Powered by Jasper Roberts - Blog

00:06 18.01.2017
მეუფე სალხინოში, დადიანების სახლ-მუზეუმში მალავდა ძებნილ ძმებ ახალაიებს, ახლა პატრიარქს უპირისპირდება

უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაპირისპირება ყბადაღებულ თემად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ცდილობენ, ამ თემაზე საუბრისგან შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ, სინოდში განხეთქილება საზოგადოების განხილვის თემაა. ახალი ამბავი არავისთვის არის, რომ არიან მეუფეები, რომლებიც საჯაროდ უპირისპირდებიან საქართველოს პატრიარქს და მხარს უჭერენ ე.წ. ლიბერალურ ძალებს. ზოგიერთ ეპარქიას ხელმძღვანელობენ ისეთი პირები, რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ფოტოები დღემდე აქვთ გამოფენილი საკურთხეველში. მარტვილის ეპარქიიდან დაგვიკავშირდა ბერი, რომელმაც ჭყონდიდის მონასტერში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, მაგრამ ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა და გვთხოვა, ამ პრობლემებზე სასაუბროდ სოფელ სალხინოს საკრებულოს წევრ გია ჯეჯელავას შევხმიანებოდით.

-ბატონო გია, რა ხდება მარტვილის ეპარქიაში? რატომ გაურბის მრევლი მეუფე პეტრეს?

- XI საუკუნის უდიდესი მონასტერი სრულიად გადაკეთებულია, მიწა - ჩამოჭრილი. ეზოში აშენდა შენობა, რომლის დანიშნულებაც ჩვენთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მრევლისთვის, უცნობია.მარტვილი მეუფე პეტრეს შპს-დ იქცა - შეუვალია, დახურული და მისი ნებართვის გარეშე თითსაც ვერავინ გაანძრევს. ჭყონდიდის მონასტერში წვერიანი ბიზნესმენები გაჩნდნენ, იქ მრევლისა და მორწმუნე ხალხის ადგილი აღარ დარჩა.წვერიანთა ხელშია მიწები, ქვიშის კარიერები, ხეტყე...

- მარტვილს თვითმმართველობა ხომ ჰყავს? ადმინისტრაცია არ მუშაობს?

- მარტვილსა და აბაშას ადმინისტრაცია არ ჰყავს, მეუფე პეტრე ამ ორ რაიონს სრულად აკონტროლებს. მის ხელშია ტრაქტორები, მიწების დახვნა, მისია ოჯალეშის ჯიშის ვენახები. სააკაშვილმა გადასცა ერთ ლარად კოლმეურნეობა, სადაც ახლა სასტუმროებია. მეუფეს ეკუთვნის ყველა შენობა-ნაგებობა, რომლებიც კი ამ ორ რაიონში არსებობს.ჭყონდიდის ეპარქიიდან 17 ბერი გაიქცა. ყველა, ვინც მეუფე პეტრეს არ ემორჩილება, განწირულია. ერთ-ერთი ბერი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ მან წვერი გაიპარსა, ცოლი შეირთო და ეკლესიას ახლოსაც აღარ ეკარება. ენით გამოუთქმელი საშინელებები ხდება. მთელი ჩემი ოჯახი მორწმუნე იყო, ან როგორ შეიძლება გიორგი ჭყონდიდელის მშობლიურ კუთხეში ცხოვრობდე და მორწმუნე არ იყო, მაგრამ დღეს მარტვილის ეკლესიისკენ აღარც კი ვიხედებით. გარდა ამისა, მეუფე პეტრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უპირისპირდება და ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში გაჩუმება ღალატის ტოლფასია.

- ადგილობრივები ამბობენ, რომ მეუფე პეტრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ უდიდეს სიმპათიას იჩენს და წინასაარჩევნოდ მრევლს ნაციონალების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა...

-  დიახ, ეს ცნობილი ფაქტია. მეუფე პეტრე სააკაშვილის მხარდამჭერია. წინასაარჩევნოდ დავუპირისპირდით - პირდაპირ განვუცხადეთ, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის და ჯობია, მრევლს მიხედოს. ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარს სააკაშვილის ფოტო საკურთხეველში ეკიდა. უფრო მეტიც, სალხინოში, დადიანების სახლ-მუზეუმში მალავდა ძებნილ ძმებ ახალაიებს.მეუფე პეტრემ ჭყონისა და ტეხურის დამაკავშირებელი 60-ტონიანი ხიდი დაჭრა და ჯართად გაყიდა, შემდეგ კი გამოგვიცხადა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩავაწყე საქმეო. ჩვენი დაპირისპირებაც აქედან დაიწყო. წყლის პირას ისეთი ჩხუბი მოხდა, მეგონა, ძველი ბიჭები იყვნენ. დაჭრა და გაანადგურა სოფლის სასაფლაოს მიწები, მათი სრულად ათვისება უნდა. აშენებს შენობებს, არ ვიცით, რა დანიშნულებით. გვეუბნებიან, მორჩილები გვყავსო, მაგრამ ძალიან საეჭვოა.

-  ვინ მფარველობს ამ კაცს?

- ნაცების მმართველობის პერიოდში ვიცოდით, რომ სააკაშვილი წყალობდა ძალიან, სანდრა რულოვსის კარის მოძღვარია, მაგრამ დღეს ვინ აძლევს ასეთ განუსაზღვრელ ძალაუფლებას, ნამდვილად არ ვიცი.

-  ამჟამად რა ვითარებაა, ანუ მას შემდეგ, რაც მეუფის საქმეები გამოაშკარავებულია, რას ამბობს ადგილობრივი მრევლი?

-  ყველას ეშინია. ხომ გეუბნებით, განუსაზღვრელია მეუფე პეტრეს ძალაუფლება. მას შეუძლია, ნებისმიერი დანაშაული დაგაბრალოს და ისეთი გავლენა აქვს, “ბრალდებაში” ეჭვს სამართალდამცავებიც არ შეიტანენ - როგორი მართალიც უნდა იყო, დანაშაული მაინც შენ დაგბრალდება. ასე იყო ადრე, ასეა დღესაც.მეუფე პეტრეს ყველაფერი თავისი საკუთრება ჰგონია. აბაშის გამგებელი ძალიან წუხს, გამოსავალს ვერ პოულობს. მეუფე პეტრე ერისკაცობაშიც ცუდი კაცი ყოფილა. საშინელებებს ყვება ხალხი, - უდიდეს აფერებში იყო გახლართული და მერე ეკლესიას შეაფარა თავიო. სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები ყველა მეუფემ ჩაიგდო ხელთ. მის გარეშე თანამდებობაზეც ვერავინ დაინიშნება. სანამ კაცს სადმე დანიშნავენ, მეუფესთნ უნდა გაიაროს კონსულტაცია. მეც დამიბარეს, მაგრამ არ მივედი. მოგვიანებით შევიტყვე, ჩემზე უთქვამს, ახალგაზრდა კაცია და ასე რამ გააბოროტაო. დედის საფლავი დამირბია და როგორ არ გავბოროტდები. იბრძვის მეუფე პეტრე ძალაუფლებისთვის, თავი პატრიარქად წარმოუდგენია უკვე. ზომები აუცილებლად გასატარებელია, მაგრამ არ ვიცი, როგორ. ამას წინათ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მასზე სიმართლე დაწერა, მერე შეხვედრია და არაქალი უწოდებია მისთვის.უფლის სახელით გველაპარაკება, ეს კი ხალხს აშინებს.მე კი, ვფიქრობ, სიმართლისათვის უფალი არ დამსჯის და ამიტომ არ მეშინია, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. ძალიან, ძალიან გამწვავებულია ვითარება მარტვილში.

ცნობისთვის: ჭყონდიდის ეპარქია მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს. ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერენ.პირველი ეკლესია წმინდა მოციქულს ეგრისში მუხის ხის (მეგრულად - ”ჭყონი დიდი”) მასალისგან აუგია. გადმოცემით, სახელწოდება “ჭყონდიდი” სწორედ აქედან მომდინარეობს.

 

www.geworld.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge