Powered by Jasper Roberts - Blog

16:41 21.12.2016
,,ჩემი ინსპირაციის წყაროს ქალაქები, ქვეყნები და სასახლეები წარმოადგენენ“ - ფატუნა ბუშიჰედი

,,ჯორჯიან თაიმსი“  წარმატებულ ქართველ დიზაინერს - ფატუნა ბუშიჰედს ესაუბრა.

 

გაეცანით ,,ჯორჯიან თაიმსის“ მკითხველს: ვინ არის დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი?

 

ფატუნა ბუშიჰედი არის ქართველი დიზაინერი, რომელიც, დაიბადა და გაიზარდა  საქართველოში, კერძოდ თბილისში.

მთელი ცხოვრება ხან სცენაზე ვიდექი, ხან ტელევიზიაში... „არტი“ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. პროფესიით ვარ ექიმი-სტომატოლოგი. რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ რაღაც ახალი გამეკეთებინა. ყოველთვის შემოქმედებით ძიებაში ვიყავი და ამიტომ, ისევ „არტ-შემოქმედებაში“ გადავერთე.  


გავრცელებულია მოსაზრება, რომ ოჯახი გარკვეულწილად, აფერხებს კარიერაში წინსვლას. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?


ვფიქრობ, ამას მხოლოდ ის ეგოისტი ადამიანები ამბობენ, ვისაც არ სურთ ჰყავდეთ ოჯახი. ოჯახი ღვთის საჩუქარია და ის ჩემთვის პირველია.  როდესაც ძალიან დაკავებული ხარ, შემუშავებული გაქვს გეგმა, რომ უფრო მეტი მოასწრო. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე ხდება. ვარ 3 შვილის დედა, მყავს მეუღლე და ვარ როგორც წარმატებული დიზაინერი, ასევე, - დედა.  რას ნიშნავს წარმატებული დედა? იმას, რომ  ჩემი შვილების ყველ კითხვას ვუპასუხო.  ვცდილობ, მათთან ურთიერთობას, მეცადინეობას...  ჩემთვის მნიშვნელოვანია საღამოები ჩემს შვილებთან ერთად გავატარო. ერთად ვისაუბროთ ხელოვნებაზე, შევარჩიოთ მუსიკა. დრო ყოველთვის უნდა დაუთმო შვილებს, იმიტომ რომ ოჯახზე უკეთესი არაფერია. ჩემი აზრით ადამიანი, რომელიც კარიერაზეა ორიენტირებული, ს ჩვეულებრივი ეგოისტია.

 

ცნობილია, რომ თქვენ აშშ-ში დაამთავრეთ მოდელირების სკოლა. რამ გამოიწვია თქვენი ამ სფეროთი დაინტერესება?


პირველ როგში იმან, რომ ყოველთვის რაღაცას ვქმინიდი, ვხატავდი. ჩემთვის სამოსი მხოლოდ ჩასაცმელი არ არის, ის  ელეგანტურობის, სილამაზის სიმბოლოა.  მე რასაც ვემსახურები, ეს არის ხელნაკეთი სამოსი, კაბები. ერთი კაბის შექმნას 18-დან 22 საათამდე ვუთმობ. თუმცა, ვიდრე აშშ-ში წავიდოდი, მე მანამდეც მქნდა ჩემი კოლექცია. მჯერა იმის, რომ ამ ნიჭს შენ ვერ შეიძენ, ვერ ისწავლი, ეს ან გაქვს, ან -არა. ყველა ადამიანს აქვს ნიჭი, უბრალოდ ვინ როგორი მიმართულებით წავა,  როგორ გააღვივებს, მასზეა დამოკიდებული.


-რომელი უცხოელი დიზაინერია თქვენი ინსპირაციის წყარო?


უდიდეს პატივს ვცემ და მიყვარს კარლ ლაგერფილდი, რომელიც არის გენიოსი შემოქმედი, ის გახლავთ ისეთი ბრენდის არტ-დირექტორი, როგორიც არის, მაგალითად, შანელი. მიუხედავად იმისა, რომ 80 წელს გადაცილებულია, ის არასდროს არ ჩერდება. საოცრებებეს ქმნის და მსოფლიოს აოცებს. რა თქმა უნდა, ჯონ გალიანოც ჩემთვის ყველაზე ღრმა, უსასრულო ფანტაზიის მქონე არტისტია, ის მხოლოდ დიზაინერი არ არის, მას არტისტს ვუწოდებ.  თუმცა, ჩემი ინსპირაციის წყაროს ქალაქები, ქვეყნები, სასახლეები წარმოადგენენ. მხატვრებსაც აქვთ დიდი გავლენა ჩემს ემოციაზე, შემოქმედებაზე, ყველგან ვეძებ ხოლმე.


- ვინ არის თქვენთვის ე.წ   Fashion Icon?


ირის აპფელი, რომელიც 95 წლის ამერიკელი ქალბატონი გახლავთ. ის  ცოცხალი ლეგენდაა. მას არაჩეულებრივი სტილი აქვს. კიდევ ძალიან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. თუმცა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ირისს დავასახელებ, იმიტომ, რომ ის ასაკის მიუხედავად ისევ ფორმაშია და თავისთვის ისევ რაღაცას ქმნის.

 

თანამედროვე ტრენდებზე გვესაუბრეთ. 2017 წლისთვის რა ფერები ან რომელი ქსოვილი იქნება აქტუალური?



ეს საკმაოდ ვრცელი თემაა.  როდესაც შენ ხარ „მაღალი მოდის“ დიზაინერი, ამ ტენდენციას შენ თვითონ ქმნი. როდესაც შენ ხარ პრეტაპორტე დიზაინერი, მაშინ ეს ტენდენცია მსოფლიოს ირგვლივ ტრიალებს. ჩემს შემთხვევაში წინა სეზონზე, ფრანგულ ღვინოზე გავაკეთე კოლექცია. მაგალითად, კაბა, რომელსაც  ყურძნის ელემენტები ჰქონდა; ფოთლები, ნატურალური ლერწამი, რაც, ჩემი აზრით, ძალიან არტისტული იყო.  ამის შემდეგ ბორდოსფერი დამოწმდა. წამყვან დიზაინერებში მეოთხე მე ვიყავი, ვინც დაამოწმა ეს ფერი.

 

როგორია მოდელის თქვენეული პარამეტრები?


როდესაც შენ „მაღალ მოდას“ ემსახურები, აქ პარამეტრები 90-60-90 უნდა იყოს. როდესაც შენ საცვლების კოლექცია გაქვს, მაშინ „შევსებული“ გოგონები უნდა გყავდეს: სრული მკერდით, თეძოთი და ა.შ. ხოლო, როდესაც სპორტის ჩვენებას აკეთებ,  სპორტული აღნაგობის მოდელები უნდა გყავდეს. მიჭირს გამოვყო, რადგან ყველას აქვს თავისი სილამაზე. მსოფლიო და სამყარო აბსოლუტურად ყველას ეკუთვნის. მე შემიძლია წელს სრულიად განსხვავებული მოდელი გამოვიყვანო, როგორც ეს ადრე გავაკეთე, რომელიც შეიძლებოდა სხვებისთვის მიუღებელი გაეგნობის ყოფილიყო. ყველამ ვიცით, რომ მოდელები უნდა იყვნენ ძალიან ლამაზები, დახვეწილი სახის ნაკვთებით, გრძელი თმით და.ა.შ. ჩემს შემთხვევაში სხვანაირად ხდება, მე ვარჩევ ხასიათს. ამ კონკრეტული ვიზუალის ადამიანი რამდენად მოიხდენს ჩემს სამოსს და რამდენად შეძლებს გამკლავებას, უკვე მასზეა დამოკიდებული.   

 

როგორ შეაფასებდით ქართველების ჩაცმის სტილს?


რასაკვირველია, ჩვენ დახვეწილი გემოვნებით დაჯილდოვებულები ვართ.  ეს შინაგანად გვაქვს, რადგანაც არ გვიყვარს ზედმეტად გადაჭარბებული ჩაცმულობა. ყველა უფრო სადად გამოიყურება. რეალურად, საქართველოში ისეთი ადგილები არც არის, სადაც, ადამიანი თავს უფლებას მისცემს, ჩაიცვას ისეთი ექსტრავაგანტული სამოსი, რითაც, კომფორტულად იგრძნობს თავს. ქართველებს არა მარტო კარგი გემოვნება გვაქვს, არამედ, ზოგადად, უნიჭიერესი ერიც ვართ.


მაგრამ, როგორც იტყვიან, ზარმაცები?


მე ვფიქრობ, რომ ფრაზა „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“ არის უბრალოდ სტერეოტიპი. ჩვენ გაცილებით მეტი პრობლემა გვაქვს სამყაროში, ვიდრე ის, რომ ვიზარმაცოთ. მე არ მეგულება ჩემ გარშემო ადამიანი, რომელსაც, ეზარება რაღაცის შექმნა, როდესაც არის სამუშაო და საშუალება. შეიძლება ეს ოჯახიდან მოსდგამდათ. თუმცა, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა. ახალგაზრდები უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. კარგ მამაკაცებად და კარგ ქალბატონებად ყალიბდებიან, კიდევ უფრო ნიჭიერი თაობა მოდის და ამ საუკუნეში გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება.


გაანდეთ ჩვენს მკითხველს, როგორ შეეგუეთ ე.წ „ამერიკულ რიტმზე“ გადაწყობას და რამდენად იქონია გავლენა იქაურმა გარემომ თქვენს ესკიზებზე?


აქ ადამიანები დილის 1 ან 12 საათზე იღვიძებენ, ამერიკაში ცხოვრება კი დილის 5 სთ-დან იწყება და შესაბამისად, 12 საათზე მუშაობისგან უკვე დაღლილები არიან. განსახვავება დიდია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სფერო გაცილებით სხვა რიტმს მოითხოვს, 6-ზე და 5-ზე ადგომა არ მიწევდა. ჩემზე გარემოს არ უმოქმედია, რადგან, ის შენშია და შენ თვითონ ქმნი მას. თუმცა, აქ დადებით გარემოს ვგულისხმობ. მე არასოდეს არ ვქმნი კოლექციას, როდესაც, ცუდ ხასიათზე ვარ, როდესაც რამე მაწუხებს, ან პრობლემა მქვს. თუ როგორი ენერგიით არის შექმნილი ნამუშევარი, ეს კოლექციაზე აუცილებლად აისახება. 


როგორ შეადარებდით ამერიკელებისა და ქართველების ჩაცმულობას?


გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან, მე იქ არა მასას, არამედ, ბევრ ცნობილ მსახიობს  ვაცმევდი. ვფიქრობ, რომ განსახვავება დიდია.  იქ მაღაზიაში გამოპრანჭულები არ დადიან, იმიტომ, რომ იქ ყველა დაკავებულია და ყოველდღიურად, ძირითადად, სპორტული სამოსი აცვიათ.


- გაუზიარეთ ჩვენს მკითხველს, - რომელ ცნობად სახეებს აცმევდით?


დავიწყებ ვინსენტ დე პოლით, რომელიც, არაჩვეულებრივი მსახიობია. ასევე ელენ ჯეიკობი, რომელმაც გაზარდა ანტონიო ბანდერასისნაირი მსახიობები. ხოლო, საფრანგეთში გადმოსვლის შემდეგ, კანის ფესტივალზე ჩემი სამოსი ფრანგ მსახიობსა და ტელე წამყვანს - ელეონორა ბოკორას ეცვა. აგრეთვე, მის საფრანგეთი 2015-იც იწონებდა თავს ჩემი სამოსით.


ამდენი წელი აშშ-ში მოღვაწეობდით. რამ გამოიწვია თქვენი საფრანგეთში გადასვლა ?


ჩემი ბრენდი - PATUNA - პაკო რაბანის PR მენეჯერმა აიღო. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მოღვაწეობა 2015 წლიდან პარიზიდან იწყება.  რადგან, უხეშად რომ ვთქვათ,  ჩემს ფრანგ პრდიუსერებს „არ აინტერესებთ“  მე მანამდე რა გამიკეთებია. თუმცა,  ძალიან დიდ წარმატებას სწორედ აშშ-ში მივაღწიე. კალიფორნიაში, მაიამიში, ვილინგტონში, ლოს ანჯელესში ძალიან ბევრი ჩვენება მქონდა და ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი ვიყავი.  თუმცა, 2 წელია უკვე პარიზში გადავედი. იქ  ხელნაკეთი სამოსის სამშობლოა.

 

 

-გამოდის, რომ პარიზში თქვენი კარიერის ახალი ტალღა დაიწყო...


რასაკვირველია. ჩვენებებს სეზონურად ვაწყობ. მორიგი დეფილე იანვარში იგეგმება. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკა ჩემთვის ძალიან დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ეს ის ქვეყანაა, სადაც ყველა ოცნება ხდება, თუკი ბევრს იმუშავებ. ეს მუშობა კი აუცილებელია, თუ გინდა რომ ოდესღაც რაღაცას მიაღწიო.


/თეონა ცუცქირიძე/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge