Powered by Jasper Roberts - Blog

15:57 26.08.2016
„ჩემს ყანაში რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ, მოიყვანეს კომბაინი და ქერის მოსავალს იღებენ“- სოფელ ზემო სობისის მცხოვრები

გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში, ადგილობრივ მაცხოვრებელ შალვა ჩილინდრიშვილს დილით, საკუთარ ყანაში რუსი ოკუპანტები დახვდნენ, რომლებიც კომბაინებით მის კუთვნილ მოსავალს იღებდნენ. მათ ჩილინდრიშვილს განუცხადეს, რომ მისი 6 ჰექტარი მიწა, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეკუთვნის და მას ყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. აღნიშნული ყანა კი, სოფლის მცხოვრებმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დათესა. მაშინ არც რუს ოკუპანტებს და არც ოსებს მისთვის მსგავსი სახის პრეტენზია არ წაუყენებიათ. მხოლოდ შარშან, ერთხელ გააფრთხილეს, რომ მისი მიწა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკას ეკუთვნოდა. ადგილობრივის თქმით, აღნიშნული მიწა დიდი ხანია, რაც მისი ოჯახის კუთვნილებაა და ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. სოფლის მცხოვრებლები შეშფოთებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა, არ არის გამორიცხული, მათი კუთვნილი ყანებიც მიითვისონ.


ამ დროისათვის რუსეთის საოკუპაციო ძალების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გაჩერებულია. ოკუპანტებმა მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივი მოსახლეობისა და პოლიციის გამოჩენის შემდეგ დატოვეს. თუმცა, სოფლის მცხოვრებლების თქმით, საღამოს საათებში რუსული ვერტმფრენები გამოჩდნენ, რომლებიც ადგილზე სიტუაციას ზვერავდნენ. ისინი შიშობენ, რომ ჟურნალისტებისა და პოლიციის წასვლის შემდეგ, ოკუპანტები ყანის აღებას გააგრძელებენ.


გუშინ დილას დავინახე, რომ ჩემს ყანაში რუსი შეიარაღებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. შემდეგ კომბაინი გამოჩნდა, რომელმაც ჩემი მოსავლის აღება დაიწო. ვუთხარი - რას შვრებით, ეს ჩემი კუთვნილი მიწაა, ყანას რატომ იღებთ მეთქი? მათ გამომიცხადეს, რომ ეს ყანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ ეკუთვნოდა და შესაბამისად, მოსავლის აღების უფლება მათ ჰქონდათ. ჩემი ოჯახი წლებია, ამ მიწის ნაკვეთს ფლობს. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ტერიტორიაა და ამჟამადაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. თუმცა, ოკუპანტები ჯერ კიდევ შარშან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩემი ბაღის ნახევარი, ანუ 6 ჰექტარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა მოქცეული. ბაღს მთელი წლის განმავლობაში ვამუშავებდი, უამრავი თანხა გავიღე, რას წარმოვიდგენდი, რომ ასე პირდაპირ შემომეჭრებოდნენ?!


მოიყვანეს კომბაინი და ჩემი ქერის მოსავალს იღებენ, მე კი ბაღში შესვლის უფლებას აღარ მაძლევენ. ამ ფართობზე დაახლოებით 20 ტონა მოსავალი უნდა მიმეღო. რა გავაკეთო, წარმოდგენა არ მაქვს. შეიარაღებული არიან და შიგნით შესვლის უფლებასაც არ მაძლევენ. მთელი გაზაფხული მიყურებდნენ, როგორ ვწვალობდი და ვშრომობდი, თურმე მოსავლის აღებას ელოდნენ. ჯერ მაცადეს დათესვა და მოვლა, ახლა კი წამართვეს. არ ვიცი, პასუხი ვის მოვთხოვო. ჟურნალისტები და პოლიციელები რომ გამოჩნდნენ, გაიქცნენ, თვალს მოეფარნენ. ესენი აქ რამდენ ხანს დარჩებიან? ნახევარი ყანა უკვე აიღეს. სულაც ღამე იმუშავებენ, რა ვინმე დაუშლით?", - განაცხადა შალვა ჩილინდრიშვილმა.


გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, რუსეთის მხარემ ტექნიკით ამ მოსავლის აღება გვიან ღამით დაიწყო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს აღარ უშვებენ.


 

წუხელ გვიან უკვე დაიწყო რუსების მხარემ ტექნიკით მოსავლის აღება, სადაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ უშვებენ. როგორც ასეთი, რომ ან მავთულხლართი იყოს გაბმული, ან სადმე ახლოს ბანერი იყოს განლაგებული, ასეთი აქ არაფერია. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ჩვენს მოსახლეობას თავისი კუთვნილი მოსავლის აღებისა და დაბინავების საშუალება არ მისცეს. ჩვენი მხრიდან ყველა უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსშია ჩაყენებული, რათა შემდგომი რეაგირება მოხდეს, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge