Powered by Jasper Roberts - Blog

11:47 22.12.2016
მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე: „ჩვენ საკმაოდ რთულ სიტუაციაში, ხაფანგში ვართ“

ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტ-მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ მაისაიასთან


სირიის კონფლიქტმა, რომელიც 2011 წელს დაიწყო და სადაც უკვე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები მონაწილეობენ, ასი ათასობით ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია. კერძოდ, სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, ოპოზიცია, იგივე სირიის დემოკრატიული ძალები და სხვა მეამბოხე დაჯგუფებები იბრძვიან. თავის მხრივ სირიელი ამბოხებულები ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოსაც“. პრეზიდენტ ასადის მხარეს იბრძვის რუსეთი და ირანი, მაშინ, როცა სირიელი ამბოხებულების  მხარე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში უჭირავს თურქეთსა და აშშ-ს. 2015 წლამდე, დასავლეთის სახელმწიფოები ომში ღიად არ ერთვებოდნენ, რუსეთი და ირანი კი ასადის რეჟიმის მხარდაჭერას განაგრძობდნენ. სირიის პრეზიდენტი ასადი  რუსეთის ავიაციის დახმარებით განუწყვეტლივ ბომბავს ამბოხებულთა ტერიტორიებს, რის გამოც ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, მათ შორის ბავშვები. ექსპერტების ვარაუდით, აშშ უფრო აქტიურად სირიისთვის მას შემდეგ მოიცლის, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლს საბოლოოდ „მოერგება“.

 

გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე „იმედის დროში“ ჩართვისას აღნიშნავდა, რომ  სირიის კონფლიქტში გარკვეული პოზიცია უჭირავს ნავთობსადენს და რუსეთის სურვილს, ეს აკონტროლს. ამავდროულად, სირიის კრიზისში მონაწილეობაზე უარის თქმა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან, რაც სავარაუდოდ კონფლიქტს დასასრულამდე მიიყვანს, მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაზეც რუსეთმა უარი უკვე რამდენჯერმე განაცხადა. „რუსეთის სამხედრო ძალით იძულება კი წარმოუდგენელია, რადგან ამას გლობალურ კონფლიქტამდე მივყავართ“ – განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა. სირიის კრიზისმა მსოფლიოში ტერორისტული დაჯგუფებების თავდასხმების გააქტიურება გამოიწვია, რასაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ელჩიც შეეწირა. პოლიტ-მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია „მეტრონომთან“ მსოფლიოში მიმდინარე საომარ დაპირისპირებებსა და მათი საქართველოზე გავლენის შესახებ საუბრობს.

 

„მეტრონომი“: ალეპოში მიმდინარე კონფლიქტში რამდენიმე გავლენიანი სახელმწიფოა ჩართული, მათ შორის  რუსეთი. რა არის რუსეთის მიზანი ამ კრიზისში ჩართვით, არის თუ არა ეს მისი პასუხი ევროპის მიერ მის მიმართ დაწესებულ სანქციებზე?

ვახტანგ მაისაია: რუსეთს უნდა რომ სუპერ-სახელმწიფოს სტატუს-კვო განამტკიცოს და დაადასტუროს. მას უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მსოფლიო წესრიგის დამყარებაში  აქტიური მონაწილეობის მიღება. მას სჭირდება ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში პოზიცია გაამყაროს. რაც შეეხება ძალას, რომელსაც შეუძლია სირიის კონფლიქტიდან  რუსული მხარის სამხედრო მოქმედებით გაყვანა, დღეს  ნაკლებად ჩანს. არც ტერორისტულ დაჯგუფება „დაიშს“ აქვს ამის პოტენციალი, არც შტატებს და ისინი არც განიხილავენ საკითხს ამ კუთხით.

 

– გაიჟღერა ვერსიამ, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსეთისთვის სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ომის გასამართლებლად კარგი არგუმენტი იქნება. რას ისახავდა მიზანად რუსეთის ელჩზე თავდასხმა?

– ელჩის მკვლელობა იყო შურისძიება ალეპოში მიმდინარე მოვლენების გამო. არ არის გამორიცხული, რომ ეს მიმართული იყოს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესებისთვის. ასევე, ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ტერორისტულმა ჯგუფებმა აქტიური მოქმედება დააფიქსირონ. ეს კარგად უკავშირდება იმ გარემოს, რომ რამდენიმე ხნის წინ  გროზნოში „დაიშმა“ თავდასხმა მოაწყო. ამიტომ არ გამოვრიცხავ  რუსეთის წინააღმდეგ ანკარის და გროზნოს შემთხვევები ერთი და იმავე ჯაჭვის რგოლი იყოს. ვფიქრობ, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობის უკანაც „დაიში“ დგას.

 

– რატომ შეიძლება შეცვალოს ელჩის სიკვდილმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა?

– „დაიშმა“ ამით ერთგვარად აიღო შურისმაძიებლის ფუნქცია. შესაბამისად, შესაძლებელია მუსულმანურ საზოგადოებაში პოზიციები გაიმაგროს. ამავდროულად, „დაიშმა“ აჩვენა, რომ მას ისეთი  მსხვილი მასშტაბის ტერაქტის განხორციელება, როგორიც ელჩზე თავდასხმაა, შეუძლია. „დაიშისთვის“ პალმირის შენარჩუნება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მის წინააღმდეგ სირია, ირანი, თურქეთი და რუსეთი არ გაერთიანდებიან. პუტინმა ელჩის მკვლელობაზე განაცხადა, რომ პროვოკაციაა და ამას ორ ქვეყანას შორის გავლენა არ ექნება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი აუცილებლად შეიტანს თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობაში ხინჯს, მაგრამ არა ამ  ეტაპზე.  პირიქით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები შეიძლება უფრო გააქტიურდეს.

 

– რაც შეეხება ამერიკის უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მწვავე განცხადებებს რუსეთის და მისი პრეზიდენტის წინააღმგეგ, სადაც რუსეთს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს და ამისთვის ზომების მიღებით ემუქრება, რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს ამ დაპირისპირებას?

– ობამას სიტყვები ახლა უკვე არაფერს ნიშნავს. მთავარია ტრამპის პოზიცია, რომელიც არ ჩქარობს და პოზიციას არ აფიქსირებს. ამავდროულად, ამერიკაში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია-როცა ქვეყნის სპეცსამსახურები უკვე მოგებულ კანდიდატს, დონალდ ტრამპს, ფაქტობრივად, ბრალს სდებენ, რომ ის სხვა სახელმწიფოს, კერძოდ კი რუსეთის მხრიდან მანიპულირებადი იყო, ეს ფაქტობრივად პოლიტიკური კრიზისია. ამერიკაში პოლიტიკური კრიზისი ამ ფონზე კიდევ უფრო შეიძლება გაღრმავდეს. პოლიტიკური კრიზისის ასეთი წინაპირობა ამერიკას არ ახსოვს ალბათ სამოქალაქო ომის დასრულების, ან კენედის მკვლელობის შემდეგ.

 

 მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები საქართველოსთვის რა ნეგატიური პროცესების განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს?

– აღმოსავლეთში მიმდინარე კოალიციური გადაჯგუფება პირდაპირ კავშირშია კავკასიაში არსებულ მდგომარეობასთან. კავკასია კი პირდაპირ კავშირშია საქართველოში განვითარებულ პროცესებთან. ამიტომ ჩვენ საკმაოდ რთულ სიტუაციაში, ერთგვარ ხაფანგში ვართ. მაგონდება 1921 წლის თებერვლის წინაპირობები, როდესაც საქართველო ორი საშიში მტრის, ბოლშევიკური რუსეთისა და თურქეთის, ანატოლიის მთავრობის   შორის იყო. ორივეს აგრესიის შედეგად ჩვენ სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ 1921 წლის თებერვალში. იგივე სიტუაცია მეორდება ახლაც. იმედია, ჩვენთვის უფრო შესაძლებელი იქნება საფრთხეების თავიდან არიდება, ვიდრე 1921 წლის საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შეეძლო. ეკონომიკური მდგომარეობა ამ ეტაპზე ქვეყანაში უმძიმესია. ამ ფონზე საქართველოს დეფოლტის პროცესს (ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარი) არ გამოვრიცხავ, რომელიც თვალშისაცემი თებერვალსა და მარტში შეიძლება გახდეს. იმიტომ, რომ ლარის დევალვაცია კატასტროფული ტემპით ხდება. ეს კი კარდინალურ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკურ-ფინანსურ სივრცეში.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge