Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:41 27.07.2016
,, წინა წლებისგან განსხვავებით, წამება და არასათანადო მოპყრობა, როგორც ციხის მართვის და რეპრესიული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინსტრუმენტი, აღარ გამოიყენება''-კახა კახიშვილი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა „ამბასადორიალ 2016“-ზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, როგორც ერთ-ერთი მოწინავე უწყების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგები გააცნო.

 

მინისტრი დიპლომატებს უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა და აღნიშნა ისიც, თუ რა ხელშესახებ შედეგებს მიაღწია საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა მიმართულებებთან ერთად, პენიტენციისა და პრობაციის სისტემის განვითარებაში. კახა კახიშვილის განცხადებით, რეფორმების დადებითი შედეგები სწორად არის დანახული და შეფასებული ევროსაბჭოს, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, თუ წითელი ჯვრის ეგიდით მომზადებულ ანგარიშებში.

 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წამება და არასათანადო მოპყრობა, როგორც ციხის მართვის და რეპრესიული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინსტრუმენტი, აღარ გამოიყენება.

 

„კარდინალურად შემცირდა პატიმართა საერთო რაოდენობა, 24 ათასიდან 9700-მდე, რაც მასშტაბურ ამნისტიასთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გააქტიურების შედეგია. არსებითად გაუმჯობესდა პატიმართა საცხოვრებელი პირობები და ის დღეს სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ეტაპობრივად გადავდივართ ციხის ახალ, თანამედროვე მოდელზე, რაც დაწესებულებებში პატიმართა რისკების მიხედვით გადანაწილებას გულისხმობს. კლასიფიკაციის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება“- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.


კახა კახიშვილმა 2015-2016 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომლის საფუძველზეც დაინერგა სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგით. მინისტრის თქმით, პრობაციის ეროვნული სააგენტო ელექტრონული მონიტორინგის თანამედროვე ცენტრით აღიჭურვა, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ არასრულწოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება, მომავალი წლიდან კი შინაპატიმრობის ამოქმედება უკვე სხვა მსჯავრდებულებისთვისაც იგეგმება. გარდა ამისა, მინისტრმა დიპლომატებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ესაუბრა, რომელიც პატიმრებს საშუალებას აძლევს უწყების ხელშეწყობით და საკუთარი ხელით დამზადებული ნივთის რეალიზაცია სამინისტროს მიერ შექმნილი ონლაინ მაღაზიის მეშვეობით განახორციელოს. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა კი მსჯავრდებულის/ბრალდებულის ანგარიშზე აისახება. ამასთან, სამინისტროს საშუალება აქვს მსჯავრდებულები ციხეებში ან სამინისტროს შენობებში მიმდინარე მცირე სარემონტო სამუშაოებზე გარკვეული ანაზღაურებით დაასაქმოს.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის და თანმიმდევრული მიდგომის შედეგად პენიტენციურ ჯანდაცვაში წლების განმავლობაში არსებული უმძიმესი პრობლემები აღმოფხვრილია.

 

„დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ პენიტენციურ ჯანდაცვაში არსებული შედეგებით. დღეს ციხეში მოქმედებს C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამები და განკურნების მაჩვენებელი 90%-ს აღემატება. გარდა ამისა, რადიკალურად შემცირებულია პატიმართა გარდაცვალების ფაქტები. თუ 2011 წელს პენიტენციურ სისტემაში 140 პატიმრის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, 2015 წელს მხოლოდ 12 შემთხვევა იყო. პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე, მოქმედებს სუიციდის პრევენციის პროგრამა და საბედნიეროდ მიმდინარე წელს ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

დასასრულს მინისტრმა „ამბასადორიალი 2016“-ის მნიშნველობაზე ისაუბრა და განაცხადა რომ დაინტერესებულია საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის ღრმა და დინამიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებით. „2012 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში იმდენად დიდი რეფორმა გატარდა და იმდენად მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს, რომ აუცილებელია ეს ინფორმაცია ფართოდ გავიდესნ საერთაშორისო საზოგადოებაში“,-განაცხადა კახა კახიშვილმა და ამ მხრივ მან საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდაჭერისკენ.

 

კახა კახიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პენიტენციური დაწესებულებების დათვალიერება შესთავაზა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge