Powered by Jasper Roberts - Blog

01:38 19.01.2017
ძველი ქართველები ამბობდნენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც კი არ იხრწნებაო

შვიდი მთავარი საიდუმლოს გარდა არსებობს მცირე საიდუმლოებანიც, თუმცა კი ღვთის მადლით არანაკლებ ძალმოსილნი. ამგვარი გახლავთ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა, რომელიც დედა ეკლესიამ ნათლისღების მწუხრზე დააწესა. ამ დროს უბრალო წყალი მღვდლის ლოცვის მეოხებით განიწმინდება და სასწაულებრივ ძალას იძენს. მისდამი ქრისტიანებს განსაკუთრებული სასოება აქვთ. ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, დიდი აიაზმის წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ. ამ დღეს ნაკურთხი წყლისადმი დიდი რწმენა ჰქონდათ ძველ ქართველებსაც. ამბობდნენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც კი არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულისა თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას. ზოგიერთ სოფელში ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს კი ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ მოასხურებს - ამგვარად თითქოს თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge