Powered by Jasper Roberts - Blog

16:59 28.12.2016
გოზინაყის საუკეთესო რეცეპტი

მასალა:

  • 1 კგ. ნიგოზი
  • 700 გრ. თაფლი
  • 60 გრ. შაქარი

1) გოზინაყის მოსამზადებლად კარგი ხარისხის თეთრი ნიგოზი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და შედგით უმელში ნელ ცეცხლზე. დროდადრო ურიეთ, რომ არ დაიწვას. როცა კანი მოცლას დაიწყებს, გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და ხელის მოსმით გააცალეთ კანი. დაჭერით წვრილად.

2) თუჯის ჭურჭელში ჩადეთ თაფლი, დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ადუღეთ ათი წუთი და დადეთ გასაცივებლად, შემდეგ ისევ დადგით, მორევით აადუღეთ და კვლავ ათი წუთით ადუღეთ. ასე მოიქეცით მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა თაფლი: ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და ჩააწვეთეთ შიგ თაფლის წვეთი; თუ თაფლი გამაგრდა და არ დაიშალა, ესეიგი მზადაა.

3) მაგიდაზე მოიმზადეთ დასველებული ფიცარი, წყალი მცირე ზომის ჭურჭელში და მოზრდილი კოვზი. თაფლში ჩაამატეთ შაქარი, ცოტა ხანს ურიეთ და ჩაუმატეთ გამზადებული ნიგოზი, არ შეწყვიტოთ მორევა. ხუთი წუთის შემდეგ მთელი მასა გადმოიღეთ ფიცარზე, სწრაფად გააბრტყელეთ დაახლოებით 7 მილიმეტრის სისქეზე, კარგად გაასწორეთ და ჯერ კიდევ თბილი გოზინაყი სასურველ ფორმებად დაჭერით დიდი მჭრელი დანით.

4) თეფშს დააფარეთ “კალკის” ქაღალდი და დააწყვეთ გოზინაყის ნაჭრები თითო ფენად. შეინახეთ გრილ ადგილას.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! 

ავტორ(ებ)ი : kulinaria.ge