Powered by Jasper Roberts - Blog

17:42 18.10.2016
„ისეთ დონეზე მივიდა საქმე, რომ სერიოზულად იხილება რუსეთ-ამერიკის ომის პერსპექტივები”-ვახტანგ მაისაია

რუსეთი მთელი შავი ზღვისპირეთის და მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პოტენციალს უფრო და უფრო აძლიერებს და უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ მოსკოვი ვაშინგტონთან დაპირისპირებისთვის ღიად ემზადება, ხოლო თუკი ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბება, საქართველოც აღმოჩნდება დაპირისპირების ერთ-ერთი პლაცდარმი. ის, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიასა და საზღვრების ახლობლად მილიტარიზაციას ზრდის, ამაზე ყველა სამხედრო ექსპერტი თანხმდება.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას განცხადებით, აფხაზეთში საარმიო დაჯგუფების შექმნა გულისხმობს აფხაზეთში რუსი სამხედროების 15 ათასამდე გაზრდას და დამატებით შეიარაღებას. ერევანის შეხვედრაზე შექმნილი კრიზისული ცენტრი კი ნატოს სწრაფი რეაგირების სარდლობაზე კონტრპასუხია და მოსკოვის მიერ ეს ორი ნაბიჯი ერთდროულად შემთხვევით არ განხორციელებულა. მისი თქმით, საქართველო რუსული გამალებული შეიარაღების ალყაშია და ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ძალიან ცუდი მოვლენები ვითარდება. ის თვლის, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ომის საფრთხე რეალურია და ამ ფონზე, რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიის მილიტარიზაციას უფრო და უფრო აძლიერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთთან დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაც იქნება გამოყენებული.

ვახტანგ მაისაიას თვალსაზრისით, ამით რუსეთი ღიად აცხადებს, რომ აშშ-თან დასაპირისპირებლად მზადაა და უკან არ დაიხევს, დაპირისპირების შემთხვევაში კი ერთ-ერთი პლაცდარმი იქნება საქართველოც.

"ფაქტობრივად, უკვე ისეთ დონეზე მივიდა საქმე, რომ სერიოზულად იხილება რუსეთ-ამერიკის ომის პერსპექტივები. უკვე დაიწყო კიბერშეტევები. ამერიკელები რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული კიბერშეტევების განხორციელებას აპირებენ. ასევე რუსეთი, ანალოგიურად შეიარაღებული ძალების კუთხით ამზადებს დარტყმებს, ისკანდერის ტიპის შეიარაღება შეიყვანეს კალინინგრადის ტერიტორიაზე, კამჩატკის ტერიტორიაზე მოტომსროლელი დივიზია გადაისროლეს. ეს კი აშშ-ს ალიასკის ტერიტორიაზე პირდაპირი დამუქრებაა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ პუტინის გადაწყვეტილებით იქმნება სამხედრო ბაზები კუბაში, ვიეტნამში. სამი დღის წინ ასევე ერევანში, პუტინის მონაწილეობით, კოლექტიური უსაფრთხოების სამიტი იყო, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები მიიღეს სამხედრო შემადგენლის გაძლიერებაზე. ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებულია და ეს უნდა იყოს ჩვენთან სერიოზული შეშფოთებისა და განხილვის საგანი", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, ამას ემატება აფხაზეთში შექმნილი საარმიო დაჯგუფება, რომელიც იქნება ერევანში შექმნილი კრიზისების მართვის ოპერატიული ცენტრის შემადგენელი. მას დაემორჩილება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რუსული ბაზები. ასევე ამ ორგანიზაციაში შემუშავდა სამხედრო დოქტრინა, 2025 წლამდე ეს ახალი სამხედრო ალიანსი როგორ უნდა განვითარდეს.

"რუსეთის მხრიდან უკვე აშკარად იკვეთება იმის მზაობა, რომ აშშ-ს აღუდგეს წინ. როგორც ჩანს, რუსები შეტევაზე გადავიდნენ და ჩათვალეს, რომ ამერიკელებს მათ ქმედებებზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. ამიტომაც გააქტიურეს აგრესიული ქმედება სირიაში. სირიაში რუსებსა და აშშ-ს შორის საერთოდ შეწყვეტილია ყოველგვარი თანამშრომლობა და საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა რუსეთმა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდონ.

"ფაქტობრივად, ჩვენ ვღებულობთ ახალი ტიპის, სერიოზული დაპირისპირების ფონს აშშ-სა და რუსეთს შორის და ბუნებრივია აქ საქართველოს გვერდზე გადგომა არ გამოვა. ჩვენ ამ გეოსტრატეგიულ დაფარვის ზონაში ვართ მოქცეული და ამ დროს ყველა დუმს. ეს პარადოქსული სიტუაციაა. საქართველო კი არაფერზე არ ფიქრობს. მე მხოლოდ შემიძლია დავაფიქსირო ის საშიში ტენდენცია, რომელსაც ჩვენი საზოგადოება და ახლად არჩეული ხელისუფლება ვერ ამჩნევს", - აცხადებს „რეზონანსთან“ ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ 2008 წლის აპრილში რუსებმა დაიწყეს პირველი შეიარაღებული ფორმირების შეყვანა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და ანალოგიური ხდება დღესაც, როდესაც აფხაზეთში იქმნება საარმიო დაჯგუფება, რომელიც უპირველესად სწორედ დასავლეთისკენაა მიმართული.

"რუსეთისთვის აფხაზეთის ტერიტორია მნიშვნელოვანია როგორც საზღვაო ელემენტებით, ასევე მგონია, რომ აფხაზეთში დიდი ხანია შეყვანილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ფავორიტები - ემ-300 და ემ-400, რომელთა რადიოლოკაციური დაფარვის ზონა შეადგენს დაახლოებით 300-500 კმ-ს. ეს ნიშნავს, რომ ისინი გააკონტროლებენ მთლიანად ხმელთაშუა ზღვისპირეთის იმ ნაწილს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია და დაფარავენ შავი ზღვის აკვატორიას. აფხაზეთში დამრტყმელი და რადიოლოკაციური სისტემების დანერგვით რუსები აფხაზეთს განიხილავენ პლაცდარმად, საიდანაც შავი და ხმელთაშუა ზღვის პირეთი ნატოს საწინააღმდეგოდ გააკონტროლონ", - აღნიშნავს „რეზონანსთან“ ვახტანგ მაისაია.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge