Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:50 18.01.2017
"ძალიან ვგავართ ერთმანეთს" - რას საქმიანობს რეალურ ცხოვრებაში "ჩემი ცოლის დაქალების" დოჩი ალიშბაია

"აქამდე არ მიცხოვრია! ბედნიერიც თურმე არასოდეს ვყოფილვარ... მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი განვიცადე! სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი... მთელი სული, გული და მონდომება ჩავდე, ყველა შიში დავძლიე და თუ გამომივიდა, ე.ი. გავუმართლე იმედი ჩემს აღმომჩენს და მიზანიც ეგ იყო! მიყვარხართ და გასკდა გული ამდენი ემოციისგან!", - ეს არის ნანუკა გულუას ფეისბუქსტატუსის ნაწყვეტი. ამ ადამიანის სახელი და გვარი ალბათ ფართო მაყურებელს არაფერს ეუბნება, თუმცა საკმარისია ვახსენოთ დოჩი ალიშბაია, ახალი პერსონაჟი პოპულარული სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" და ყველას სახეზე ღიმილი მოეფინება. ამ პროექტისთვის ახალი სახეა, სულ ერთხელ გამოჩნდა, თუმცა ისეთი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი როლი ითამაშა, რომ მაყურებლის ინტერესი მაშინვე გამოიწვია.


და აი, ისიც, ნანუკა გულუა, AMBEBI.GE-ს მან პირველი და ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.


წარმოშობით ზუგდიდიდანაა, 16 წელია თბილისში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა ჟურნალისტად არასდროს უმუშავია. "სწავლა რომ დავასრულე, "უნივერსამი" იყო ასეთი სუპერმარკეტების ქსელი და სამსახური იქ კადრების განყოფილებაში დავიწყე. ამ სფეროში კარგა ხანს ვიმუშავე. ერთი წლის წინ კი, ჩემი მინიბიზნესი წამოვიწყე - სამკერვალო ატელიე გავხსენი. დიზაინის არჩევაში ვეხმარები კლიენტებს და პრინციპში მეგონა, რომ თავი ამ საქმეში ვიპოვე, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში საოცარი რამ მოხდა," - გვითხრა ნანუკამ. 


- სრულიად სხვა სფეროდან პო
ულარული სერიალის გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდით. როგორ? 
- მართლა არ ვიცი, რა მოხდა... მიუხედავად იმისა, რომ მიზანდასახულს მეძახიან, არ ვარ რისკიანი და არც თავდაჯერებული, ამასთან, ასეთი მიზანიც არ დამისახავს, რადგანაც არ მეგონა, თუ ამას შევძლებდი... მოკლედ, მე და ქეთი დევდარიანს (სერიალის სცენარისტი. - ავტ.), საერთო მეგობარი, თინათინ გაგუა გვყავს, რომლის დაბადების დღეზეც ერთხელ ორივე ერთად მოვხვდით. ჩემს წრეში ყველამ იცის, როგორ მიყვარს იუმორი, პაროდიები და მსახიობობა, მყავს ჩემი გამოგონილი პერსონაჟები, იმ ნომრებში, რომლებსაც მეგობრებს წარმოვუდგენ ხოლმე, ხან ზუგდიდელი ქალი ვარ, ხან ჩემი მეზობელი, ნათესავი... ქეთიმ სწორედ იქ მნახა და ალბათ გარკვეული შთაბეჭდილებაც შეექმნა ჩემზე, თავისი ხედვა ჩამოუყალიბდა. მიხვდა, რომ რაღაც შემიძლია და ალბათ ისიც იფიქრა, რომ ასე სუფრებსა და სამზარეულოებში არ უნდა დავიკარგო... მოკლედ, იმის მერე ვმეგობრობდით, ვკონტაქტობდით... 

ბოლოს კი, როცა უკვე სერილაში მეგრულმა ამბებმა წინ წამოიწია, მეც გავახსენდი და დამითანხმა, რომ ქასთინგზე მივსულიყავი. ამ შემოთავაზებით ცოტა კი შევშინდი, მაგრამ იმის გამო, რომ ქეთის პროფესიონალად მივიჩნევ და ადამიანად, რომელსაც ვენდობი, მოკლედ, დამითანხმა...

- უნიჭიერესი ადამიანი რომ არის, ამაზე მისი ნამუშევარი მეტყველებს... 
- ნამდვილად. მოკლედ, ეს შემოთავაზება ჩემთვის დიდი პატივი იყო, - რაკი ადამიანს ვეიმედები, უარი ვერ ვთქვი, თუმცა ვუთხარი, რომ ძალიან მეშინოდა და ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი, მაგრამ როგორც ჩანს, ის უფრო ხედავდა, რომ გამომივიდოდა და ის, რაც უკვე დღეს ჩემს თავს ხდება, რასაც რეალურად ვერც ვაკონტროლებ, - ქეთის დამსახურებაა.

- მგონი, ის შემთხვევაა, როცა, მართლაც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით...
- კი ასეა და არა ის, რომ მიზნად მქონდა დასახული ამის მიღწევა... 

- გიოცნებიათ მსახიობობაზე?
- ყოველთვის, ყოველდღე, ყოველწუთს, - მას მერე, რაც დავიბადე. მუდამ, რაც უნდა მეკეთებინა, პროფესიულად, თანამდებობრივად, არაფერი მაკმაყოფილებდა, ვგრძნობდი, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, ჩემი არ იყო. 

- რატომ არ გახდით მსახიობი?
- სანამ ზუგდიდში სკოლას დავამთავრებდი, გავიცანი ასეთი ქალბატონი, მადონა ცომაია, რომელიც მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა. ჩემი ზუგდიდელი მეზობელი თბილისში მასთან მდგმურად ცხოვრობდა, ერთხელაც, ამ ადამიანთან სტუმრად რომ მოვხვდი, ჩემით მოიხიბლა, მერე ხელი მომკიდა და სადღაც კარგ საზოგადოებაში წამიყვანა, იქ ჩემი პაროდიები წარმოვადგინე... 

ვინც მომისმინა, მითხრა, - სკოლას რომ დაამთავრებ და თბილისში ჩამოხვალ, ჩათვალე, რომ ნახევარი საქმე გაკეთებული გაქვს. თეატრალურ უნივერსიტეტში აუცილებლად უნდა ჩააბაროო. მეც მაგ მიზნით ვცხოვრობდი, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მამამ არ მომიწონა, ამაში ხელს ვერ შეგიწყობ და იქნებ ამაზე დაფიქრდეო. ვინაიდან მისი სიტყვა ჩემთვის ფასეულია, ეს თხოვნა გავითვალისწინე. არადა, თანამედროვე კაცია, მაგრამ ჩემი მსახიობობა მაინც არ უნდოდა, თუმცა ახლა რომ გაიგო და "ჩემი ცოლის დაქალებში" მნახა, დიდი პრეტენზიით დამირეკა და მითხრა, - კარგია, თუ კიდევ გამოჩნდები მაგ სერიალში და ერთი სერიით არ შემოიფარგლებიო... 

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით? 

- დასაოჯახებელი ვარ, თუ უკვე დაუოჯახებელი მქვია, არც ვიცი (იცინის)...

- თქვენი პერსონაჟი მოგწონთ?
- რასაც მივხვდი, ქეთიმ დოჩის სახით ისეთი ქალი გამოიგონა, რომელიც მეგრულ რეალობაში არსებობს და თან, არაერთი. ქალი, რომელიც არის წარმატებული, მდიდარი, რომელსაც თავის სანათესაოში ყველაფრის მოგვარება შეუძლია. ყველაფერზე მიდის, ოღონდაც, გასაჭირში მყოფი ოჯახის წევრი, ახლობელი დაიცვას და გადაარჩინოს, დაიფაროს, - დიახ, ასეთი ქალია დოჩი. ძალიან გავლენიანი და ძლიერია, საქმეების მომგვარებელი და შემდგარი... 

