Powered by Jasper Roberts - Blog

16:52 30.05.2016
" "მე თუ არა, ისინი მოვლენ და "ბუა შეგჭამთ" ", ივანიშვილისგან არასწორი გზავნილია"-გია ხუხაშვილი

დღეს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და შექმნილ ვითარებაზე ღია წერილი გამოაქვეყნა. წერილში ივანიშვილი მის სამომავლო გეგმებზე საუბრობს, სადაც აღნიშნავს, რომ გამოიყენებს მთელ თავის რესურს, რათა სააკაშვილის გუნდმა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლოს.

 

წელს მთელი საზოგადოება პოლიტიკური სიმწიფის გამოცდას ვაბარებთ. ადრე თეთრსა და შავს შორის ვირჩევდით, დღეს უკვე ბევრი ფერია, გაჩნდა არჩევანის თავისუფლება - ყველა საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს, ყველა საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამიტომ, გაცილებით რთულია მართებული არჩევანის გაკეთება.

 

სიცრუის მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც. ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან. აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ.

 

რა ხერხებით?  როგორ შეძლებს  ბიძინა ივანიშვილი, რომ დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ ან რა რესურსებით? ამ საკითხთან დაკავშირებით ”ჯორჯიან თაიმსი” ესაუბრა ექსპერტებს პოლიტიკის საკითხში გია ხუხაშვილსა და ვაჟა ბერიძეს.

 

”თავისთავად ”მთელ ჩემ რესურს გამოვიყენებ”, მორალური რესურსები თუ აქვს მხედველობაში, კარგია. საერთოდ ასეთი რადიკალიზმი მე არ მომწონს. სიმართლე გითხრათ იმიტომ, რომ მე გარკვეული დეჟავუს შეგრძნება მაქვს, რადგან თავის დროზეც ბადრიმ იგივე განცხადება გააკეთა. მე ვფიქრობ, არ სჭირდება მაგ საკითხს რესურსის გამოყენება, შემიძლია დავამშვიდო, რომ არ სჭირდება ”ნაციონალურ მოძრაობასთან” საბრძოლველად. საერთოდ დიდი შეცდომაა მისი მხრიდან ჩემი აზრით საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის ამ პრიზმაში ყურება, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ქართული ოცნება” თითქოს სხვა არაფერი არ არსებობს და ასე რომ ვთქვათ სხვა არჩევანი არ არსებობს. დიდი ხანია ჩემი აზრით, რომ ”ქართული ოცნებაც” და ”ნაციონალური მოძრაობაც” უმცირესობაში არიან ქართულ საზოგადოებაში  და ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ ასე ვიწროდ ხედავენ იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაშია. ალტერნატივა ”ქართული ოცნების”, მარტო ”ნაციონალური მოძრაობა” არ არის. ”ნაციონალური მოძრაობა” არის წარსული გარკვეულწილად. მისი მთავარი პრობლემა არის ის საზოგადოება, რომელსაც დღეს არც ხელისუფლება არ მოსწონს და არც ”ნაციონალური მოძრაობა”. საზოგადოებას უნდა ელაპარაკებოდეს ბიძინა ივანიშვილი. ამის ნაცვლად ის მაინც ამ დაპირისპირების გეგმაში ხედავს პროცესებს, რაც ჩემი აზრით არასწორია. წინ უნდა ვიყუროთ, ჩვენ მომავალი გვინდა, უკეთესი არჩევანი გვინდა და არა უარესს შორის არჩევანი. მხოლოდ ნეგატიური გზავნილი, მე თუ არა ისინი მოვლენ და ბუა მოვა და შეგჭამს, ეს არასწორი გზავნილია. ნეგატიური გზავნილია და არ არის ორიენტირებული განვითარებაზე". -აღნიშნა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში.

 

ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეტება ვთხოვეთ პოლიტოლოგ  ვაჟა ბერიძეს, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

 

”ვერ გეტყვით, ბიძინა ივანიშვილს მაგივრად არ ვაპირებ ფიქრს. მე არ ვიცი რა მეთოდებით და რა რესურსებით აპირებს ამას”- აღნიშნა პოლიტოლოგმა.

 

ნინო ოთარაშვილი

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge