Powered by Jasper Roberts - Blog

20:25 19.12.2016
რა არ მოსწონთ საზმაუწყებლის თანამშრომლებს კანონში

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელზე განცხადება მოამზადეს, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობაზეა საუბარი.საზმაუწყებლის არქვის ხელმძღვანელმა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრმა გიორგი ჩართოლანმა, აგრეთვე, მაუწყებლის წარმომადგენლებმა, სალომე დადუნაშვილმა და ლადო ტატიშვილმა დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართეს.როგორც ბრიფინგზე ითქვა, ცვლილებების მიზანს წარმოადგენს მოქმედ კანონმდებლობაში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლება-მოვალეობების გამიჯვნის საკითხი."ჩვენი აზრით, კანონის 30 მუხლის ბ); გ) და თ) პუნქტი შესაძლებლობას აძლევს გენერალურ დირექტორს, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის სიმძიმე იურიდიული თვალსაზრისით დააკისროს სამეურვეო საბჭოს, ხოლო სამეურვეო საბჭოს კი სრულად ანიჭებს მენეჯერის ფუნქციებს, რამდენადაც მას საკუთრი ინიციატივით შეუძლია ცვლილებები შეიტანოს მაუწყებლის ბიუჯეტში, დებულებაში (დებულების ნაწილს წარმოადგენს მაუწყებლის სტრუქტურაც) და შრომით ხელშეკრულებებში.

სამეურვეო საბჭო კი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს გენერალური დირექტორის და მაუწყებლის საქმიანობის მაკონტროლებელ ორგანოს, კანონის ამ მუხლების მიხედვით, არის მმართველო ორგანოც, რომელიც იღებს მენეჯერულ გადაწყვეტილებებს და საკუთარი გადაწყვეტილებების მაკონტროლებელიც.კანონის ამგვარი დათქმები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მაუწყებლის ნორმალური და სტაბილური ფუნქციონირების პირობებს. იკვეთება გარკვეული პრობლემების ერთმანეთზე გადაბრალების საშიშროება, რამდენადაც რთულდება გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირის ან ორგანოს მიკვლევა. კანონის შესაბამისი მუხლები პრაქტიკულად ნომინალურ ფიგურად აქცევს გენერალური დირექტორს.

მივიჩნევთ, რომ ახლა, ახალი გენერალური დირექტორის არჩევამდე, უპრიანია, მივმართოთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რათა პარლამენტმა განიხილოს ჩვენი წინადადებები და მხარდაჭერის შემთხვევაში მოხდეს საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა, რაც დარწმუნებულები ვართ, ხელს შეუწყობს მაუწყებლის პერსპექტიულ და ეფექტურ განვითარებას.ჩვენი აზრით, კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ შეიცავს კიდევ არაერთ ხარვეზს და, პარლამენტის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ, მოვამზადოთ წინადადებებისა და მოსაზრებების  სრული პაკეტი",- აცხადებენ საზოგადოებრივის მაუწყებლის წარმომადგენლები.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge