Powered by Jasper Roberts - Blog

12:26 16.01.2017
როგორ უნდა გახდეთ ბედნიერი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

რა არის ბედნიერება? ამ კითხვაზე ყველას განსხვავებული პასუხი აქვს. ბედნიერებისკენ ისწრაფვის ყველა. მიდგომა ყველას ინდივიდუალური აქვს. როგორ უნდა მოვიპოვოთ ბედნიერება?  გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი  ფსიქოლოგიური კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის დირექტორი, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუაა.

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ  ბედნიერებისკენ მისასვლელი გზა სხვადასხვა სივრციდან შეიძლება იყოს. საკუთარ თავთან ურთიერთობა, შინაგან სამყაროში ჩაღრმავება და იქ არსებული წინააღმდეგობების დაძლევა მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ფსიქოლოგიაში ამის მიღწევის სხვადასხვა გზები არსებობს. „არ აქვს მნიშვნელობა რომელ კულტურას მიეკუთვნებით, როგორია თქვენი სოციალური მდგომარეობაა, საერთო ჯამში უნდა მიხვიდე საკუთარ თავთან, ამას საკუთარი თავის პოვნა ქვია.  რაც უფრო მეტად შორდება ადამიანი საკუთარ თავს, მით უფრო მეტია შიშები, ფობიები, შფოთვები და გაუცხოება. გარეთ არაფერი არ ხდება, ყველაფერი ადამიანის შინაგან ბუნებაშია. ადამიანმა უნდა განიცადოს – „მე ვარ მე“, – ამბობს ფსიქოლოგი.

 

ფსიქოლოგის თქმით, განსაცდელი გაძლევს იმ გამოცდილებას რომ საკუთარი თავი დაინახო.


“ბევრი სირთულე  ვნახე წლების მანძილზე, ერთხელ ჩემს ახლობელს, რომელმაც ყველაზე დიდი ტკივილი მომაყენა ურთიერთობაში, ვუთხარი, რომ მისი მადლობელი ვარ, რადგან როცა მაიძულეს ვყოფილიყავი მარტო, ამ მარტოობამ მაპოვნინა საკუთარ თავში მეგრძნო ძალა, ამ ძალის შეგრძენა არის ბედნიერება. ბედნიერებაა ადამიანმა გაზარდოს საკუთარი თავი“.

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ადამიანები სასურველს და ბედნიერებას აიგივებენ, რაც არასწორია.

 

7 რჩევა ნანა ჩაჩუასგან:

 

რეალობა უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის.

გქონდეთ კეთილგანწყოფილი რეაქციები ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.

მოიხსენით რეალობის მიმართ წინააღმდეგობა, ეს შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.

გამოხატეთ კეთილი სიტყვით თქვენი დამოკიდებულება.

იყავით პოზიტიურად განწყობილი, მაგალითად, თქვით „კარგი იქნებოდა უკეთესად ვიყო“, ნაცვლად „ცუდად ვარ“.

თქვენი კეთილგანწყობა ყველა ქცევაში უნდა გამოიხატოს.

იპოვეთ საკუთარი თავი. ბედნიერებაა ადამიანმა გაზარდოს საკუთარი თავი.

ავტორ(ებ)ი : fortuna.ge