- ცხოვრებაში ჰგავხართ ამ პერსონაჟს?
- წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ალბათ ამიტომ არ გამიჭირდა ამ როლის თამაში. მეც აქტიურად ვმონაწილეობ ჩემი ახლობლების ცხოვრებაში, ყოველთვის ვაგვარებ მათ პრობლემებს, სულ ვისმენ მათგან ამბებს, ასეთი ვარ. ამის გამო, ვერ ვიტყვი, რომ დოჩისგან დიდად განვსხვავდები, უბრალოდ, ცხოვრების სტილი და მეთოდები გვაქვს სხვადასხვა. თან, დოჩი უფრო თამამი და ხისტია, მე უფრო ლოიალური. 

- მსახიობებთან პარტნიორობა არ გაგიჭირდათ? პირველი სცენა ზურაბ ანთელავასთან გქოდათ, კვაზი მანტკავას როლის შემსრულებელთან...
- გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, როცა გავიგე, რომ როლზე ვიყავი დამტკიცებული და მსახიობებთან ერთად უნდა მეთამაშა, გადაღების წინ, ორი ღამე მართლა არ მძინებია. ძალიან ვნერვიულობდი, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა შევსულიყავი კონტაქტში მათთან, ერთად უნდა წაგვეკითხა სცენარი თუ ცალ-ცალკე, გადაღებაზე რომ მივიდოდი, მაშინვე დაიწყებოდა გადაღება, თუ რეპეტიცია გვექნებოდა. მოკლედ, არაფერი ვიცოდი... პირველი სცენა ბატონ ზურაბთან მქონდა. ისე თბილად შემხვდა, - ჩემი დისშვილი, ჩემი მაკვარანცხი და აბა, ახლა შენ თუ მიშველიო, - სცენარი ხელში ეჭირა და იქიდან მელაპარაკებოდა, მეც მაშინვე ჩავერთე, სადარბაზოდანვე ვუპასუხე და ის ნერვიულობა და დაძაბულობა მთლიანად მომეხსნა. 


თვითონ რეჟისორი გიორგი ლიფონავაც საოცრად კარგი ადამიანია. არადა, რეჟისორზე მანამდე მცდარი წარმოდგენა მქონდა, მეგონა, სადღაც დიდი კამერის უკან იდგა და თუ ვინმე მიცემულ დავალებას ისე ვერ ასრულებდა, როგორც საჭირო იყო, მკაცრად საყვედურობდა. მოკლედ, ეს წარმოდგენები გიორგიმ დამიმსხვრია. საერთოდ, თბილი გარემო დამხვდა: აბა, დოჩი მოვიდა, აბა, სცენარი გავიაროთ, ყველა იცინოდა და პოზიტიურად იყვნენ განწყობილები. ხომ ვამბობ, სტრესი მომეხსნა. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ეს დღეებია, სიმართლე რომ ვთქვა, სიხარულისგან, არც კი ვიცი, რას ვაკეთებ... 

მერე სცენა ნინო გაჩეჩილაძესთან მქონდა და ისიც შესანიშნავად შემხვდა, - მეკითხებოდა, რომელ თეატრში მუშაობო? მას ისეთი ემოციები ჰქონდა, როცა გაიგო, რომ მსახიობი არ ვიყავი, - მსახიობი არ ხარ? თან, ასეთ ლამაზ დოჩისაც არ ველოდიო... მერწმუნეთ, ასეთი დახვედრა რომ არ მქონოდა, ალბათ თამაშს ვერ შევძლებდი. ჩემს "ბუძის", კვაზი მანტკავას კი განსაკუთრებული მადლობა... 

- რას იზამს ახლა დოჩი?

- ეს ნანუკა გულუამ არ იცის. ეგ იცის დოჩიმ, რომლის გარეშე ცხოვრება მგონი, მე ამ გადასახედიდან აღარ შემიძლია...
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge