Powered by Jasper Roberts - Blog

20:34 18.01.2017
გაიცანით ქართველი მხატვარი - ბესიკ დუღაშვილი, რომელიც მსოფლიო კარიკატურისტთა ათეულშია

კარიკატურა ვიზუალურად დამახინჯებული ერთი პატარა ნახატია, რომელზეც რამდენიმე სიტყვით საკმაოდ დიდი ამბავია გადმოცემული.

საქართველოში ძალიან ცოტა, მაგრამ მსოფლიო დონეზე აღიარებული კარიკატურისტები გვყავს.

ერთ-ერთი ასეთი მხატვარ-დიზაინერი ბესიკ დუღაშვილია, რომელიც მსოფლიო კარიკატურისთა ათეულშია შესული. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ქიზიყელი მხატვარი, გარდა იმისა, რომ ხატავს, ამავდროულად, დიზაინერი, სიმღერის ტექსტების ავტორი და მოქანდაკეა. არასათანადო სამუშაო პირობების მიუხედავად, იგი ყოველთვის ახერხებს მსოფლიოს საუკეთესო კარიკატურისტთა სიაში იყოს.

მხატვარს, რომელიც, მისივე თქმით, ფანქრით ხელში მოინათლა, „ჯორჯიან თაიმსი“ ცხოვრების გზასა და პროფესიაზე ესაუბრა.

 


- მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ არის ბესიკ დუღაშვილი?

 

ბესიკ დუღაშვილი არის ქიზიყელი წინაპრების თბილისელი შთამომავალი, რომელსაც წარსულთან ის აკავშირებს, რომ ძალიან უყვარს თავისი კუთხე, თბილისი და განსაკუთრებულად-საქართველო.  ძალიან უბრალო ვარ, მარტივად ვუშინაურდები ადამიანს და სხვისგანაც ამავეს ვითხოვ.

 

- რა ასაკში დაიწყეთ ხატვა?

 

- ეს არავინ იცის...  სამი თვის ვიყავი, რომ მოვინათლე. იმ დღეს ფანქარი ვერ გამაგდებინეს ხელიდან, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ის ჩემთან-არავინ იცის. ერთი სურათიც მაქვს, სადაც ჩანს, რომ აკვანზე საშლელი მქონდა ჩამოკიდებული. ამ ამბავს ძალიან დიდი  ისტორია აქვს. საქმე ის არის, რომ 1967 წლის 2 აგვისტოს ბიძა მომიკლეს და 4 ნოემბერს დავიბადე მე. ბაბუაჩემს ეს რომ გადაეტანა, ძირითადად მასთან ვიზრდებოდი. ალბათ, გასართობი ვერაფერი მომიძებნა და საშლელი ჩამომიკიდა აკვანზე, რომ მეთამაშა. სამი თვის ასაკში, როდესაც მომნათლეს, თურმე ხელში ფანქარი მეჭირა და წარმოიდგინეთ, რამდენჯერაც გამორთმევა დააპირეს, იმდენჯერ ავტირდი; ამიტომ, მღვდელმა  ფანქრით ხელში მომნათლა.

მახსოვს, როდესაც ვიძინებდი ბალიშის ქვეშ აუცილებლად უნდა მქონოდა ფანქარი და ფურცელი, რომ როცა მომინდებოდა, მაშინვე დამეხატა. ცეკვაზეც კი ფანქარი და ფურცლები დამქონდა.

სამი წლის ასაკში თოვლის ბაბუა დავხატე, რომელიც, პირველ გამოფენაზე, 1991 წელს გამოვიტანე და ამ გადმოსახედიდან, ის სამი წლის კი  არა,  7-8 წლის ბავშვის ნახატს უფრო ჰგავდა.

 

- როდის დაიწყეთ კარიკატურების ხატვა?

 

თავიდან, კარიკატურა ჩემთვის გართობა იყო. სკოლაში, მასწავლებელი ორიანს რომ დამიწერდა, ვაშარჟებდი და ამაზე  ბავშვები ვიცინოდით. მერე კლასელებს ვხატავდი, შემდეგ - ჯგუფელებს. 2006 წელს „ალიაში“ დაიწყე მუშაობა. მაშინ ანეკდოტებს ვაშარჟებდი. ერთხელ თანამშრომელი დავხატე. ეს რომ იქ ნახეს, ახალი რუბრიკის გაკეთება გადაწყვიტეს, სადაც,  ფორუმიდან აქტუალურ თემაზე უნდა შემექმნა შარჟები. ასე გახდა ის ჩემი პროფესია. დღეს შენი ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება არავის არ სჭირდება. ამჟამად თავს ძირითადად კარიკატურების შექმნით ვირჩენ.

 

რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგი ნამუშევარი გამოგივიდეთ?

 

ახლა მოდაშია აკადემიური შარჟი, იმიტომ, რომ ვიზუალურად კარგად აღიქმება. საერთოდ, კარიკატურა რაც უფრო მარტივად და ზუსტად არის გაკეთებული, მით უკეთესია. აი, გიგლა ფირცხალავამ ავტოშარჟი ექვს ხაზში დახატა. უნიკალური რაღაც გამოვიდა. ახლა რაც უფრო თანამედროვედ არის შესრულებული, მით უფრო უყვართ. მსოფლიოშიც კი, შარჟებს უკვე ზეთის საღებავებით ხატავენ.

 

 თქვენი შთაგონების წყარორა არის?

 

- ბავშვობიდან, ჩავიბეჭდე თავში, რომ შთაგონების წყარო არ უნდა მქონდეს. ჯარში ლენინის პორტრეტის დახატვა დამავალეს და  რომ მეკითხებოდნენ რატომ არ ხატავო,  ვპასუხობდი, - მუზას ველოდები-მეთქი.

 

აკაკი გელოვანის წიგნში „მარად ცოცხალი ხელოვნება“, არის ასეთი ინფორმაცია, რომ ლეონარდო დავინჩი ავტომატურად ხატავდა  ანუ მუზას არ ელოდებოდა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ უნდა ვხატო არა იმიტომ, რომ მუზა მომივიდა, არამედ იმიტომ, რომ გასაკეთებელია. მეეზოვეს სჭირდება მუზა? იგივეა ესეც.

 

- რისი ხატვა მოგწონთ ყველაზე მეტად?

 

- საერთოდ მიყვარს ხატვა. მე რომ  სახელოსნო მქონდეს, პრაქტიკულად არ გავჩერდებოდი. ამის გამო ბევრ ისეთ რაღაცას ვერ  ვაკეთებ,  რაც გონებაში მიტრიალებს. სახლში კი სამუშაო პირობები არ მაქვს.

 

-  არის ისეთი რამ, რასაც კონკრეტული მიზეზის გამო ვერ დახატავთ?

 

 

- შარჟებზე მოუთხოვიათ ძალიან ხშირად, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინა სხვისთვის. მაგალითად, ძალიან ანტიპათიით ვარ განწყობილი მიშა სააკაშვილის მიმართ, მაგრამ შეურაცხმყოფელს მის შარჟსაც კი არ დავხატავ. ისე უნდა დახატო, რომ მასაც გაეცინოს.

 

- თქვენ საყვარელი გამონათქვამია: „მუშტი სახემ მიიზიდაო“, როგორი სახეები იზიდავს ხოლმე თქვენს მუშტს ყველაზე მეტად?

 

 

- არიან ადამიანები, რომლისგანაც გემრიელი კარიკატურა გამოდის. ნუ მიწყენს ტრისტან სარალიძე, მაგრამ არაჩვეულებრივი საშარჟე მასალაა, თუმცა ტრისტანი არ მყავს დახატული.

 

- ყველა ადამიანს არ იცნობთ, ვის კარიკატურებსაც ხატავთ, როგორ ხვდებით მათი ხასიათს?

 

 

- მე მთელი ცხოვრება იმას ვცდილობ, რომ დავიხვეწო. მაქსიმალურად უნდა მიიღო ის, რასაც  ცხოვრება გაძლევს. სასწავლბელში, ფსიქოლოგიის სწავლისას, ადამიანის ნაკვთებიდან ხასიათის დანახვაც ვისწავლე.

 

 

- თქვენი შეფასებით, რამდენად დაფასებულია მხატვრობა საქართველოში?

 

 

- ხელოვნება არის დაფასებული საერთოდ? სულ ვამბობ ხოლმე, ჯანდაბას, ჩემი თავი. მე მხატვარი ვარ, ფურცელს ავიღებ და რაღაცას დავხატავ. დავუშვათ, ვასაძის არ იყოს, მსახიობი ქუჩაში გამოვა, ხალიჩას გაფენს და იქ ითამაშებს, მოცეკვავე იცეკვებს. მოქანდაკემ რა ქნას?

 

 

იყო იდეა ჩამოყალიბებულიყო კავკასიელ კარიკატურისტთა კავშირი, ხომ არ განხორციელებულა ეს?

 

 

- იდეა დარჩა იდეად, იმიტომ, რომ მხარი არავინ დამიჭირა. მოთხოვნა აზერბაიჯანიდან იყო წამოსული. მათ თქვეს, ჩვენ სომხები მხარს არ დაგვიჭერენ და ამიტომ თავად დაელაპარაკეთ, თუ თქვენ ვინმესთან გაქვთ კონფლიქტი, ვეცდებით იმასთან ჩვენ მოვაგვაროთო. რამდენჯერმე შევიკრიბეთ, მაგრამ  წინ ვერ წავიდა საქმე.

 

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ ამ სფეროში თავი დაიმკვიდროს?

 

- უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩემს მოსწავლეებს ვეუბნებოდი, ფანქრის გათლა და აკადემიური ხატვა უნდა იცოდნენ. შენ თუ აკადემიური ხატვა არ იცი, არ იცი ხელი რამხელა უნდა დახატო. როდესაც კარგად ხატავ, მერე შარჟსაც დახატავ და ქანდაკებასაც გააკეთებ. მე ნებისმიერ ადამიანს მაქსიმუმ ერთ წელიწადში ვასწავლი ხატვას, როგორი უნიჭოც არ უნდა იყოს, მაგრამ, ის მხატვარი მაინც ვერ იქნება. მე მქონია შემთხვევა, ნიჭი არ ჰქონდა ხატვის, მაგრამ ტექნიკურად ისე სწორად ხატავდა, ნაკლს ვერ მოუძენიდი.

 

- რომ შეგეძლოთ, რას გააკეთებდით საკუთარი პროფესიის განვითარებისთვის?

 

 

კულტურის სამინისტრომ და ქალაქის მერიამ უნდა გამოაცხადოს ტენდერები -სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. მაქვს იდეა, რომლის განხორციელებაც, 44 000 ლარი ჯდება.ძალიან მინდა, გავაკეთო კარიკატურის ფესტივალი, სადაც მსოფლიოს ხუთ უძლიერეს კარიკატურისტს ჩამოვიყვან, რომლებიც, ამ ნახატებს შეაფასებენ. მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა კარიკატურისტები მიიღებენ. ხელოვნების სხვადასხვა დარგში წამახალისებელი ტურები ხშირად უნდა გავაკეთოთ.

 

-  ამერიკულ საიტ „ვიტიგრაფზე“ პერიოდულად მონაწილეობას ღებულობთ. ბოლოს როდის გამოაქვეყნეთ თქვენი ნამუშევარი და რომელ ადგილზე ხართ ლიდერებში?

 

 

- შარშან მივიღე მონაწილეობა და ახლა  მე-7 ადგილზე ვარ. მომბეზრდა უკვე. წარმოიდგინეთ iPhone 7-ს რომ ვეჯიბრებოდე ფანრიანი Nokia-ით, ასეთ პირობებში ვეჯიბრები უცხოელ კარიკატურისტებს. ახლაც იმავე პლანშეტით ვხატავ, რომლიც, 2006 წელს ვიყიდე.

 

- მოგვიყევით თქვენ მიერ ამ საიტისთვის დახატული პერსონაჟების შესახებ.

 

 

ათეულში რომ შევედი, მივწერე ამ საიტის რედაქტორს: თვქვენ არასწორად იქცევით, მსოფლიოში არ არის მარტო ჰოლივუდი, NBA და ბრაზილიის ნაკრები. აქ მონაწილეობას იღებს პოლონელი მხატვარი და წარმოიდგინეთ, რა დონეზე ესიამოვნება სტანისლავ ნიკოლსკის კარიკატურა რომ იყოს ან იაპონელმა ნახოს აკირა კუროსავას შარჟი. კატეგორიულად მოვითხოვე ქართველის ჩასმა და სამი პიროვნება დავუსახელე: რამაზ ჩხიკვაძე, მურმან ჯინორია და სერგო ზაქარიაძე. აქცენტი მქონდა სერგო ზაქარიაძეზე, ვიცოდი, რომ ერთადერთი ეს კარიკატურა იყო, ვინც შეიძლებოდა ჩაესვათ. გადავუგზავნე სცენა ,,ჯარისკაცის მამიდან“ და მომივიდა წერილი, - მე არ ვიცი რაზე ლაპარაკობს, მაგრამ მოქმედებამ ისე შემძრა, რომ მივხვდი დიდი მსახიობიაო და საბოლოოდ, ჩემი იდეა დაუშვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი მე ავიღე, მეორე KEMO-მ, მესამე კი-ინგლისელმა. საიტზე რომ იდება შარჟი, შენ ძალაუნებურად ცდილობ, გაიგო ვინ არის ის. ამ კარიკატურისტებმაც გაიცნეს საქართველო და ეს მსახიობი.

შემდეგი იყო კახი კავსაძე, პირდაპირ კარიკატურისტებს ვთხოვე და 26-მა დახატა, აქედან შვიდი იყო მსოფლიო დონის კარიკატურისტი. გადმომიგზავნეს ნამუშევრები და მოვაწყვე გამოფენა გალერეაში. ამ გელერეის  ვალი დღესაც  მაქვს...

 

- თქვენს რომელ კარიკატურას მოჰყვა ყველაზე დიდი გამოხმაურება?

 

- ყველაზე პოპულარული არის სამი შარჟი. ერთმანეთს  რეიტინგში ეჯიბრებიან სააკაშვილი - ველოსიპედით და სერგო ზაქარიაძის შარჟი. მესამეა - ბიძინა რომ ღრუბლებში ზის და თოკს უჭრის სააკაშვილს.

 


 

 


 

- როდის შეიძლება ვიხილოთ თქვენი კარიკატურების გამოფენა?

 

- ამ ყველაფერს ფინანსები უნდა, რაც სამწუხაროდ, არ გამაჩნია და არც  ისეთი ნაცნობი მყვას,  რომ ეს გამაკეთებინოს... აქედან გამომდინარე, ვერც ჩემს სამომავლო გეგმებზე გეტყვით ვერაფერს.

 

- დიდი მადლობა, ბატონო ბესიკ, საინტერესო და გულახდილი საუბრისათვის. ,,ჯორჯიან თაიმსის“ სახელით, წარმატებებს გისურვებთ!

 

 /თინათინ დვალი/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge