Powered by Jasper Roberts - Blog

11:52 24.06.2016
სპეციალისტებმა ვერტმფრენის საშუალებით დევდორაკის მყინვარი და მდ.დევდორაკის კალაპოტი დაათვალიერეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დარიალის ხეობაში იმყოფებიან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მუდმივი მონიტორინგი გრძელდება. სპეციალისტებმა ვერტმფრენის საშუალებით სტიქიის ზონა, დევდორაკის მყინვარი და მდ.დევდორაკის კალაპოტი დაათვალიერეს.


პირველადი შეფასებით, უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული მასა განვითარდა, რამაც გამოიწვია საქართველოს სამხედრო გზის მწყობრიდან გამოსვლა დაახლოებით 800 მეტრის მონაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ 23 ივნისს სტიქიური პროცესები უხვი ნალექის შედეგად 2014 წლის 17 მაისს დევდორაკის ხეობაში განვითარებული სტიქიის დროს მდ. დევდორაკის კალაპოტში დარჩენილი მყარი მასის დაძვრამ განაპირობა, წარმოქმნილმა ღვარცოფულმა მასამ მდ. თერგის შესართავამდე მიაღწია.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ივნისის დასაწყისიდან მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს ხეობაში, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს შესაძლო საფრთხის შესახებ და დაუყოვნებლივ მოხდა საავტომობილო გზის ჩაკეტვა და მოქალაქეთა ევაკუაცია.

 

პრევენციული ქმედებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული ადამიანთა მსხვერპლი.

 

სპეციალისტების მიერ ამალი-დევდორაკის ხეობის პროცესებზე მუდმივი დაკვირვება რისკების შემდგომი პრევენციისათვის კვლავ გრძელდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge