Powered by Jasper Roberts - Blog

14:37 19.11.2016
„ჩვენ წლების მანძილზე არაერთი შანსი გავუშვით ხელიდან და ვერ მოვახერხეთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე გასვლა“-მამუკა არეშიძე

რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებამ საქართველოში ტერიტორიული კონფლიქტების შესაძლო გადაწყვეტის გზებზე სოხუმში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. სეპარატისტთა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოუწოდებენ რუსულ მხარეს, აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთებას მოერიდონ.


ცნობისათვის, კალაშნიკოვმა დუმის რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და "ესენგეს" საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. რუსულ მედიასთან საუბრისას მან მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების შედგებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოლდოვაში პრორუსი კანდიდატის, სოციალისტური პარტიის ლიდერის, იგორ დოდონის გამარჯვება რეალურს ხდის მოლდოვას მიერ ტერიტორიული კონფლიქტის გადაჭრას და ეს, შესაძლოა, მაგალითი გახდეს საქართველოსთვის და უკრაინისთვის.

"თუ მოლდოვა შეძლებს რუსეთთან დაახლოებას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმას, მოახერხებს დნესტრისპირეთში ტერიტორიული კონფლიქტის კონფედერაციის ტიპის მოწყობით გადაწყვეტას, ეს შეიძლება გახდეს კარგი მაგალითი საქართველოსთვის და უკრაინისთვის.
"ამ ქვეყნებში არის მსგავსი ტერიტორიული პრობლემები, თუ მოლდოვა, რომელიც უკვე მეტწილად შემდგარი სახელმწიფოა და ევროინტეგრაციის გზაზეა შემდგარი, მოახერხებს პრობლემის გადაწყვეტას, ამას შეძლებენ საქართველო და უკრაინაც. მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში სიტუაცია გაამწვავა იმან, რომ მათ გადაწყვიტეს ნატოს წევრი სახელმწიფოები გამხდარიყვნენ",
- განაცხადა კალაშნიკოვმა.

კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ესაა რუსული ზონდაჟი და ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებები გათვლილია საზოგადოების რეაქციაზე.


„ეს არის რუსული გეგმა, სტრატეგია, რომ დაკვირვება მოახდინონ საზოგადოების რეაქციაზე. თუ იქნება სათანადო რეაქცია, რუსეთი გააგრძელებს ამ აზრის განვითარებას. რუსეთის დუმის დეპუტატმა გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება არა შინაარსის მიხედვით, არამედ ზონდაჟისთვის. კალაშნიკოვი არ არის იმ ტიპის ფიგურა, რომ მისი განცხადებები წყვეტდეს სახელმწიფოებს შორის წარმოქმნილ პრობლემებს. განცხადება კონფედერაციის შესახებ გაკეთებულია უფრო მოლდოვას მხარის გასაჩერებლად. რუსეთის ჯარები უკანონოდ იმყოფებიან მოლდოვას ტერიტორიაზე, რუსეთი იძულებულია, გაიყვანოს ჯარები. კონფედერაციის საკითხი კი რამდენიმე წელი გაგრძელდება და ამ პერიოდში რუსეთი მოახერხებს თავისი არმიის მოლდოვას ტერიტორიაზე დატოვებას.


რუსი დეპუტატის განცხადება მწვავედ აღიქვეს აფხაზეთში...ეს არის რუსეთის პოლიტიკური თვალთმაქცობა. მე ჩართული ვარ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ფორმატში და ვხვდებით საკმაოდ სერიოზულ ადამიანებს. არ ყოფილა ერთი მინიშნებაც კი, რომ რუსეთი დაინტერესებულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებით. საქართველო თუ დათანხმდება კონფედერაციას, მაშინ, რუსეთს მოუწევს უარი თქვას აფხაზეთის სუვერენიტეტზე. 1998 წელს მე ვიყავი იმ შეხვედრის მონაწილე, როცა ევგენი პრიმაკოვმა ვლადისლავ არძიმბა თბილისში ჩამოიყვანა და ედუარდ შევარდნაძეს შეახვედრა. მაშინ იყო საუბარი კონფედერაციის შექმნაზე. არძინბაც თანახმა იყო, მაშინ შევარდნაძემ დასვა მთავარი შეკითხვა -კონფედერაცია იქნება ორ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის, თუ სუბიექტსა და მის ყოფილ ავტონომიასშორის? რაზეც პასუხი ვერ მიიღო.


რაც შეეება მოლდოვას, ის განცხადებები, რაც გაკეთდა ახალი პრეზიდენტის მხრიდან, არის წინასაარჩევნო განცხადებები და მეტი არაფერი. მოლდოვა ინტეგრირებულია რუმინეთთან, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქვს რუმინული პასპორტები, მოლდოვაში ევროკავშირს დიდი ფინანსური ბერკეტები გააჩნია. დოდონმა რამდენიც უნდა ისაუბროს რუსეთზე, ეს შედეგზე ვერ იქნება ორიენტირებული. ჩვენ წლების მანძილზე არაერთი შანსი გავუშვით ხელიდან. ვერ მოვახერხეთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე გასვლა, არ გვაქვს ინიციატივების პაკეტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, აფხაზებს შევთავაზოთ თანამშრომლობის ახალი გზები. არავინ ცდილობს საუბარს აფხაზებთან, ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო პრობლემის სწორი ანალიზი"
-განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძე.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge