Powered by Jasper Roberts - Blog

17:38 05.01.2017
"ჩემს წიგნში მთავარი ის არის, რომ ჰაიდეგერის ფონზე მე თანამედროვეობის ძალიან სერიოზულ პრობლემებსა და გამოწვევებს ვაანალიზებ" -ირაკლი ბათიაშვილი

ფილოსოფოსმა და პოლიტოლოგმა ირაკლი ბათიაშვილმაჯორჯიან  თაიმსთან ინტერვიუში 2016 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა და საკუთარ წიგნზეც ისაუბრა, რომლის პრეზენტაციაც,  ახლახანს  გაიმართა.


ბათიაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ  ხელისუფლების საქმიაობით არც თუ ისე კმაყოფილია, მას სამომავლოდ წარმატებები უსურვა.


 როგორც ფილოსოფომაჯორჯიან თაიმსსგაუმხილა, მას ახალ წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, თუმცა მისი გამოცემის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.


 

1.  შეაჯამეთ 2016 წელი. რა მიგაჩნიათ მთავარ პოლიტიკურ მოვლენად?

 

ჩემი მხრიდან 2016 წლის შეჯამება ძალიან რთული იქნება. საქართველოსთვის 2016 წლის მოვლენებიდან, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი საპარლამეტო არჩევნები იყო. საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური განვითარების  4 წელი  უნდა განესაზღვრა. მოლოდინები უკეთესი იყო იმ შედეგებთან შედარებით,  რასაც, ჩვენი პოლიტიკურად გაცნობიერებული და შეგნებული საზოგადოება ელოდა. მე მთელი საზოგადოების სახელით ლაპარაკი არ მინდა, ამის უფლება არ მაქვს. მე იმ საზოგოადოების სახელით ვლაპარაკობ, რომელსაც, გარკვეული მოლოდინები ჰქონდა. ამ აზრებს ვხედავდი მასმედიაშიც. ისინი ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკური სპექტრის სურათი კარდინალურად შეიცვლებოდა და უკეთეს პარლამენტს მივიღებდით, ძალთა განლაგების თვალსაზრისით. ყველა ელოდა, რომ ეს უფრო პლურალისტული პარლამენტი იქნებოდა, სადაც, არა მხოლოდ ქართული ოცნება იქნებოდა წარმოდგენილი. მე პირადად, ხმა ქართულ ოცნებას მივეცი, მაგრამ, ყველა ელოდა, რომ მათი და ნაციონალური მოძრაობის გარდა, ასევე, პარალმენტში სხვა პოლიტიკური ძალები იქნებოდნენ... მივიღეთ ის, რომ კონსტიტუციო უმრავლესობით წაროდგენილია ქართული ოცნება, მთავარ ოპოზიციურ ძალას კი ისევ და ისევ ნაც. მოძრაობა წარმოადგენს. თუმცა, როგორც იცით, მათ დიდი პრობლემები აქვთ და დაშლის პირას არიან. მიუხედავად ამისა, ისინი ოპოზიციურ უმრავლესობას წარმოადგენენ და ეს არის მთავარი პრობლემა. მესამე ოპოზიციური ძალა სიმბოლურად სულ რაღაც 5-6 კაცითაა წარმოდგენილი. საბოლოოდ, ისევ და ისევ ღარიბი პარლამენტი მივიღეთ. წინა პარლამენტი კი ბიპოლარული  იყო. მთელი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა გადაღლილი იყო  ამ ძიძგილაობით. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამას ბოლო მოეღებოდა, უფრო ჭრელ, ჯანსაღ სპექტრს მივიღებდით, თუცმა ეს ასე არ მოხდა.

 

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანისთვის დადებითი მოვლენა იყო ის, რომ ნაციონალების რაოდენობა პარლამენტში შემცირდა, მათ ქართულ ოცნებას კონკურენცია ვერ გაუწიეს, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ბევრმა ქართულ ოცნებას ხმა მისცცა, არა იმის გამო, რომ კმაყოფილები იყვნენ ამ პარტიით, არამედ, ნაცმოძრაობის საპირისპიროდ. ეს ძალიან საგანგაშო მოვლენაა, ქალაქებში და სოფლებში მასიურად მკვეთრად უარყოფითად განწყობილი მოსახლეობაა ქართული ოცნების მისამართით. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ამომრჩევლის  50 % მოვიდა თუ არა. ფაქტობრივად, მათ 50 % ვერ გადალახეს. შეიძლება ახლა კმაყოფილები არიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოხვდნენ, თუმცა, ამის  ირგვლივ სერიოზული კითხვა ჩნდება, - იმ მოლოდინებისა და კეთილგანწყობის ფონზე, რაც არსებობდა ქართული ოცნების ელექტორატში, ასეთი მკვეთრი ცვლილება რამ გამოიწვია?! ამომრჩეველმა ისევ და ისევ ნაც. მოძრაობის ჯინაზე მისცა ხმა.


სამწუხაროა, რომ ისევ უარყოფით ტენდენციებზე მიწევს ლაპარაკი. აბა, სირაქლემას პოზიციაში ხომ არ დავდგები? მეორე დასამახსოვრებელი ფაქტი ისაა, რომ ლარის კატასტროფული გაუფასურება დაიწყო. ახლა ბედნიერები ვართ, რომ ის შედარებით დასატაბილურდა. მოსახლეობა 24 საათი ლარისა და დოლარის კურსს უყურებს. ეს ნორმალურია? ხალხი დაზაფრულია. ხელისუფლებას დასაწყისიდან ცუდი ლაქა მოეცხო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, პირადად მე კეთილგანწყობილი ვარ მათ მიმართ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმატებებს ვუსურვებ.

 

2.  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რა აზრის ხართ, როგორია მისი თქვენეული შეფასება?

 

საკონსტიტუციო ცვილებებთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ კომისია შექმნილია, თუმცა რა ცვლილებებს მიიღებენ, ჯერ ვერ გეტყვით რადგან, ეს ბოლომდე დაანონსებული არ არის. როგორც ჩანს, საქმე პრეზიდენტის ინსტიტუტის სტატუსისა და შეცვლისაკენ წავა, რათა, ჩვენი მოწყობის ფორმა თავიდან ბოლომდე გახდეს საპარლამენტო. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტს სერიოზული უფლებები და მოვალეობები გააჩნია, ის ქვეყნის მთავარსარდალია. ამის გარდა, ომის დროს, ის დღევანდელი კონსტიტუციით კიდევ უფრო სერიოზულ უფლება-მოსილებებს იღებს. ასე რომ, ჩვენი ქვეყანა ბოლომდე საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის. თავად ქვეყნისთვის რა ჯობს -  ეს უკვე სხვა თემაა.

 

ჩემი, როგორც ერთი როგორც მოქალაქის  აზრით, მმართველი ძალის მხრიდან არის მცდელობა, რომ ხელისუფლების ყველა შტოზე სრული მონოპოლია დაამყარონ. ვინაიდან, ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პრობლემები აქვს, მაგრამ მას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ის  ხალხის არჩეული არაა. ეს პრეზიდენტმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა შეახსენოს. ხალხმა მას ხმა ივანიშვილის პატივისცემით, ხათრითა და სიყვარულით მისცა.  ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, პირდაპირ დანიშნა მარგველაშვილი პრეზიდენტად. რაც ჩვენი პრეზიდენტი ხელისუფლების მხრიდან  უკონტროლო გახდა, მას ავტონომიური პრეტენზიები გაუჩნდა და ქართულ ოცნებას გაემიჯნა. უფრო მეტიც, მან ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით „კოჭის გაგორებაც“ კი დაიწყო.

 

აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მიზეზებმა გამოიწვია გადაუდებელი სურვილი დღევანდელ ხელისუფლებაში, რომ ეს საკითხი მოაგვარონ. მათ უნდათ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის საკონსტიტუციო ცვლილება მოხდეს. შესაბამისად, პრეზიდენტს ის უფლებები აღარ ექნება, რაც დღეს აქვს. მოვალეობები, ამ შემთხვევაში, თავიდან ბოლომდე მმართველ ძალაზე იქნება დამოკიდებული. მარგველაშვილი დამჯერი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ დადგებოდა.

 

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ეს ძალიან სერიოზული თემაა. საქართველოში იმდენჯერ შეიცვალა კონსტიტუცია, რომ უკვე საგანგებო ვითარება შეიქმნა. ჩვენ პოლიტიკურად ვერ მოვმწიფდით. კონსტიტუცია ხომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტია, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტს წარმოადგენს. ავიღოთ ამერიკის მაგალითი, 1787 წელს ჩამოყალიბებული კონსტიტუცია იქ დღემდე ფუნქციონირებს, სადაც, პერიოდულად შესწორებები შეაქვთ. სულ სხვა მოდელი  იყო შევარდნაძის, გამსახურდიას დროს. როდესაც  მრგვალი მაგიდა მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ არსებითად სხვა კონსტიტუცია იყო, შევარდნაძის პერიოდთან შედარებით. ხოლო, სააკაშვილის მოსვლის დროს, მან თავისი ინტერესებიდან გამომდინარე,  არსებითი ცვლილებები შეიტანა. ახლა ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა. კონსტიტუციისადმი ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. ეს არ არის სასურველი ვითარება.  

 

 

3.  როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს მთავრობა 2017 წლის სამოქმედო გეგმით მთელ რიგ პრობლემებთან გამკლავებას?

 

მე ამ გეგმებს მოვუსმინე. ახლა რეზოლუციაც კი მიიღეს, სადაც, დადასტურებულია ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირები. ჯერ-ჯერობით კადრებთან დაკავშირებით,ძალიან ბევრ ადამიანში უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება, თუ რამდენად კომპეტენტური და კვალიფიციური კადრები გვყავს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

 

მივუბრუნდები ლარის თემას. ეს იყო ტესტი, პირველი გამოცდა, რომელმაც, სამწუხაროდ, მძიმედ ჩაიარა. აგრეთვე, ჩემში, ისევე, როგორც საზოგადოებაში, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან უსამართლოდ გათავისუფლებული კადრების საკითხი.  

 

 4.  რა მიგაჩნიათ 2017 წელს აუცილებლად მოსაგვარებელ უმთავრეს პოლიტიკურ პრობლემად?


ალბათ, ლარის კურსის რყევების  მოგვარება. მე  ეკონომისტი არ გახლავართ და ეკონომიკის სფეროში დიდი კომპეტენციით არ გამოვირჩევი. თუმცა, პოლიტიკაში ჩახედული ადამიანი ამას მიხვდება, რომ  ჩვენი ეკონომიკის ჯერ კიდევ მყიფე მდგომარეობა, საბოლოო ჯამში, ლარის რყევებს განაპირობებს. მოსახლეობისთვის ეს მხოლოდ ინდიკატორია, როდესაც ლარის კურსის დასტაბილურებას აკვირდება, ხოლო, ამ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდომარეობას ჩვენი მოსახლეობა საკუთარ ტყავზე განიცდის. ბევრ საციცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტზე მოიმატა ფასებმა. არც ბიზნესი და ეკონომიკა ჰყვავის, ამით, რეალურად,  სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება.  ხელისუფლება კი ამბობს, რომ ცუდად არ გვაქვს საქმე. ასეთი ლაპარაკი სააკაშვილის დროსაც მახსოვს, - რომ, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო. ასე არ შეიძლება, კრიზისია და ვიღაც მუდმივად ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგად არის.  ეს არ არის, მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილის აზრი, ამაში საზოგადოებაც დამეთანხმება.

 

 

5.  საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის შანსი?

 

ახალი პოლიტიკური ძალა ჩნდება სწორედ იქ, სადაც სუბიექტური და ობიექტური პირობა არსებობს. ობიექტური პირობა არის ის, რომ პოლიტიკური ველი მოსუფთავებულია. სუბიექტური კი - საზოგადოებაში ამის მოთხოვნილების გაჩენა. დღეს აღარ უნდა გაგვიკვირდეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა. წინასწარ ვერ ვიტყვი, საიდან ან როგორ. თუმცა, ფაქტია, რომ ამის ძალიან სერიოზული წინაპირობაა. პოლიტიკურ ველში დიდი ვაკუუმი შეიქმნა. წლევანდელი არჩევნების შედეგად, უამრავი პოლიტიკური ძალა, რომლებსაც, ჰქონდათ წონა, განდევნილ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ალასანიას პარტია, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, პაატა ბურჭულაძის, ნინო ბურჯანაძის პარტიები... ისინი ერთ დროს რეიტინგის მქონე ძალები იყვნენ, მაგრამ, შემდეგ ბორდს მიღმა აღმოჩნდნენ და ახლა ეს პარტიები სუსტდებიან. მთავარ ოპოზიციურ ძალად მაინც ნაციონალური მოძრაობა დარჩა, თუმცა, როგორც პარტია, ისიც, შინაგან დეგრადაციას განიცდის და კნინდება. ისიცი მარტივ მამრავლებად იშლებიან. მათ გამოეყო გირჩი, გიორგი ვაშაძე. ახლა, ფაქტობრივად, ნაციონალური მოძარაობა გაიხლიჩა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მმართველი ძალაა, ეს მათ არხეინად ყოფნის საფუძველს არ აძლევს. მათი რეიტინგი დღითიდღე ეცემა. ნიჰილისტურად განწყობილ საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის წარმოშობის სერიოზული მოთხოვნილება შეიძლება გაჩნდეს.

 

6. რამდენად ესადაგება ჰიტლერის ცნობილი ფრაზა დღევანდელ რეალობას? „ისინი გვესაუბრებიან პრესის თავისუფლებაზე მაშინ, როდესაც, ყველა გაზეთს ერთი მფლობელი ჰყავს?“

 

ჰიტლერი იმ დონის ბოროტმოქმედი იყო, რომ არ მსურს მისი ფრაზით სარგებლობა. თუმცა, საქართველოში, სააკაშვილის პერიოდისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი მედია თავისუფლება. ნაციონალური მოძრაობა რაღაც საყვედურებით გამოდის, რაც, სიცილის მომგვრელია. როგორც ჩანს, ტელევიზიით  ის კადრები ყოველდღე უნდა გავუშვათ, სადაც ჩანს, თუ როგორ დაარბიეს ტელევიზიები; მაგალითად, ტელეკომპანია ,,იბერია“, როგორ წაართვეს რამიშვილს ტელევიზია, როგორ დახურეს ,,იმედი“. თუნდაც, ის შემთხვევა, როდესაც ,,ასავალ-დასავალში“ შევარდნენ და თანამშრომლები გამოყარეს. ეს ყველას კარგად ახსოვს. დღეს, მადლობა ღმერთს, ასეთ ბარბაროსულ მეთოდებს აღარ იყენებენ. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილმა უკვე მოძლიერებული “tv9” 2012 წელს დახურა. 

 

 

7.  რას გვეტყვით ტელეკომპანიების გაერთიანების საშიშროებაზე? თქვენი აზრით, გაერთიანების შემთხვევაში რამდენად დაირღვევა მედია პლურალიზმი?

 

მე არ ვიცი ჰოლდინგის შექმნის იდეა ვის ეკუთვნის, ეს ტელევიზიების სურვილია თუ ბიზნესინტერესი. პლურალიზმი ხომ დეცენტრალიზაციას, დიფერენციაციას ნიშნავს. ხოლო, როდესაც ხდება გაერთიანება, რასაკვირველია, პლურალიზმს საშიშროება ემუქრება. ეს არის როგორც 2+2 = 4. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული ფილოსოფია. თუმცა, საიდან მოდის ეს ტენდენცია? რატომ უნდა გასჩენოდა სურვილი ,,მაესტროს“, ,,იმედს“ ან ,,GDS-ს?“ ალბათ, იტყვიან, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამოვო. სწორედ ამაზე კეთდება აქცენტი. ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ ჰოლდინგის შექმნით უკეთესი მომავალი შეიძლება შეიქმნას. ეს ტენდენცია კარგი შედეგებით არასოდეს არ მთავრდება.    


8.       ახლა გადავიდეთ თქვენს წიგნზე. რამ გიბიძგათ, დაგეწერათ ეს წიგნი და როგორ მიიღო ის მკითხველმა - თუ არის უკვე თქვენთვის ცნობილი მკითხველის აზრი და  რამდენად იზიარებთ მარტინ ჰაიდეგერის მსოფლმხედველობას?

 

ჩემს წიგნს ჰქვია „ამრტინ ჰაიდეგერი- სხვა გზა“. მინდა გითხრათ, ამ წიგნზე მუშაობა არაერთი წელი დამჭირდა. ეს წიგნი, ერთი მხრივ, ეძღვნება XX საუკუნის უდიდეს  გერმანელ ფილოსოფოსს მარტინ ჰაიდეგერს, მის ნაშრომს - „ყოფიერება და დრო“ . ამ ნაშრომის საკმაოდ დეტალური ანალიზი სწორედ ჩემს წიგნშია წარმოდგენილი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოაზროვნე კაცობრიობის ისტორიაში შესულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრანდი. წიგნში ყურადღება მის ბიოგრაფიულ მომენტებზეა გამახვილებული, სწორედ იმ მომენტებზე, სადაც მას ადანაშაულებენ [მარტინ ჰაიდეგერს ანტისემიტიზმში სდებდნენ ბრალს]. რა თქმა უნდა, ეს ტალღა არ ცხრება მის მიმართ. კერძოდ, ის, რომ იგი გერმანიის იდეოლოგიის მხარდამჭერი იყო. ის 1933 წელს ფრეიბურგის უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა, თუმცა მალევე წავიდა თანამდებობიდან, იმიტომ, რომ, რექტორობა მისი საქმე არ იყო. მას თავისი პოლიტიკური შეხედულება მთელი ცხოვრება არ შეუცვლია, თუმცა, Spiegel-თან ინტერვიუში კარგად ჩანს, რომ მან რაღაცები გადააფასა. ჩემს წიგნში კი ნაჩვენებია ის, რომ მისი ანტისემიტიზმში დადანაშაულება, სამწუხაროდ მის ბიოგრაფიაში რჩება, რაც შექებას არ იმსახურებს. ანტისემეტიზმში მას ვეღარავინ დადაანაშაულებს. მე ვფიქრობ, ჰაიდეგერის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიზანმიმართული კამპანიაა. ამ წიგნში მთავარი ის არის, რომ ჰაიდეგერის ფონზე მე თანამედროვეობის ძალიან სერიოზულ პრობლემებსა და გამოწვევებს ვაანალიზებ და ჩემს შინაგან ასოციაციათა და პერცეფციათა ნაკადს გადმოვცემ. ეს პოსტმოდერნისტული გაგებით, ეკლექტიკური წიგნია. მე გამიხარდა, რომ ასეთი ინტერესი გამოიწვია. თუმცა, ამ წიგნში არ არის იოლად გადმოცემული ის, რაც ჰაიდეგერის ტექსტს ეხება. მთლიანობაში დავინახე, რომ ამ წიგნმა მოსალოდნელზე დიდი ინტერესი გამოიწვია.  

 

 9.  ამჟამად თუ მუშაობთ ახალ წიგნზე, ან თუ გეგმავთ სამომავლოდ?

 

მე ყოველთვის, 24 საათი ვმუშაობ. ფილოსოფიურ ლიტერატურაზე მუშაობა მაქვს დაწყებული, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზულ ფილოსოფოსზე, შელინგზე. ამასთანავე, დაზვერვის ისტორიისა და საფუძვლების საკითხებზეც ვმუშაობ. რა თქმა უნდა, ვაპირებ წიგნად გამოცემასაც, თუმცა, ამას დიდი დრო დასჭირდება. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. 

 

 

/თეონა ცუცქირიძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge