Powered by Jasper Roberts - Blog

17:01 24.05.2016
,,სააკაშვილი ყველა მოვლენას სათავისოდ იყენებს, რომ შემდეგ ამაზე ილაპარაკოს“ - გია ხუხაშვილი

19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი - გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.


მომხდარ ტრაგედიას საზოგადოების მხრიდან და პოლიტიკურ წრეებში თავიდანვე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

 

სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  - პაატა ზაქარეიშვილმა, ფაქტს ,,გამონაკლისი მკვლელობის“ შეფასება მისცა, რითაც საზოგადოების და გარდაცვლილის ოჯახის წევრების განაწყენება გამოიწვია. მოგვიანებით,  ამასთან დაკავშირებით ზაქარეიშვილმა ბოდიში მოიხადა.

 

,,პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არა თუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

ყველაზე აქტიური  გამოხმაურება მაინც  ნაცმოძრაობის მხრიდან გაისმა. თითქმის არ დარჩენილა მათი პარტიის წევრი, ვისაც ფაქტზე კომენტარი არ გაეკეთებინოს.


ყველაზე მძაფრი, ექს-პრეზიდენტ - მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის - დათა ახალაიას კომენტარები იყო. სააკაშვილმა სამძიმრის წერილი გამოუგზავნა გარდაცვლილის ოჯახს:


,,შეძრწუნებული ვარ ამ საზარელი მკვლელობის გამო და მთელი გულით გიცხადებთ თანაგრძნობას.შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცე ის ტკივილი, რომელსაც გიგას მკვლელობის გამო განვიცდი.რუსეთის იმპერიის არაადამიანობას კიდევ ერთი უდანაშაულო ქართველი შეეწირა. 

ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს!

მე გაძლევთ პირობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი აღარ ეწირებოდესრუსეთის იმპერიალისტური სახელმწიფოს ბოროტებას. ვიდგები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე,რომ ჩვენს სამშობლოში აღარ იყოს ოკუპაცია და გიგას შვილებმა იცხოვრონ დამოუკიდებელსაქართველოში.

 

ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი!

გულითადი პატივისცემით - მიხეილ სააკაშვილი", -  წერს ექს-პრეზიდენტი სამძიმრის წერილში.


ახალაია კი მკვლელობის ფაქტს ციხიდან გამოეხმაურა:


„გიგა ოთხოზორიას ეს ცინიკური მკვლელობა არ არის ერთადერთი უბედურება, რაც დღეს აფხაზეთის მიწაზე ხდება. ბუნებრივია, ამ ფაქტს განსაკუთრებული ცინიზმი ახლდა, შოკისმომგვრელია ის გარემოება, რომ ეს მკვლელობა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მოხდა. სწორედ ცინიზმის ეს ფორმა და ქართული სახელმწიფოს სისუსტე გახდა დღეს საზოგადოების კრიტიკის საგანი, მაგრამ მინდა ყველამ ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ წლებში აფხაზეთში ასევე ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების მასიურ დევნას. არაერთი ადამიანი არის რეპრესირებული ოკუპანტი რეჟიმის მიერ მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ მათ ბრალი დაედოთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში. სისტემური ხასიათი აქვს ასეთი ადამიანების ჩაგვრას და შევიწროებას, საქართველოს ხელისუფლებას კი ისინი მიტოვებული ყავს სრულიად უყურადღებოდ. სწორედ ასეთი დაუსჯელობის სინდრომისა და საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო ბედავენ დღეს ოკუპანტები ამ სახის ცინიკური და უმაწყალო დანაშაულის ჩადენას.

მაგრამ საბოლოოდ ერთი რამ მაინც მინდა ითქვას, მიუხედავად იმ სისუსტისა და უსინდისობისა, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება იჩენს, შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელს, ასევე აფხაზეთის მიწაზე იმ ათეულობით ქართული ოჯახის ამწიოკებელს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება, რა დროც არ უნდა დაჭირდეს, სადაც არ უნდა აღმოჩდნენ ეს ჯალათები, ისინი აუცილებლად წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე, ვერცერთი მათგანი პასუხისმგებლობას ვერსად და ვერასდროს გაექცევა“.

 

ტრაგიკული ფაქტის ირგვლივ, ნაცინალური მოძრაობის გააქტიურებასთან დაკავშირებით და კითხვით, - ,,რა პოლიტიკურ აქტივობასთან  გვაქვს საქმე მათი ქმედებებით?“ , -  "ჯორჯიან თაიმსი" დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტს, - გია ხუხაშვილს დაუკავშირდა.


 

,,თემა არის ძალიან სენსიტიური და შესაბამისად, ჩვენ ყველამ უნდა მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს. ეს მკვლელობა ჩვენს გრძელვადიან პრობლემას ეხება და ამით პოლიტიკური წრეები არ უნდა სარგებლობდნენ. ნაციონალურ მოძრაობას კი თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან უნდა, რომ იქცეს ამ თემის ფლაგმანად. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის ყველა სიტუაციას და მოვლენას იყენებს სათავისოდ, რომ შემდეგ  ამაზე ილაპარაკოს“ - განაცხადა ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში.  


თამუნა დუღაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge