Powered by Jasper Roberts - Blog

20:45 05.08.2016
"კი არ დადის, დაფრინავს" - ვინ არის პირი, რომელიც უკვე რამდენიმე ხანია მოსახლეობას მშვიდად დაძინების საშუალებას არ აძლევს?

კუმისის უცნაურ მოვლენაზე "კვირის პალიტრის" #29-ში ვწერდით - მოსახლეობის მყუდროებას ღამის საათებში დაუდგენელი პირი არღვევდა. ეზოებში იპარებოდა, კარ-ფანჯარას ჩხაპნიდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა. შემდეგ კუმისელი "მოჩვენება" თეთრი­ წყაროს რაიონში, სოფელ კოდაში, ბორბალოსა და ღოუბანში გამოჩნდა. შეშინებული მოსახლეობა უცნობს კუმისელების მსგავსად აღწერდა: მაღალი, გამხდარი, შეღებილსახიანი პირი, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემს... რამდენიმე დღის წინ კი"კუმისელი "მოჩვენება" სოფელ ასურეთშიც შენიშნეს. აფციაურების ოჯახში უცნაური მოვლენა დაახლოებით ღამის თერთმეტ საათზე დააფიქსირეს. შავებში შემოსილმა მაღალმა მამაკაცმა სახურავს ქვები დაუშინა. ოჯახის წევრებმა პატრული გამოიძახეს, მაგრამ საეჭვო პირი ვერსად ნახეს. ამ ამბიდან დაახლოებით ერთ საათში, მოუხელთებელმა "მოჩვენებამ" კიდევ დაუშინა სახლს ქვები, თუმცა ვერც ამჯერად მოხერხდა მისი დაკავება. 

ლალი აფციაური: - სახურავზე ისეთი­ ბრახაბრუხი ატყდა, რომ ოჯახის წევრები გარეთ გამოვცვივდით. დავინა­ხეთ, შავი ლანდი სახლს ქვებს ესროდა... შეშინებულებმა პატრული გამოვიძახეთ, ეძებეს, მაგრამ ვერაფერი ნახეს. ტელეფონის ნომრები დაგვიტოვეს, თუ კიდევ რამე მოხდა, აუცილებლად დაგვირეკეთო. იგივე­ რომ განმეორდა, ისევ დავრეკეთ პატრულთან, მოცვივდნენ, მაგრამ ამჯერადაც ვერაფერი ნახეს. სოფელში თქვეს, რომ სპეცრაზმიც კი ჰყავდათ ჩამოყვანილი, მაგრამ... "

უცნაურად შემოსილი მამაკაცი ასურეთში ძველ კლუბთან ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამაც ნახა. ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც თავად პოლიციის თანამშრომელია, "კვირის პალიტრასთან" იხსენებს:

-"სამი დღის წინ, ჩვენი სახლის გვერდით მდებარე ბორცვზე, სადაც ჯვარია აღმართული, უბნის ბიჭები ლუდს ვსვამდით. ერთმა გვითხრა, - უკან შებრუნდით, ვიღაც დგას და გვიყურებსო. რომ მივტრიალდით, ყველანი ადგილზე გავიყინეთ. თეთრებში ჩაცმული მაღალი, უთმო მამაკაცი მოგვშტერებოდა და ხმას არ იღებდა. დავუძახეთ, ვინ ხარ, რა გინდა და რატომ გვიყურებო. არც განძრეულა, გაშტერებული მოგვჩერებოდა. ბოლოს ვუთხარით, მობრძანდით და ერთი ჭიქა დაგვი­ლიეთო. ამის თქმა და უკან გაბრუნდა. ქვემოთ გაუყვა გზას. 

მეორე დღეს, საღამოს ათი საათი იქნებოდა, უბანში, ჩემი სახლის წინ, რაღაც უცნაური არსება შევნიშნე. თავიდან ბოჩოლა მეგონა, მაგრამ რომ მივუახლოვდი, შავებში ჩაცმული, ოთხზე მდგარი მამაკაცი დავინახე. არასდროს მინახავს ასე უცნაურად შემოსილი ადამიანი. ბიჭებს დავუძახე და გამოვეკიდეთ, გაგვექცა. მარტო რომ ვყოფილიყავი, შეიძლება ვიღაცას ეთქვა, რომ მომეჩვენა, მაგრამ ერთდროულად ყველამ დავინახეთ ერთი და იმავე შესახედაობის პირი... 

P.S. ვინ არის პირი, რომელიც უკვე რამდენიმე ხანია მოსახლეობას მშვიდად დაძინების საშუალებას არ აძლევს? იმასაც ამბობენ, მამაკაცი წალკის მკვიდრი, ყოფილი სპეცრაზმელია და მას ფსიქიკური პრობლემები აქვსო. მასობრივი ჰალუცინაციაა, პარანორმალური მოვლენაა თუ რეალური ამბავი, კვლავ ამოუხსნელია... მივიღეთ ინფორმაცია, რომ სხვადასხვა სოფელში დამონტაჟებულმა კამერებმა "მოჩვენება" დააფიქსირეს და გამოძიება ამ ფირს სწავლობს.

"არ ვიცი, ადამიანია თუ მხეცი"


ირინა კვიცაძე, სოფელ კოდის მცხოვრები: - ღამის პირველი საათი იქნებოდა, ჩემი მამამთილი, რომელსაც აივანზე ეძინა, ხმაურმა რომ გამოაღვიძა. ქვემოთ გვაქვს მარანი. ეგონა, შვილი მარანში ღვინის გამოსატანად იყო შესული. აივნიდან რომ გადაუხედავს, დაუძახია, ამ შუაღამისას რას დადიხარო. ეს სიტყვები არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მაღალი, გამხდარი, შავებში ჩაცმული მამაკაცი ღობიდან 

გადამხტარა. მეორე ღამეს ჩვენს უბანში მდებარე ქათმის ფერმაშიც ყოფილა. ღამის დარაჯს ისე შეშინებია, ფერმის სახურავზე ამძვრალა და დილამდე არ ჩამოსულა... "

დალი სულხანიშვილი ამბობს, რომ 18 ივლისს მის სახლსაც სტუმრობდა უცნაურად შემოსილი პირი, რომელიც სამზარეულოში შეიპარა, საჭმელი იატაკზე დაყარა და გაიქცა. 

- მთელი სოფელი შეშინებულია. რომ თქვეს, კოდაშიც გამოჩნდაო, მარტოს ღამის გათევა შემეშინდა და მეზობელთან დავიძინე. დილით ადრიანად გამოვედი და სამზარეულოში შესულს საშინელი სურათი დამხვდა - იატაკზე კარტოფილი, პომიდორი, ხახვი და სხვა პროდუქტი ეყარა. მაცივრიდან ყველაფერი გადმოეყარა. ყველაფერი ერთმანეთში იყო აზელილი. მაშინვე გამოვიძახეთ პატრული, რომელმაც ანაბეჭდები აიღო. 25 წელია ამ სოფელში ვარ გათხოვილი და მსგავსი არაფერი მომხდარა. ძალიან მეშინია. გუშინ მეზობელთანაც შესულა და ანალოგიურად აურევია სამზარეულო. არ ვიცი, ადამიანია თუ მხეცი, მაგრამ დამშეულია და საჭმელს იპარავს." 

საუბარში მეზობელიც ჩაე­რთო და გვითხრა, რომ სოფელ ბორბალოში მამაკაცს პაპა-შვილი ისე შეუშინებია, ოჯახის ორივე წევრი სტაციონარში გადაუყვანიათ.

"ვთხოვთ­ პოლიციას, გვიშველონ!"

თუ აქამდე დაუდგენელი პირი ღამის სტუმარი იყო, სოფელ ღოუბნის მოსახლეობამ ის უკვე დღისითაც შეამჩნია... 

ლელა ჯანგებაში: -"დაახლოებით დღის ხუთი საათი იქნებოდა, როდესაც ჩემი მაზლის ოჯახში შევედი წყლის დასალევად და მალევე გამოვბრუნდი. ნახევარ საათში ჩემი რძლის კივილი გავიგონე და მაშინვე შევვარდით. გვითხრა, რომ ბოსელში ძროხის დასაბმელად იყო შესული, როდესაც ქვების სროლისა და ყმუილის ხმა გაუგონია. კივილით გარეთ გავარდნილა, "მოჩვენება" კი სასწაული სიჩქარით გაქცეულა. სოფლის კაცები გაედევნენ, მაგრამ ვერ დაიჭირეს. მერე მეორე მეზობელმა დაინახა იმავე აღწერილობის მამაკაცი და იქაც შეცვივდნენ კაცები. იქიდანაც დაუსხლტათ. პოლიციამ მომხდარის შესახებ იცით, რა გვითხრა? პარანორმალური მოვლენაა, ზეციური არსებაა და გადაივლისო. ალბათ ამას იმიტომ გვეუბნებიან, რომ ვერ იჭერენ. მე შინ ორსული ქალი მყავს და სხვა სოფელში გავუშვი, რომ არ შეეშინდეს."ვითხოვთ,­ პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები გამოგვიყონ და ერთხელ და სამუდამოდ დააკავონ პირი, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს. 

ეკა ეკლვერაშვილი, ღოუბნის მკვიდრი:
 "- ჩემი თვალით დავინახე, ბალახებში ჩამალული შავებში ჩაცმული კაცი ისე გადახტა ეზოდან, იმას როგორ უნდა დასწეოდა კაცი?! კი არ დადის, დაფრინავს."

ბექა პეტრიაშვილი: "- მე და ჩემი მეგობარი ჭიშკართან ვიდექით. ჩვენს სახლთან ხევია და დაახლოებით 50 მეტრში ლამპიონის შუქზე დავინახეთ, როგორ ამოვიდა ხევიდან შავებში ჩაცმული მაღალი მამაკაცი, რომელსაც თავზე რაღაც ჰქონდა წაკრული და სახეზე რაღაც ესვა. ხელებიც კი არ უჩანდა, სულ შავებში იყო შემოსილი. პოლიცია კი მოვიდა, მაგრამ ვერსად ნახეს."

"ყველა გაგიჟდა?" 

ფსიქოლოგებს ამ უცნაურ მოვლენასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება გაუჭირდათ.

მარინა გოგსაძე, ფსიქოლოგი: 
- მეც ვნახე რეპორტაჟი და ვერ გავერკვიე, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. რა გითხრათ? როცა ისიც არ იციან, ადამიანია თუ არა, ძნელია რაიმეს შეფასება. ფსიქოლოგიურად ძნელია ამის ახსნა. ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა ვთქვა, რა მოვლენასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, მასობრივ ჰალუცინაციასთან? ყველა გაგიჟდა? ან თუ რაღაც პარანორმალური მოვლენაა, მე არ ვარ ამის სპეციალისტი. ჯერ ფაქტია გამოსაკვლევი. როცა უამრავი ადამიანი აღწერს ერთსა და იმავე ადამიანს თუ არსებას, რომელიც ვერ ჯდება ადამიანურ პარამეტრებში, ძნელია ამ მოვლენის შეფასება. " 

გიორგი დონაძე, ფსიქოლოგი:
 - არ ვიცი, რა გითხრათ. როდესაც ასეთი მოვლენები მედიაში შუქდება, მას ყოველთვის უჩნდებიან მიმდევრები და ტირაჟირებას ახდენენ. შესაძლოა, ახლაც ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე... 

ავტორ(ებ)ი : წყარო:kvirispalitra.ge