Powered by Jasper Roberts - Blog

00:10 04.01.2017
რუსი რა ხეირს დაგაყრიდა - გაუშვეს ეს ბოლი და ოთხჯერ გამოიძახეს სასწრაფო - საახალწლო ისტორიები

დღევანდელი წერილის მთავარი თემა, რასაკვირველია, ახალიწელი იქნება და მკითხველთან ერთად ისტორიულ მოგზაურობაში გავეშურებით.

აკაკის ცხენი
ახალი წლის წინა ღამეს მოურავმა თურმე უთხრა აკაკის - თქვენი ცხენი მოუპარავთ, მაგრამ იმედია ვიპოვითო. - თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებთ, დაიკარგოს, - მიუგო აკაკიმ, - ეს ძველი წელიწადი მთლი თორმეტი თვე უბედური იყო ჩემთვის! ახლა ეტყობა, ჩემს ცხენზეა შემჯდარი და ისე მიდის, ნუ გამოუდგები! აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენიო.

შავგულიძის გმირობა

დროის მანქანამ წინა საუკუნეში გადმოგვისროლა და ახალი წლის დღეებში ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ჩაგვიყვანა. ქართული მხატვრული ფილმი "დავით გურამიშვილის" რამდენიმე ეპიზოდი მაშინდელ ლენინგრადში გადაიღეს. იანვრის დასაწყისი იქნებოდა და საშინლად ციოდა. შესვენებაზე მსახიობები მდინარე ნევის სანაპიროზე გავიდნენ. რუსმა მსახიობმა ტატიანა ოკუნევსკაიამ, რომელიც პეტრე პირველის ქალიშვილს, ელიზავეტას თამაშობდა და უზომოდ იყო შეყვარებული გიორგი შავგულიძეზე უცებ წამოიძახა - აი, ის იქნება ნამდვილი ვაჟკაცი, ვინც ამ მდინარეს გადაცურავსო. წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ გიორგი ნევაში აღმოჩნდა. ატყდა საშინელი პანიკა, მაგრამ სულ ამაოდ, ქართველმა მსახიობმა მდინარე უშიშრად დალაშქრა. როდესაც ნაპირზე ამოვიდა, გაოცებულები უყურებდნენ ყველანი, ის კი, სიცივისაგან გათოშილი, კმაყოფილი სახით იღიმებოდა.

"აბა შენ იცი, მეკვლედ კარგი ხალხი მომიყვანეო"
ბატონები კოტე მახარაძე და ეროსი მანჯგალაძე ერთხელ საახალწლო შეხვედრიდან შინ ბრუნდებოდნენ. ელბაქიძის დაღმართზე, სად იყო და სად არა, მათ წინ მილიციელი აღიმართა, მხედრული სალამი მისცა ყველასათვის ცნობილ მსახიობებს და სთხოვა განყოფილებაში გაჰყოლოდნენ. გაოგნებულმა და დაბნეულმა ეროსიმ და კოტემ წესრიგის დამცველს თხოვნა (თუ ბრძანება) შეუსრულეს (ან სხვა რა გზა ჰქონდათ, თანაც მიპატიჟება ერთობ თავაზიანი ტონით იყო ნათქვამი) და სამორიგეოში გაჰყვნენ. უნდა გენახათ მილიციის უფროსის გაოცება მსახიობების დანახვაზე. მალე გაირკვა, რომ მას თავისი ხელქვეითის - მორიგე მილიციელისათვის ხუმრობით უთქვამს: "აბა შენ იცი, მეკვლედ კარგი ხალხი მომიყვანეო". მასაც "ბრძანება" ხუთიანზე შეუსრულებია, უკეთეს მეკვლეს მართლაც სად იპოვიდა!

"რუსი რა ხეირს დაგაყრიდა"
რუსებს ჩვენთვის ხეირი არასოდეს დაუყრიათ. მსახიობი იური ვასაძე ფილმის "ნეილონის ნაძვის ხე" გადაღების მიმდინარეობას ემოციების გარეშე ვერ იხსენებდა, თურმე მაშინ ისეთი ამბები დატრიალებულა, რომ მსახიობების ჯანმრთელობას დიდი საფრთხე დაემუქრა:"მხატვრულ სურათს "ნეილონის ნაძვის ხე" ვიღებთ. სიუჟეტით ამბავი 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ამბავს (დეკემბერს) ვიღებთ მაისის თვეში. 6 მაისს ცხელა, ვიხოცებით სიცხით. ნისლი იყო საჭირო და დაიქირავეს რუსების სამხედრო "გრუზავიკი", ბოლი - ნისლისთვის. რუსი რა ხეირს დაგაყრიდა - გაუშვეს ეს ბოლი და ოთხჯერ გამოიძახეს გადაღების დროს სასწრაფო. მე კინაღამ წერილი წავიღე, ასთმა მქონდა. ედიშერ მაღალაშვილი კი მოიწამლა ამ ბოლით და ორი თვე იწვა. რამდენიმე მსახიობი დღესაც ახველებს იმ მიზეზით".

გალაქული კახური ჩურჩხელა
ჯემალ ღაღანიძე (მსახიობი): "ყოველთვის ვცდილობდი, შობა-ახალი წლის დღეები ოჯახში გამეტარებინა, მაგრამ ერთხელ, სწორედ იმ პერიოდში მოგვიხდა ინგლისში, ქალაქ ლესტერში ფესტივალზე წასვლა. რუსთაველის თეატრიდან თორმეტკაციანი ჯგუფი წავედით, - ბატონ რამაზ ჩხიკვაძეს მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა ინგლისში, თან "მეფე ლირიდან" ნაწყვეტები გვქონდა ჩატანილი. რამაზს ჯოხი დასჭირდა, იატაკის საწმენდის მსგავსი, რომელიც აქედან არ წავიღეთ, ვიფიქრეთ, იქ ექნებათ, თეატრშიო, მაგრამ მათ რეკვიზიტებში ასეთი ჯოხი არ აღმოჩნდა. მითხრეს, ქვევით, პირველ სართულზე ჩაბრძანდით, იქ ხუთ წუთში გაგიკეთებენ, რაც გჭირდებათო. ჩავედი პირველ სართულზე, შევაღე ერთ-ერთი ოთახის კარი და დავინახე, რომ პატარა სააამქროში რამდენიმე ბავშვი ფუსფუსებდა. მოზარდები დიდ ნაძვის ხეს მოსართავად ამზადებდნენ. როცა ავუხსენი, რაც მინდოდა, მითხრეს, ახლა დაკავებულები ვართ, საათნახევარში ჩამობრძანდით და ჯოხს გამზადებულს დაგახვედრებთო. დავბრუნდი ნომერში და გამახსენდა, რომ თან ჩურჩხელები მქონდა წაღებული. ავიღე ერთი ხუთი ჩურჩხელა და საათნახევრის შემდეგ ჩავედი ისევ პირველ სართულზე. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმის ახსნას, თუ რა საჭმელი იყო ეს, რატომ ჰქონდა ძაფი. ჩურჩხელებს პატარა ნაჭრებად ვჭრიდი როდესაც ამ მზადების ორგანიზატორი მომიახლოვდა და თუ შეიძლება არ დაჭრათო, - მთხოვა. რატომ, რაშია-მეთქი, საქმე? - ვკითხე. ტრადიცია გვაქვს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების სუვენირებს ნაძვის ხეზე ვკიდებთო, - ამიხსნა. იქ აქვთ ასეთი ტექნოლოგია: ნებისმიერ ნივთს უფერო ლაქში აგდებენ, ეს ნივთი არც ფერს კარგავს, არც ფორმას და წლების განმავლობაში ახალივით ინახება. ასე რომ, ეს ჩემი კახური ჩურჩხელა მეორედ გაავლეს, თუმცა, ამჯერად უფერო ლაქში, დააწერეს ზედ "ჯორჯია, 1982 წელი" და საშობაო ნაძვის ხეზე ჩამოკიდეს - როცა ჩამოხვალთ, ეს სუვენირი ყოველთვის აქ დაგხვდებათო.

 

კვირის პალიტრა

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge