Powered by Jasper Roberts - Blog

7
თბილისი

11:51 12.01.2017
პრეზიდენტის სიძის დაჭრასთან დაკავშირებით ეკა მიშველაძე პირველ კომენტარს აკეთებს

ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს.

 

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია და ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.

 

”რა თქმა უნდა, ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური”, - განაცხადა მიშველაძემ.

 

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური ”რესპუბლიკური საავადმყოფოს” გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება. 

”რესპუბლიკურ საავადმყოფოშია” მოთავსებული გოგოჭურის მეგობარიც, რომელიც ასევე დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული. 

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge