Powered by Jasper Roberts - Blog

23:09 23.12.2016
,,ჯორჯიან თაიმსის" ინიციატივითა და ,,დირსის" ფონდის ხელშეწყობით, ბავშვთა სახლ ,,რწმენას" საახალწლო ნობათი გადაეცა

აქ მშიერი და შეციებული ბავშვები, გასათბობად და საკვებად მოდიან... თუმცა, მათ, არც იმდენი სითბო ხვდებათ და არც იმდენი საკვები.
სამაგიეროდ, ბავშვებს მზრუნველი აღმზრდელები და მეგობრები  ხვდებიან, დიდი სითბოთი და სიყვარულით.


ბავშვთა დღის ცენტრი ,,რწმენა“ თბილისში მდებარეობს და დღეისათვის, ის 6-დან 16 წლამდე, 15-მდე ბავშვს ემსახურება. ცენტრში, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები - საკვებად, გასათბობად და სამეცადინოდ მოდიან. მათ გამგეობის მიერ დაწესებული დღიური ვაუჩერით, მხოლოდ 6 ლარის ოდენობის თანხა ერიცხებათ რაც, კვებაზე, სამეურნეო ხარჯებსა და თანამშრომელთა ხელფასებზე ნაწილდება და ამიტომ, არასკმარისია.  ცენტრის თანამშრომლების ხელფასი კი, მხოლოდ ას ლარს შეადგენს და საჭიროების შემთხვევაში, ეს თანხა, ისევ ბავშვებს ხმარდება.


მედია ჰოლდინგი ,,ჯორჯიან თაიმსი“ ბავშვთა სახლის ცხოვრებით და მისი პრობლემებით დაინტერესდა და ამ პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას შეეცადა.

 

დოდო ლომაშვილი - დღის ცენტრის ,,რწმენა“ - მთავარი აღმზრდელი:

 

შენობა, სადაც ამჟამად ვიმყოფებით, სააქციო საზოგადოება ,,ბამბის ნართის“  ბაგა-ბაღის კუთვნილება იყო. შემდეგ, ის გაუქმდა და 1999 წელს, რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, - ჩემი, ქალბატონ ნათელა ყაჭიეშვილისა და ნათელა გორდეზიანის ინიციატივით,  მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი „რწმენა“  დავაფუძნეთ. მაშინ,  60 ბავშვი გვყავდა. იყვნენ როგორც სოციალურად დაუცველი, ასევე, უდედ-მამო და  ქუჩიდან მოყვანილი ბავშვები. მოგვიანებით, როდესაც საქმე  იქამდე მივიდა, რომ ბავშვთა სახლი უნდა შემცირებულიყო, ჩვენ რამდენიმე ბავშვი ოჯახებში გავაშვილობილეთ.  ოთხი ბავშვი კი, ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა იშვილა.  

მაშინ ბავშვთა სახლს  მერია აფინანსებდა. გვქონდა ასეთი შემთხვევა:  ერთი ბავშვი, ქუჩაში ვიპოვეთ, რომელსაც, იმხელა თმა ჰქონდა და ისეთი ჭუჭყიანი იყო, რომ სანამ არ წამოვიყვანეთ და არ დავბანეთ, ვერ ვგებულობდით, ბიჭი იყო თუ გოგო. ბავშვი 10-12 წლის ბიჭი აღმოჩნდა. ის ვერ ლაპარაკობდა, არც საკუთარი სახელი იცოდა და არც - გვარი.  საწოლში რომ ვაწვენდით, გადმოდიოდა და  მის  ქვეშ ძვრებოდა დასაძინებლად. ჩვენი დიდი ხნის მეცადინეობით, ბიჭმა ლაპარაკი დაიწყო. მას  გიორგი დავარქვით, გვარად კი  -  უცნობი შევურჩიეთ.  

შემდეგ, როდესაც, ბავშვთა სახლი შეგვიმცირეს, გიორგი უცნობი, სენაკის ბავშვთა სახლში გადავიყვანეთ.  ის ბიჭი ახლა უკვე დიდია და რამდენიმე თვის წინ,  გადაცემა ,,პროფილში“ ვნახეთ. დიდი და ლამაზი ბიჭი დამდგარა...

ბავშვთა სახლის შემცირების შემდეგ, ამ შენობაში აფხაზეთიდან დევნილები შემოიჭრნენ და ჩვენი ფართი მიითვისეს.

ამჟამად,  დაგვრჩა ერთი ოთახი - პატარა  სამზარეულოთი  და მეორე-სამეცადინო ოთახი. კომპიუტერი, ტელევიზორი და მაცივარი შემოწირულობის სახით გვაჩუქეს. იმ ფართის გათვალისწინებით, რაც დაგვრჩა, მხოლოდ 9 ბავშვზე დაგვარეგისტირეს, თუმცა, რეგისტრაციის გარეშე, 15- მდე ბავშვი მოდის ჩვენთან, რომელთაც, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ვმასპინძლობთ. 

პირველი დეკემბრიდან კი რეგისტრაციაც შეგვჩერეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უამრავ წერილს ვუგზავნით, თუმცა, ამ დრომდე, მათგან პასუხი არ მიგვიღია. თუ რეგისტრაცია არ აღდგა, ჩვენი ბავშვები, უბრალოდ, ქუჩაში დარჩებიან, რაც ყველაზე მეტად არ მინდა მოხდეს...


მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსი" ბავშვთა სახლის შესახებ პრობლემების მოსმენის შემდეგ, შეეცადა, მცირედით მაინც დახმარებოდა მათ. პედაგოგის  განცხადებით, მათ ამჟამად, ყველაზე მეტად, საკვბი სჭირდებოდათ.  ჩვენს ინიციატივას საცხოვრებელ კომპლექს ,,დირსი" და სამშენებლო კომპანია ,,ას ჯორჯია" - შეუერთდა, რომელმაც, 22 დეკემბერს, ბავშვებს უამრავი საკვები, ტკბილეული, სასმელი და სიმბოლურად - ნაძვის ხე მიუტანა. კომპანიის წარმომადგენლებმა და ბავშვებმა ნაძვის ხე, სიმბოლურად, ერთად მორთეს და სამსახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.


სალომე კენჭოშვილი - სამშენებლო კომპანია ,,ას ჯორჯიას“და საცხოვრებელი კომპლექსის - ,,დირსი“- მარკეტინგის მენეჯერი:


სამშენებლო კომპანია ,,ას ჯორჯია“ საქართველოში წარმოდგენილია საცხოვრებელი კომპლექსი ,,დირსის“ სახით. კომპანია 2011 წელს დაარსდა, 2012 წელს მშენებლობა დაიწყო და დღეისათვის, მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

როდესაც კომპანია ვითარდება, მნიშვნელოვანია მონაწილეობა მივიღოთ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით  კეთილ საქმეში და შეძლებისდაგვარად, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც,  ყველაზე მეტად უჭირთ.

სულ ცოტა ხნის წინ,  ,,დირსის“ საქველმოქმედო ფონდი ჩამოვაყალიბეთ, რაც, გვაძლევს საშუალებას,   გაჭირვებულ ოჯახებს  და ბავშვებს დავეხმაროთ .

რადგან ფონდი ჯერ ძალიან პატარაა, ამიტომ, ჩვენ ჯერ მხოლოდ  პატარა-პატარა ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით, მაგრამ, იმედი გვაქვს, მომავალში, ჩვენს წილს გავზრდით და უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებთ.

როდესაც თქვენი ინიციატივის შესახებ გავიგე,  რომ მაქვს საშუალება, იმ ბავშვებს დავეხმარო, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ და  ყველაფერი ყველაზე მეტად უხარიათ, მაშინვე გადავწყვიტე, დავხმარებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში, სულ პატარა სიხარული შევიტანეთ. 

 

ნათელა  ყაჭეიშვილი- ბავშვთა დღის ცენტრის ,,რწმენა“ - მენეჯერი

 

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ბავშვების ასე გახარებისთვის. რომ არა თქვენ,  ბავშვებს ასეთი საკვებით ნამდვილად ვერ გავანებივრებდით.  მადლობა ,,ჯორჯიან თაიმსს“  და კომპანია ,,დირსს“, იმისათვის, რომ ზუსტად საჭირო დროს, საჭირო ადგილაზე აღმოჩნდით. წინასაახალწლოდ, ბავშვებისთვის ამაზე უკეთეს ვერაფერს გააკეთებდით.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე, უდიდესი მადლიერება გამოვხატო კომპანია ,,თეალსის“ მიმართ. ის ჩვენი ერთგული კომპანიაა, რომელიც, ყოველთვის მხარში გვიდგას და სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ ახლა ჩვენი ბავშვები არ იყინებიან და თბილად არიან.  

 

მედია ჰოლდინგი ,,ჯორჯიან თაიმსი“ მსგავს აქტივობებს, მომავალშიც გეგმავს.

 

/თამუნა დუღაშვილი/

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge