Powered by Jasper Roberts - Blog

17:28 04.11.2016
თურქეთზე ჯიჰადის გამოძახილი საქართველოში

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ ალ-ბაღდადის მოწოდების შემდეგ "ისლამური ხალიფატი" ყველაგან გააქტიურდება და თუკი საბრძოლო ველი თურქეთის გადმოვა და ტერაქტები იქნება, საფრთხეები რა თქმა უნდა, საქართველოს და მთელ კავკასიასაც ემუქრება.


"საფრთხეები რა თქმა უნდა, კავკასიასაც ემუქრება, ასე რომ, კარგად არ არის საქმე. ეს საერთო ბრძანება გამოცხადდა, მაგრამ კონკრეტულ ქვეყნებში, კონკრეტულ ქვედანაყოფებს ვის რა დავალებას მისცემენ, ეს არავინ იცის, სალაფიტების ხელმძღვანელების გარდა. მათი საქმიანობა კი ძირითადად ტერაქტებია", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ზაალ კასრელიშვილი. მისი თვალსაზრისით, ტერაქტების საფრთხე ყველგანაა, სადაც კი სალაფიტები ჯგუფებად არიან წარმოდგენილები. უფრო მეტიც, პოლიტოლოგი თვლის, რომ წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილის მოკვლის შემდეგ საქართველოში საფრთხეებმა არა თუ მოიკლო, პირიქით - იმატა. ბათირაშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო საქართველოში და მთელ კავკასიაში სიტუაციის აფეთქებისა და მის სიცოცხლეში უფრო დაცულები ვიყავით, ვიდრე ახლა ვართ", - აღნიშნავს კასრელიშვილი.

 


პოლიტოლოგი ასევე იხსენებს იმასაც, როდესაც ერთი წლის წინ საქართველოს მიმართ მუქარის მიმართვები აჭარელი სალაფიტებისგან გაკეთდა და თვლის, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, ეს ადამიანები ისის-ის მმართველობის მაღალ ეშელონებში არ არიან, არავინ იცის მათ უკან რა ძალა დგას და ვინ როგორ გამოიყენებს მათ. მითუმეტეს დღეს, როდესაც ისის- დაშლილი და გაფანტულია.

 


 

"მას შემდეგ, რაც კოალიციამ შეტევები მიიტანა "ხალიფატზე", მათ ერთი ცენტრიც არ აქვთ, საველე მეთაურების დონეზე დაიშალნენ და გაიფანტნენ მთელი მსოფლიო მასშტაბით. ვინ სად არის, ვის რა პოზიცია აქვს და ვინ რა დავალებას მიიღებს, ეს არავინ იცის. ჩვენ მეზობელ ქვეყნებში რომ ეს უბედურება ხდება, ჩვენთვისაც სახიფათოა. ადრე ბრძანება არ ყოფილა, ახლა კი ოფიციალურად ბრძანება გაიცა. დაიწყება გადაჯგუფებები და გამოჩნდება ვინ სად და რა ძალით ამოქმედდება და რა გველოდება ჩვენ", - დასძენს კასრელიშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge