Powered by Jasper Roberts - Blog

12:38 17.09.2016
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთთან არასრულწლოვანი დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბერშუეთის განაპირას სოფელ სობისის მცხოვრები არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი დააკავეს. 


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.


დაკავებულის დის, ნათია გოგიჩაშვილის განცხადებით, ჯონი გოგიჩაშვილი 16 სექტემბერს სოფელ სობისიდან ბერშუეთში სკოლაში წავიდა, მას შემდეგ, რაც სკოლიდან შინ აღარ დაბრუნდა, ტელეფონით სცადეს კავშირის დამყარება, თუმცა ძმის ტელეფონზე რუსული ჯარის წარმომადგენლებმა უპასუხეს.



„გუშინ ჩემი ძმა სოფელ ბერშუეთში სკოლაში წავიდა. შემდგომში ტელეფონითაც ვესაუბრეთ, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც შინ აღარ დაბრუნდა, კვლავ ვცადე დაკავშირება, მაგრამ როდესაც დავრეკე, მიპასუხეს უკვე რუსულად და მითხრეს, რომ ჩემი ძმა იმყოფებოდა მათთან სოფლების, წინაგარის და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მილიციის განყოფილებაში. ჩემს ძმასთან დალაპარაკების საშუალება არ მომეცა. როცა მოგვიანებით, კვლავ ვცადე დაკავშირება, ტელეფონი უკვე გამორთული იყო და ამ დრომდე არ ჩართულა“, - აცხადებს ნათია გოგიჩაშვილი.


ჯონი გოგიჩაშვილის ტელეფონი ამ დრომდე გამორთულია. იგი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული. ბრალდება უცვლელია, ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. 



ჯონი გოგიჩაშვილის მეგობრების განცხადებით, სკოლის შემდეგ თანაკლასელები სოფელ ბერშუეთის განაპირას სამების სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ მოსალოცად. სწორედ აღნიშნული ტერიტორიიდან მოხდა ჯონი გოგიჩაშვილის აყვანაც.



სოფელ ბერშუეთის განაპირას საფორტიფიკაციო ნაგებობები დამონტაჟებული არ არის. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან დღემდე, პირველი შემთხვევაა, როდესაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არასრულწლოვანი დააკავეს. სხვა შემთხვევებში, როდესაც ე. წ. საზღვართან არასრულწლოვანის დაკავება მოხდა, გათავისუფლება დაუყოვნებლივ ხორციელდებოდა. ამჟამად კი, ჯონი გოგიჩაშვილი იზოლატორში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უკვე მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ასევე დაკავებული ახალგაზრდას გათავისუფლების პროცესში ჩართულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge