Powered by Jasper Roberts - Blog

10:47 05.09.2016
ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა გონიოსა და სარფში მოძრაობა შეაფერხა.  მეწყრული პროცესების განვითარების გამო სარფი-ბათუმის ცენტრალური გზა ერთი საათით ჩაკეტილი იყო. წვიმის შედეგად დაიტბორა ახალსოფელში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო. მიწის მასის ჩამოწოლის გამო ერთი ოჯახის ევაკუაციაც განხორციელდა. დატბორვის შედეგად მოსახლეობას ავეჯი დაუზიანდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაწილი გაუფუჭდა. გონიოში მცხოვრებლები სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ. სამაშველო სამსახური დატბორილი ეზოებისა და სარდაფების ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს. 



როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მარtვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განაცხადა, მეწყრის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად 60 მაშველი მუშაობს. 



“უეცრად მოსულმა ნალექმა გამოიწვია გონიო-სარფი-ახალსოფლის გზის დატბორვა. სარფსა და კვარიათში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო ერთი საათით გადაიკეტა ბათუმი-სარფის მონაკვეთზე სავალი გზა. ამ დროისთვის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. მობილიზებულია რვა ერთეული სახანძრო საამშველო ტექნიკა და 60-მდე მაშველი“, - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.



ბათუმსა და სარფში გუშინ მთელი დღის განმავლობაში წვიმდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge