Powered by Jasper Roberts - Blog

02:28 29.10.2016
ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რაც კი დედამიწაზე მოიპოვება

გარგარი
გარგარის შემადგენლობაში შედის ბეტა კაროტინი, რომელიც საშუალებას არ აძლევს თავისუფალ რადიკალებს, აქტიურად დაშალონ ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურები. იგი სასარგებლოა თვალებისთვისაც. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში ა ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც თავიდან გვაცილებს კიბოს ზოგიერთ სახეობას, განსაკუთრებით - კანის კიბოს. ერთი ცალი გარგარის ენერგეტიკული ღირებულებაა 17 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: გარგარი შეიძინეთ, სანამ ჯერ კიდევ მკვრივია. როგორც კი დარბილდება, ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.

ავოკადო
ოლეინის მჟავა, უჯერი ცხიმები, რომლებიც ამ ხილის შემადგენლობაში შედის, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს და ზრდის კარგი ლიპოპროტეინების რაოდენობას. ავოკადოს ნაყოფი მდიდარია უჯრედისით. ერთი ნაჭრის ენერგეტიკული ღირებულებაა 81 კილოკალორია, შეიცავს 8 გრამ ცხიმს და 3 გრამ ნახშირწყალს. რჩევა: ბუტერბროდისთვის მაიონეზის ნაცვლად ავოკადოს ნაჭერი გამოიყენეთ.

ჟოლო
ჟოლო მდიდარია ელაჯიკის მჟავათი - ნივთიერებით, რომელიც აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას, აგრეთვე - ც ვიტამინით, რომელიც აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას. ჟოლოში ბევრია უჯრედისი. ერთი ჭიქა ჟოლოს ენერგეტიკული ღირებულებაა 60 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 8 გრამ ნახშირწყალს.

მანგო
საშუალო ზომის მანგოს ნაყოფი შეიცავს 57 მგ ც ვიტამინს, რაც თითქმის ადამიანის სადღეღამისო ნორმის ტოლია. ეს ანტიოქსიდანტი გვეხმარება ართრიტის თავიდან აცილებაში, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. მდიდარია ა ვიტამინითაც. ერთი ცალი მანგოს ენერგეტიკული ღირებულებაა 135 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 4 გრამ ნახშირწყალს.

ნესვი
ნესვი შეიცავს ც ვიტამინს (ნახევარი ნესვი - რეკომენდებულ დღიურ ულუფაზე ორჯერ მეტს) და ბეტა კაროტინს - ორ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომლებიც უჯრედებს თვისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან იცავს. გარდა ამისა, ნახევარი ნესვი შეიცავს 853 მგ კალიუმს - ორჯერ მეტს, ვიდრე ერთი ცალი ბანანი. კალიუმი აუცილებელია გულისთვის, ამცირებს სისხლის წნევას. ნახევარი ნესვის ენერგეტიკული ღირებულებაა 97 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 2 გრამ ნახშირწყალს.

შტოში
შტოშის წვენი ებრძვის შარდის ბუშტში ლოკალიზებულ ინფექციას, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ერთი ჭიქა შტოშის წვენის ენერგეტიკული ღირებულებაა 144 კილოკალორია. არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

პომიდორი
ლიკოპენი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაროტინოიდია. იგი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. გამოკვლევები მოწმობს, რომ პომიდორი ამცირებს შარდის ბუშტისა და კუჭის დაავადებებს; გარდა ამისა, თუ მას ყოველდღე მიირთმევთ, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობა 50%-ით შეგიმცირდებათ. პომიდვრის ენერგეტიკული ღირებულებაა 26 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: დაამატეთ პომიდორს ზეითუნის ზეთი - ცხიმთან ერთად ლიკოპენს ორგანიზმი უკეთ აითვისებს.

ქიშმიში
ქიშმიში რკინის ძირითადი წყაროა, რკინას კი ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანა აკისრია. ნახევარი ჭიქა ქიშმიშის ენერგეტიკული ღირებულებაა 218 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.  რჩევა: დაამატეთ ქიშმიში შვრიის, ხორბლის, შერეული მარცვლეულის ფაფას.

ლეღვი
ლეღვი კალიუმის საბადოა. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინ ბ6-ს, რომელიც სეროტონინის - სიამოვნების ჰორმონის - სინთეზს განაგებს. ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ერთი ცალი ლეღვის ენერგეტიკული ღირებულებაა 37-48 კილოკალორია, შეიცავს 2 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.

ლიმონი
ლიმონის შემადგენლობაში შედისლიმონენი და ც ვიტამინი, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს თავიდან აცილებას. მისი ენერგეტიკული ღირებულება ძალიან დაბალია, არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს. რჩევა: შეკაზმეთ ლიმონის წვენით სალათები.

ხახვი
ხახვი მდიდარია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფლავონოიდით - კვერციტინით. კვლევები ცხადყოფს, რომ მისი რეგულარული მოხმარება კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს. ერთი ჭიქა ხახვის ენერგეტიკული ღირებულებაა 61 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

 

mkurnali.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge