

 

გამოსვლის ბოლოს ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გამოწვევებთან გასამკლავებლად სასურველია საქართველომ და შვედეთმა ერთმანეთში აქტიურად გაცვალონ ინფორმაცია და შეიმუშავონ ერთიანი მიდგომები, აღნიშნული ძალისხმევის განხორციელება შესაძლებელია ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის პროგრამის ფარგლებში. „ძლიერ ორმხრივ აქტივებს და სტაბილურ პარტნიორობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს საერთო გამოწვევების დაძლევაში. სურვილი მაქვს უფრო მეტად გავაღრმავოთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ გამოცდილება ეფექტური ტერიტორიული თავდაცვის სისტემის შექმნის პროცესში, რომელიც დაფუძნებული იქნება ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე“.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge