Powered by Jasper Roberts - Blog

14:46 14.09.2016
„ვიცოდი, რომ Nneka სცენის ჯადოქარი იყო“ - “Funday Intertainment”-ის ახალი წარმატებული პროექტი საქართველოში

გსურთ, სრული ამბავი მოისმინოთ  ჩემგან? თანახმა ვარ, მოგიყვებით სრულ ამბავს:  იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა - საქართველო და კიდევ იყო ერთი გოგონა აფრიკიდან, კერძოდ ნიგერიიდან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რათა შეესრულებინა საკუთარი სიმღერაWalking”, რომელიც ძალიან, ძალიან პოპულარულია ამ ქვეყნაში...“ Nneka.


ეს ამბავი კი ასე დაიწყო...

 

კომპანია Funday Ententainment-მა პროექტ „Walking to Tbilisi“-ს ანონსი გაავრცელა, საიდანაც ირკვეოდა, რომ სულ მალე საქართველოს ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარული, ნიგერიელი მომღერალი Nneka ესტუმრებოდა. ზემოაღნიშნულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი სიხარული და ვნებათაღელვა გამოიწვია.


"სალამი, მე ნნეკა ვარ, 12 სექტემბერს საქართველოში, ჩემს კონცერტზე გეპატიჟებით. აუცილებლად მოდით და გახდით ამ ჯადოსნური საღამოს მონაწილეები. მალე შევხვდებით!"Nnekas ვიდეომიმართვა პროექტის ორგანიზატორმა, კომპანია „Funday Ententainment-მა ჯერ კიდევ აგვისტოში გაავრცელა.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ „Funday entertainment“-ის დამფუძვნებელ თევდორე მაყაშვილს ესაუბრა:

 

როდის ჩამოყალიბდა კომპანია „Funday entertainment“-ი და რა მიმართულებით ხართ წარმოდგენილი ბაზარზე?

-„Funday entertainment“-ი უკვე ოთხ წელზე მეტია მოღვაწეობს ბაზარზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა  ივენთ მენეჯმენტი, არტისტ მენეჯმენტი, თიმბილდინგი და თანამშრომლობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან.


რატომ შეჩერდა არჩევანი ამჯერად Nneka-ზე და როგორ ხდება  კონკრეტული არტისტის შერჩევა?

-გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში Nneka ძალიან პოპულარულია, არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაგვჭირვებია. ზოგადად, არტისტის შერჩევა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, თუმცა, რა თქმა, უნდა გადამწყვეტ როლს საზოგადოების მოთხოვნა თამაშობს.


ასეთი მოთხოვნადი არტისტის დათანხმება როგორ მოახერხეთ და რამდენად გაგიჭირდათ?

-Nneka-ს საქართველოში ცნობადობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნიდან არაერთი მოწვევა ჰქონდა, თუმცა ჩვენი გამოცდილებისა და კონტაქტების საფუძველზე, არჩევანი  „Funday entertainment“-ზე  გაკეთდა.

 

12 სექტემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჰიპ-ჰოპის, სოულისა და რეგეის თანამედროვე ნიგერიელი ვარსკვლავი, ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა

 

Nneka-ს, თბილისური კონცერტისთვის, სპეციალური პროგრამა ჰქონდა შერჩეული, რომელსაც  „Walking to Tbilisi“ ერქვა. პროგრამა მოიცავდა სიმღერებს როგორც ახალი ალბომიდან, ასევე ძველი რეპერტუარიდანაც.


Funday Entertainment-ის ინფორმაციით, ნიგერიელ არტისტს განსაკუთრებული, "ვარსკვლავური" მოთხოვნები არ ჰქონია: ის ინსპირაციას მოგზაურობისას, სხვადასხვა კულტურების გაცნობისას იღებს და მისთვის მთავარი სიამოვნება, სწორედ ადამიანებთან შეხვედრა და მათთან ურთიერთობაა.


მომღერალი სხვა ცნობილ შემსრულებლებთან შედარებით, გამორჩეულად უბრალო, უშუალო, ენერგიული და პოზიტიურია. მუსიკისა და სიმღერის ჰარმონიული შერწყმა, ნელი ნოტებიდან ენერგიულ ნოტებზე გადასვლა, მიმიკები, უჩვეულო სცენური მოძრაობები, არაამქვეყნიური ხმა ერთგვარ ტრანსში აგდებდა მსმენლს.


Nneka-მ კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას  საქართველოში ყველაზე პოპულარული სიმღერის, Walking-ის შესახებ მოუყვა და აღნიშნა, რომ „Walking” -  ეს არ არის მხოლოდ ქუჩაში გასეირნება, ეს არ არის ფიზიკური სვლა. სიმღერა აღწერს ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებას და სირთულეების გადალახვას.


საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამის განმავლობაში, Nneka-მ, დაახლოებით, 12 კომპოზიცია  შეასრულა.


ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა. ვიცოდი, რომ Nneka სცენის ჯადოქარი იყო, მაგრამ ჩემს მოლოდინს კიდევ უფრო გადააჭარბა. მართლა მიჭირს, გამოვხატო ის შეგრძნებები, ენერგია და მუხტი, რომელსაც სცენიდან გვიგზავნიდა. ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ამ გოგონას შეეძლო, ამდენი ადამიანი ერთი ემოციის ქვეშ გაეერთიანებინა. Nneka სიკეთის, სიყვარულის, ჰარმონიის, სიმშვიდისა და პოზიტივის მატარებელი და გამავრცელებელია. მჯერა, მისი მოსმენისა და ნახვის შემდეგ ადამიანები უკეთესები ხდებიან,“- აღნიშნა ერთ-ერთმა მსმენელმა, ელენე მარგალიტაშვილმაჯორჯიან თაიმსთანსაუბარში.


კონცერტის დასრულების შემდეგ მომღერალმა ჩვენს მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას უპასუხა:

როგორია თქვენი განცდები და ემოციები?  როგორი განწყობა გაქვთ?

-ჩემს შემოქმედებას ღმერთს ვუძღვნი, რადგან მისი მადლობელი ვარ, რომ შემაძლებინა საქართველოში ჩამოსვლა და ამ ყველაფრის კეთება.


როგორ მოგწონთ საქართველო  და  ქართველები?

-საქართველოში ჩამოვედი, რათა შემესრულებინა სიმღერა “Walking”, რომელიც ძალიან პოპულარულია ამ ქვეყანაში. ეს სიმღერა ბიბლიიდან არის ამოღებული და ძალიან წააგავს ჩემს ცხოვრებას. ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით, ვეკუთვნით იმ ერთიანობაში, რომელიც ღმერთთან გვაახლოებს და ჩვენ ვეკუთვნით ღმერთს.

რაც შეეხება სიმღერასWalking”, ის ძალიან ძლიერი სიმღერაა და მისი შინაარსი არც თუ ისე ბევრმა იცის. მე მოხარული ვარ, რომ ის საქართველოში შესრულდება, რადგან საქართველო იერუსალიმის შემდეგ მეორე ყველაზე წმინდა ადგილია დედამიწაზე და მე ვფიქრობ, რომ ჩემთან ერთად იესო ქრისტეც ჩამოვიდა საქართველოში. უბედნიერესი ვარ, რომ დღეს მე აქ ვიმყოფები და ჩემთვის დიდი პატივია ამ უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, სადაც შემიძლია ვიყო ის, ვინც სინამდვილეში ვარ.

       

კიდევ ხომ არ გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას?

-მოხარული ვიქნები თუ დავბრუნდები. ძალიან მინდა კიდევ ჩამოვიდე თქვენს ქვეყანაში.

 

ნინო ოთარაშვილი

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge