Powered by Jasper Roberts - Blog

18:00 14.11.2016
''არ გინდოდათ რძე და ყველი?'' – სუპერმარკეტ “ფრესკოს” დამფუძნებელი

“გუშინ, 2016 წლის 13 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მოამბეში“ ნაჩვენები იყო სიუჟეტი „მარკეტინგული გათვლა“, სადაც ფარული კამერით გადაღებულ კადრებში აჩვენეს „ფრესკოს“ ერთ-ერთი სუპერმარკეტი. დახლზე იყო ერთი ფასი და სალაროში – მეორე.

 

ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო შემდეგი განცხადება:

 

1. „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, სადაც მოქმედებს 5%-იანი მომენტალური ფასდაკლების ბარათი ნებისმიერ პროდუქტზე, გარდა სიგარეტისა და აქედან გამომდინარე, თაროზე დევს ორი ფასი: ერთი ფასდაკლების გარეშე და მეორე 5%-იანი ფასდაკლებით.

 

გაახილეთ თვალები არა მარტო სუპერმარკეტში, არამედ ცხოვრებაშიც, სულ რომ გძინავთ და მხოლოდ ნეგატივს ეძებთ. რა თქმა უნდა, იმ მომხმარებლისთვის ვისაც არ აქვს 5%-იანი ფასდაკლების ბარათი სალაროზე გატარდება უფრო მაღალი ფასი, ვიდრე იმ მომხმარებლისთვის ვისაც აქვს 5%-იანი ფასდაკლების ბარათი.

დღევანდელი მონაცემებით გაცემულია 160 000-ზე მეტი ბარათი ჩვენს მომხმარებლებზე. ბარათის აღება მარტივია: ერთხელ ყიდულობთ 50 ლარის პროდუქციას და იღებთ „ფრესკოს“ მომენტალურ ფასდაკლების ბარათს.

 

2. „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც იხდის დროულად მოწოდებული პროდუქციის საფასურს და რომელმაც ყველა მომწოდებელთან გაიარა მოწოდებული და გაყიდული პროდუქციის შედარების აქტები.

მინდა მივმართო მომწოდებლებს: გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ასეთი შედარებები სხვა ქსელებთან რომ გაიაროთ, რამდენ ხანში დაინგრევა საქართველოს რითეილ ბაზარი და მოიყოლებს ყველა მონაწილეს, მათ შორის მომხმარებელს და ყველას მიგვიყვანს კატასტროფამდე?

ამიტომ, მე თქვენს მხარეს ვარ, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული კანონი, რომელიც დაიცავს მომწოდებლის ინტერესებს და ის ქსელები, რომლებიც ვერ ან არ იხდიან უნდა დაიხუროს, ხოლო მათი ქონება (თუ ასეთი გააჩნიათ) უნდა იყოს გაყიდული ვალების დასაფარად.

 

3. „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, სადაც არასოდეს, ვიმეორებ – არასოდეს, არ დაუგვიანებიათ ხელფასის გადახდა თანამშრომლებისთვის მთელი მისი 5 წლიანი არსებობის განმავლობაში.

 

4. „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, სადაც არსებობს თანამშრომლების უფასო კვება.

 

5. „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც მუშაობს 100% საკუთარ ფართებზე და არ გააჩნია არც იჯარის გადასახადი და არც საბანკო ვალები დაპროცენტები.

 

6. „ფრესკოში“ კონსულტანტებს და მერჩენდაიზერებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ რითეილ ბიზნესში, საქართველოში.

 

7. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსის ვარდნიდან გამომდინარე, დღე-ღამეში შეიძლება 300-მდე დასახელების პროდუქციაზე შეიცვალოს ფასი, შეიძლება მართლა მოხდეს ტექნიკური შეცდომა და დახლზე უფრო დაბალი ფასი იყოს, ვიდრე სალაროსთან, „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, სადაც თაროზე დადებულ ფასს აქვს უპირატესობა სალაროს ფასთან მიმართებაში.

 

8. „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია, რომელიც არ არის დამოკიდებული მომწოდებლების მერჩენდაიზერებზე და წარმომადგენლებზე, მათ პრომო- კონსულტანტებზე და პრი-სეილერებზე. ქსელში ყველა შეკვეთა და გაყიდვები ხორციელდება 100%-ით „ფრესკოს“ თანამშრომლების მიერ.

 

9. „ფრესკომ“ მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 400-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა საქართველოში.

 

10. თუ ჩვენი მომხმარებელი, ვისაც აქვს 5%-იანი ფასდაკლების ბარათი ერთი თვის განმავლობაში ყველა თავის საყიდელს, რაც ოჯახს სჭირდება, იყიდის „ფრესკოს“ ქსელში, ხოლო მეორე თვის განმავლობაში იგივე ჩამონათვალს იყიდის საქართველოს ნებისმიერ სხვა ქსელში, მათ შორის იმ ქსელში, რომელიც ითვლება ყველაზე იაფად, თვალნათლივ დაინახავს განსხვავებას თვის განმავლობაში დახარჯულ თანხაში -„ფრესკოს“ სასარგებლოდ.

 

და კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, რითაც უნდა ამაყობდეს ქვეყანა, სადაც „ფრესკოს“ მსგავსი კომპანიები მუშაობენ.

 

პატივცემულო ჟურნალისტებო! თუ რეპორტაჟის გაკეთება გინდათ, მოდით ღიად. ჩვენი კარები ყოველთვის ღიაა თქვენთვის. ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი და მზად ვართ ყველაფერი გაჩვენოთ, მათ შორის ჩვენი წარმოებაც. ხოლო, მათ ვისაც სხვა ინტერესები ამოძრავებთ, ვურჩევდი ჯერ საგადასახადო სამსახურებში დაინტერესდნენ რამდენს იხდის „ფრესკო“ გადასახადებს ერთი კვადრატული სავაჭრო სივრციდან ბიუჯეტში და რამდენს იხდიან სხვა ქსელები, ხოლო მერე მოძებნონ ერთი ცნობილი ქართული ფრაზის დაბოლოება: „არ გინდოდათ რძე და ყველი?…“

ავტორ(ებ)ი : oknws.com