Powered by Jasper Roberts - Blog

11:24 30.09.2016
ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში წუხელ მეწყერი ჩამოწვა

აჭარის მთავრობის განცხადებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წუხელ ღამით მეწყრული პროცესები განვითარდა. 


როგორც „ინტერპრესნიუსს“აჭარის მთავრობიდან აცნობეს, მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ. ადგილზე ვითარება გამგეობის სპეციალისტებმა უკვე შეისწავლა და შესაბამისი სამუშაოები სრულდება. 



„დილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერებზე სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. ამჟამად ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.



მათივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები არსებულ ვითარებას სწავლობენ. ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანგებო ვითარებაში გამგებლის წარმომადგენლები მუშაობენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge