Powered by Jasper Roberts - Blog

11:57 27.12.2016
კონფლიქტის ფინანსური მხარე ქართულ-ოსურ მაგალითზე

     ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში არასტაბილურობის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ერთი შეხედვით, სტაბილურობა რეგიონის ყველა მოთამაშის ინტერესში უნდა შედიოდეს, თუმცა სინამდვილეში საქმე არც ისე მარტივადაა, თუნდაც იმიტომ, რომ რეგიონში ტერიტორიულად უდიდესი და ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყანა – რუსეთი, უკვე 25 წელია, დესტაბილიზაციის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად გვევლინება. რუსეთი თავისი პირდაპირი თუ ირიბი ქმედებებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მასზე ტერიტორიულად 20-ჯერ მცირე საქართველოს, არამედ საკუთარ რეპუტაციას, საერთაშორისო ნდობას და ეკონომიკურ პერსპექტივებს. ამჟამად საქმე გვაქვს მილიარდობით დოლარის ღირებულების მატერიალური ზარალთან, ფუჭად დახარჯულ ძვირფას დროსთან და მდგრადი განვითარების დაკარგულ შესაძლებლობასთან.      უმუშევრობის ზრდა, ეკონომიკური ზრდის ნაცვლად ბიუჯეტის სოციალურ მოთხოვნებზე მორგება, მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ეროვნული უსაფრთხოების დონის შემცირება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების განლაგებით გამოწვეული არასტაბილურობა – ასეთია ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარი რამდენიმე ომის შედეგად საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების მოკრძალებული ჩამონათვალი.   

 

მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც კონფლიქტური ტერიტორიების მქონე და მუდმივ დაძაბულობაში მყოფმა პატარა ქვეყნებმა (მაგ. ისრაელმა, სამხრეთ კორეამ) – საერთაშორისო ურთიერთობების სწორად წარმართვის გზით შეძლეს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობის კეთილგონივრულად გამოყენება. ამგვარად, ამ ქვეყნებს, რომლებიც რამდენიმე ათწლეულის წინ არაფრით გამოირჩეოდნენ, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა აქვთ. მსგავსი ტრანსფორმაციის პოტენციალი საქართველოსაც გააჩნია.

 

"ომი ყოველთვის წმინდაა მათთვის, ვინც ომს აწარმოებს. თუკი ომის გამჩაღებელი ომს წმინდად არ გამოაცხადებს, განა რომელი ერთი წავა საომრად? მაგრამ რა ლოზუნგებსაც არ უნდა გაჰყვიროდნენ ორატორები, რომლებიც ჯარისკაცებს სასაკლაოზე ერეკებიან, რა კეთილშობილი მიზნებიც არ უნდა დაუსახონ, ომების მიზეზი მაინც ერთია – ფული. ყველა ომი, სინამდვილეში – ჩხუბია ფულისთვის. უბრალოდ ეს ცოტას ესმის. ყველა მეტისმეტად გაბრუებულია ფანფარებით, ბუკით და ნაღარით და ზურგში მოკალათებული რიტორების სიტყვებით"- მარგარეტ მიტჩელი.

 

     ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა მუდმივად პროგრესირებდა, რასაც ადასტურებს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის სტატისტიკური მონაცემები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაჩვენებლები. კერძოდ: მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1995 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე $600-ზე ნაკლებს შეადგენდა, 2015 წელს კი $3,7 ათასს; ამავე პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები 90-ჯერ გაიზარდა ($276 მილიონიდან $25 მილიარდამდე); მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1996 წლიდან 2015 წლამდე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები $10 მილიონიდან $1,35 მილიარდამდე გაიზარდა; საქსტატის მონაცემებით, 1995 წლიდან 2014 წლამდე საშუალო ხელფასი 60-ჯერ გაიზარდა – 13,5 ლარიდან 818 ლარამდე; ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა ($155 მილიონიდან $2,9 მილიარდამდე). არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს სხვა მიღწევებიც: კორუფციასთან ბრძოლა; საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით 2003 წელს საქართველო კამერუნთან, ანგოლასთნ, ტაჯიკეთსა და აზერბაიჯანთან ერთად მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის 124-129-ე ადგილს იკავებდა; უპრეცედენტო მასშტაბის ბრძოლა კრიმინალთან და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პოლიციისადმი 80%-იანი ნდობის ინდექსი (საქართველოს მთავრობა); მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ 2015 წელს საქართველო 24-ე ადგილს იკავებს; Heritage Foundation-ის თანახმად, საქართველო დაწინაურდა თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში (ევროპის 43 ქვეყანას შორის მე-11 ადგილი, მსოფლიოში 22-ე ადგილი). ამ და სხვა მიღწევებმა საქართველო 90-იანი წლების სიტუაციასთან შედარებით სრულიად განსხვავებულ განზომილებაში გადაიყვანა.      ამავდროულად, ბოლო 20 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა პრაქტიკულად არ შეცვლილა. განვითარების მინიმალურ დონეზეა, როგორც წარმოების, ასევე მომსახურების სფეროები, ხოლო ხელფასისა და საერთო დანაზოგების დონე უმნიშვნელოა. პრაქტიკულად არ არსებობს თანამედროვე ინფრაქტრუქტურა, ხოლო ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროები უმნიშვნელოდაა განვითარებული. ასევე მინიმალურია ინვესტიციების დონე (რომლებიც მხოლოდ რუსეთის მხრიდან ხორციელდება). უმუშევრობასთან ბრძოლის ერთადერთი შესაძლებლობა რუსულ სამხედრო ბაზებზე დასაქმებაა მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ. 2014 წელს სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა მხოლოდ 500 მილიონი რუბლი შეადგინა ($10 მილიონზე ნაკლები), მშპ ერთ სულ მოსახლეზე $1000-ზე ნაკლებს შეადგენს (2014 წ.), რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (კონგოს, მალავის რესპუბლიკასა და ნიგერიასთან ერთად).    

 

თუმცა, სამხრეთ ოსეთის მინიმალური ეკონომიკური შესაძლებლობების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ მას ზურგს რუსეთი უმაგრებს, რასაც ადასტურებს სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის თანადაფინანსებაც, რომელიც ადგილობრივ შემოსავლებს 10-11-ჯერ აღემატება (საერთო ბიუჯეტის მოცულობა 5,6 მილიარდი რუბლია). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარების გარეშე პრაქტიკულად დისფუნქციურია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ, როგორც რუსეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში არსებული მაღალი დონის კორუფციის გამო, რიგით მოქალაქემდე ოფიციალური „შემწეობის” მხოლოდ 1/10 აღწევს (საექსპერტო შეფასება), რაც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე პრაქტიკულად არ აისახება, რადგან ამით მხოლოდ ცალკეული კლანები და მათთან დაახლოებული პირები სარგებლობენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მაჩვენებლების მიხედვით პრობლემები საქართველოსაც აქვს, მთლიანობაში სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის პირობებში „ჩათრევის ეფექტს” და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესების შესაძლებლობებს პირველ რიგში სამხრეთ ოსეთი იგრძნობს. თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არც საქართველოში და არც სამხრეთ ოსეთში არ არსებობს წინაპირობები, რომლებიც მხარეების ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემა; რაც პერსპექტივაში ორივე მხარის განვითარებაზე ნეგატიურად აისახება, არაფერი რომ არ ვთქვათ ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარ დანაკარგებზე. კონფლიქტის ფასი საქართველოსთვის: ა) თავდაცვაზე გაღებული ხარჯები   

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში (2006-2015 წწ.) თავდაცვის მაღალი პოტენციალის შესანარჩუნებლად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს ხელისუფლებამ $7 მილიარდამდე დახარჯა (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო), რაც საშუალოდ ქვეყნის წლიური მშპ-ის 5,3%-ს შეადგენს. კერძოდ: 2007 წელს – 9,2%, 2008 წელს 8,5%, 2009 წელს – 5,6%. შედარებისთვის, 2014 წელს ევროპული ქვეყნების საშუალო დანახარჯი თავდაცვაზე მშპ-ს 1,5%-ს შეადგენდა (ავსტრია – 0,7%, გერმანია 1,2%, საფრანგეთი – 2,2%). დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს მოკრძალებული ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით 2007 წელს თავდაცვაზე გაღებული ხარჯები – სახელმწიფო ბიუჯეტის 40% – სრულიად გაუმართლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ხარჯები პრობლემის გადასაჭრელად არ არის გაღებული. შესაბამისად, ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სფეროზე გაღებული ხარჯებიდან გამომდინარე, კონფლიქტის ფასი შეადგენდა არანაკლებ $5 მილიარდს (საქართველოს მიერ თავდაცვაზე გაღებული დანახარჯი ევროპული ნორმებით რომ აღერიცხათ, ის მშპ-დან 5,3%-ის ნაცვლად 1,5% იქნებოდა). ბ) იძულებით გადაადგილებული პირების, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების დანაკარგები.   

 

„იძულებით გადაადგილებულ პირთა მონიტორინგის ცენტრის” მონაცემების მიხედვით 2013 წლის მიწურულს ევროპაში 2,2 მილიონი დევნილი იმყოფებოდა. საქართველოში კონფლიქტის რამდენიმე ტალღის შედეგად, კერძოდ, 1992-93 და 2008 წლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 450 ათასს შეადგენდა, რაც წარმოუდგენელი გამოწვევა იქნებოდა არა მხოლოდ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, არამედ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვისაც. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, რომლის პროგნოზირებაც (ოფიციალურად) ექსპერტებმაც კი ვერ შეძლეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალმა ტალღამ 25 ათასი ადამიანი შეადგინა. გაეროს მონაცემებით სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 20 ათასია (მათ შორის 2008 წელს იძულებით გადაადგილება მოუწია 15 ათას ადამიანს). თუ ცალკეული ოჯახების ქონებას $20 000-ად შევაფასებთ (იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახში საშუალოდ 4 ადამიანისგან შედგება), გამოდის, რომ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, როგორც კერძო სექტორის დანაკარგი დაახლოებით $100 მილიონს შეადგენს, რომლის ნაწილობრივი კომპენსაციაც საქართველოს მთავრობას გაცილებით უფრო ძვირი უჯდება. მთლიანობაში, საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებული ოჯახის დანაკარგი $2 მილიარდს შეადგენს. გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერი პროექტები (საცხოვრებელი სახლები და სოციალური დახმარება)      2015 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში 263 598 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს (მთელი მოსახლეობის 7%), მათ შორის 122 383 მამაკაცია და 141 215 ქალი. მათი უმეტესობა თბილისსა (39%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (32%) რაიონში ცხოვრობს. კომპაქტური დასახლებების საერთო რაოდენობა 2000 ობიექტს აერთიანებს – მათ შორის ყველაზე დიდია წეროვანი (6421 ადამიანი), მას მოსდევს ე.წ. ბათუმისა (2231) და ფოთის ახალი რაიონები (2145).     

 

 

 აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო რაოდენობიდან (263 598 ადამიანი) (რომელთა უმეტესობას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შეადგენენ – 90%), დღემდე მხოლოდ 18 679-ს გადაეცა ბინა მფლობელობაში (მთელი რაოდენობის 7%), რამაც თანხობრივად 20 მილიონი ლარი ($12 მილიონი) შეადგინა. ამასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა ¼-ს მფლობელობაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი ან ფულადი კომპენსაცია ($10 ათასი). შესაბამისად, დარჩენილი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება საქართველოს მთავრობას დამატებით $100-150 მილიონი დაუჯდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ სახის კომპენსაცია არ შეესაბამება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მიყენებულ ზარალს.      საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონის თანახმად ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს ენიშნება დახმარება 45 ლარის ოდენობით (თუ მათი ყოველთვიური ხელფასი 1250 ლარს არ აღემატება). ეს დახმარება მანამდე არსებული დახმარების (28 ლარი) გაუმჯობესებულ, მაგრამ არასაკმარის ვარიანტად ითვლება. ამგვარად, იძულებით გადაადგილებულ პირებს თანხობრივად გადაეცათ $600 მილიონამდე. თუმცა აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება საარსებო მინიმუმზე 4-ჯერ ნაკლებია – რაც ერთ ადამიანზე 160 ლარს შეადგენს. მხოლოდ სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მიცემული დახმარება $15 მილიონია. კონფლიქტიდან მიღებული „სარგებელი” ა) საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები და სესხები      საერთაშორისო დონორების 2008 წლის კონფერენციაზე საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის 67-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომლებმაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე აიღეს საქართველოსთვის $4,5 მილიარდის მოცულობის დახმარების გაწევა (ა.შ.შ. – $1 მილიარდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი – 750 მილიონი, ევროკომისია – $650 მილიონი, იაპონია – $200 მილიონი.). თანხა გამოყენებული უნდა ყოფილიყო იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური სტანდარტების გასაუმჯობესებლად, საბანკო სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილების, ინფრასტრუქტურული პროექტების გაუმჯობესებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილიზაციისათვის.      

 

აღსანიშნავია, რომ მოცემული თანხის 60% ($2,5 მილიარდი) – დაბალპროცენტიანი სესხია, რომლის დაბრუნებაც საქართველოს გარკვეული პერიოდის შემდეგ მოუწევს. დარჩენილი 40% ($2 მილიარდი) – გრანტებია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მოცემული $2 მილიარდი საქართველოს მიერ კონფლიქტის შედეგად მიღებულ „სარგებელს” წარმოადგენს. ბ) საერთაშორისო ორგანიზაციები და პროექტები 1992-დან 2008 წლამდე, სანამ რუსეთი გაეროს ეგიდით განხორციელებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას დაბლოკავდა (გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში – UNOMIG), ხსენებულმა მისიამ საქართველოში $397 მილიონის მოცულობის ხარჯი გაიღო. თანხის ძირითადი ნაწილი, ცხადია, თავად მისიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დაიხარჯა და არა იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე; თუმცა ფინანსურ დახმარებასთან ერთად აღნიშნულმა მისიამ საქართველოს საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა გაუწია, განსაკუთრებით სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე. მას შემდეგ, რაც UNOMIG-მა არსებობა შეწყვიტა, 2008 წლის 1 ოქტომბერს ევროპის ქვეყნების ლეგიტიმაციით საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლები შემოვიდნენ (EUMM – დღეს 200-მდე დამკვირვებელი). თუმცა, ჩვენი აზრით, EUMM-მა ვერ შეძლო UNOMIG-ის სრულფასოვნად ჩანაცვლება; ფინანსური თვალსაზრისით, ევროკომისიის მონაცემების მიხედვით მისიამ საქართველოში განხორციელებულ პროექტზე უკვე დაახლოებით 150 მილიონი ევრო დახარჯა (დაახლ. $200 მილიონი), რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.



წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge