Powered by Jasper Roberts - Blog

16:34 23.05.2016
სად მიდის და რაში იხარჯება “Check In Georgia”-ს 28 მილიონი?!

საქართველო მსოფლიო კალენდარზე - საქართველოს მთავრობის ინიციტივით, 7 აპრილს, პროექტის  Check in Georgia პრეზენტაცია გაიმართა.


რობი  უილიამსი, Maroon 5-, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი, – მსოფლიო მეგავარსკვლავები საქართველოში მასშტაბური პროექტის, „ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში, კონცერტებს გამართავენ.


პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება. სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონი ლარი გამოიყო.


იტალიელმა მომღერალმა ეროს რამაზოტმა თბილისში, სპორტის სასახლეში, 24 აპრილს უკვე გამართა კონცერტი. რობი უილიამსს კი მსმენელი 27 მაისსდინამო არენაზე“, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში მოუსმენს.


Maroon 5-იჰიტ ბათუმს“ (Heat Batumi) 7 ივნისს გახსნის. შოუ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ არის დაგეგმილი.


რაც შეეხება საოპერო სამყაროს ლეგენდასხოსე კარერასი ქალაქ ქუთაისში 18 ივნისს წარდგება მაყურებლის წინაშე.


ჩექ ინ ჯორჯიასფარგლებში, წლის განმავლობაში ასევე დაგეგმილია საქართველოს 19 ქალაქში 35 მასშტაბური კინო, ფოტო, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალების ჩატარება.


იმ ფაქტმა, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი არის გამოყოფილი,  მოსახლეობაში გაუთავებელი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუ რამდენს უხდის კულტურის სამინისტრო ვარსკვლავებს, აქვს თუ არა საქართველოს იმის შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტიდან გაიღოს აღნიშნული რაოდენობის თანხა მაშინ, როცა ჩვენს ირგვლივ უამრავი პრობლემაა?! ... ზემოაღნიშნული კითხვები საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია გაჩნდა.


მთავრობისა და ოპოზიციის მხრიდან შემდეგი შინაარსის კომენტარები გაკეთდა:


გიორგი კანდელაკის თქმით,ჩექინ ინ ჯორჯია“- ფარგლებში თანხები კორუფციული გზით დაიხარჯება.


გვსურს საზოგადოების ყურამდე მივიტანოთ საქართველოს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში, კერძოდ კულტურის სამინისტროში მიმდინარე კორუფციული ფაქტების შესახებ. მოგეხსენებათ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წინასაარჩევნოდ კონცერტების სერიის გასამართად, მათ შორის ოთხი ცნობილი არტისტის ჩამოსაყვანად გამოიყო 29 მილიონი ლარი.


დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ იმ ოთხი არტისტის საბაზრო ღირებულება, რომელთა საქართველოში ჩამოყვანა კამპანიაჩექინ.ჯი-ს ფარგლებშია დაგეგმილი, რეალურად 10 მილიონ ლარს არ სცდება.  კულტურის სამინისტროს მიერ შარშან გაწეული მსგავსი ხარჯების გამოცდილება გვაფიქრებინებს, რომ წელსაც ამ პროგრამის ადმინისტრირებისთვის კომპანიების შერჩევა მოხდება გაუმჭვირვალე, ხშირად კი კორუფციული გზით - აცხადებს გიორგი კანდელაკი.


ეკონომიკის მინისტი დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტი ქვეყანაში ბევრ ტურისტს მოიზიდავს. ჩვენ ვმუშაობთ არაერთ ავიაკომპანიასთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოვიყვანოთ და რაც შეიძლება იაფი ღირდეს ბილეთი. ძალიან აქტიურად მიდის სამუშაოები თბილისის აეროპორტში. 31 ივნისს ჩვენ პრაქტიკულად გვექნება განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ისეთ პროექტებს, როგორიცააჩექ ინ ჯორჯია”, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობისინფორმაციით კი,  ბიზნესმენებს აიძულებენ, პროექტ Check in Georgia-ში ჩაერთონ და უანგაროდ დააფინანსონ, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, თუმცა პოლიტიკოსმა კონკრეტული ბიზნესმენების დასახელებისგან თავი შეიკავა.


“ხალხის თვალწინ, ყველას დასანახად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ფიქრობენ, რომ ეს მათ საარჩევნო კამპანიას წაადგება. საარჩევნო კამპანიის დახმარებას ფიქრობენ რამდენიმე კუთხით. ერთი მხრივ, რომ ამ კონცერტებით და მსგავსი ღონისძიებებით განწყობას აამაღლებენ და მეორე იმ თვალსაზრისით, რომ ის ჯგუფები, რომლებიც საორგანიზაციო საკითხებში იქნებიან ჩართული, დაფინანსებას მიიღებენ და ეს მათი ირიბი მოსყიდვაა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

პროექტ ”ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ამ დროისათვის რამდენი ტურისტის ჩამოსვლაა დაფიქსირებული საქართველოში? რომელი ქვეყნებიდან? კომერციულად რამდენად მომგებიანია ტურიზმისთვის  ტურნეს ფარგლებში და არა ექსკლუზიურად დაგეგმილი კონცერტები? რა სტატისტიაკაა ნავარაუდები პროექტის დასრულების შემდეგ? ზემოაღნიშნული კითხვებით „ჯორჯიან თაიმსმა“ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, თუმცა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მათგან მხოლოდ ზოგადი და დიპლომატიური კომენტარი მივიღეთ. სამწუხაროდ, ჩვენ მათთან ტურიზმის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალებზე ჩაღრმავების საშუალება არ მოგვეცა.


”მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფესტივალები საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვის, ქვეყნის ცნობადობის გაზრდის და  ეკონომიკაში მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების საშუალებაა. Check in Georgia-ს პროექტის შედეგად, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მსოფლიო ვარსკლავები ესტუმრებიან,  მოხდება საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა, უცხოური ვალუტის შემოდინება და ქვეყნის ცნობადობის გაზრდა მსოფლიოში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული  ღონისძიებებები რეგიონებში ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და რეგიონებზე დადებითი ეკონომიკური ეფექტის მომხდენი იქნება. ბოლო ინფორმაციით, ბილეთების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელი რეზიდენტების მიერ არის შეძენილი, ასევე ბილეთებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია ტურისტული კომპანიების მიერ, რომლებსაც ისინი პაკეტების შედგენაში გამოიყენებენ”-განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიგოვაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.


”ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩატარებულ კონცერტებს ნინი  ბადურაშვილი დადებითად აფასებს.

 

”მომწონს ამდენი ვარსკვლავი რომ ჩამოდის ჩემს ქვეყანაში. ბევრი ტურისტი მოდის, გადატვირთულია სასტუმროები, ადგილები არ არის. ცუდი ისაა, რომ ამ ყველაფერს ქართულ შოუბიზნესთან შეხება არაფერი აქვს. მართალია, კულტურის სამინისტრომ ცალკე სცენა და განათება დაუთმო ქართველ შემსრულებელს უფასოდ, მაგრამ თუ უფრო მეტად დაინტერესდება ქართველი შემსრულებლებით, პატარა პროექტებიც თუ  იქნება და 4 წელიწადში ერთხელ არ გაახსენდება მსგავსი რაღაცები, უფრო უკეთესი იქნება“-განაცხადა მომღერალმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

”ჯორჯიან თაიმსი”,   ”ჩექინ ინ ჯორჯიას” პროექტთან დავკავშირებით, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს ესაუბრა.

ჩექ ინ ჯორჯია” არის სამთავრობო პროექტი უპრეცედენტოდ მასშტაბური, მრავალფეროვანი პროგრამით. პროექტი შეიქმნა ტურიზმის მხარდასაჭერად როგორც საგარეო, ისე ადგილობრივი ტურისტული ნაკადების გასააქტიურებლად, გასამსხვილებლად. გამოცდილებამ და პრქტიკამ გვიჩვენა, რომ ხელს უწყობს ადგილობრივ მეწარმეობას, ხელს უწყობს ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებას. ბუნებრივია, რომ ვიზიტორებს  ქვეყანაში თანხები შემოაქვთ და ხარჯავენ ამ თანხებს. 


რას მოხმარდება კონცერტებიდან შემოსული თანხები და კონკრეტულად რომელი ორგანოების  ბალანსზე დაჯდება აღნიშნული ფინანსები?

- ეს არის ძალიან დიდი კულტურული პროგრამა. თქვენ იცით დიდი სახელები, საერთაშორისო მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავები. გარდა ამისა,  ადგილობრივი ქართველი არტისტები ძალიან აქტიურად არიან  ჩართულნი. 150-ზე მეტი  კონცერტი ჩატარდება რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო დედაქალაქი, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში არის გაშლილი ეს კულტურული ღონიძიებები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი არტისტების მონაწილეობით. ჩვენ ვმუშაობთ კერძო სექტორთან იმისთვის, რომ სპონსორული პაკეტების შეთავაზების მეშვეობით, კერძო სექტორიდან თანხები მოვიზიდოთ. დღეისთვის, კერძო სექტორიდან 6 მილიონ ლარამდე, ხოლო ბილეთების გაყიდვებიდან კი 2 მილიონი ლარია შემოსული. ბუნებრივია, რომ ეს თანხები საეზერვო ფონდზე წნეხს შეამცირებს, ანუ შეამცირებს იმ მთელ თანხას, რომელიც სარეზერვო ფონდიდან არის გამოყოფილი.

 

როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ”ჩექ ინ ჯორჯიას” პატრონაჟით ჩატარებული ტურები ქართულ ტურიზმსა და შოუბიზნესზე?

- ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს იმ თვალსაზრისით, რომ ამხელა კულტურული პროგრამის, რომელიც აპრილიდან პრაქტიკულად წლის ბოლომდე მიმდინარეობს, დიდ ინტერესს იწვევს როგორც გარდან შემოსულ ტურისტში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაში. შესაბამისად, ამას პირდაპირი და ძალიან პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე. კულტურის სამინისტროს გარდა, სხვა სამინისტროებიც არიან ჩართულები. ეს სამთავრობო პროექტია და თავად პრემიერი ამ პროექტს „ბიზნეს პროექტს“ ეძახის. კულტურული ღონისძიებები არის ინსტრუმენტი იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც მთავრობამ ტურიზმის გააქტიურებისთვის დაისახა. ეს ხდება ეკონომიკაში დამატებითი შემოსავლების მიღების თვალსაზრისით. პროექტში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო, რადგან ტურიზმზე გვაქვს საუბარი და ტურიზმისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვებს, ფესტივალებს ჩაატარებს. ასევე  ჩართულია გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე დამატებით ტურისტულ მარშრუტებსა და სერვისებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე საზღვარგარეთიდან შემოსულ ვიზიტორებს. ეს ყველაფერი როგორც ადგილობრივ მეწარმეობაზე, ისე მთლიან ეკონომიკაზე ძალიან პოზიტიურად აისახება.

 

მიიღებენ თუ არა ქართველი მომღერლები პროექტში მონაწილეობას?

- ქართველი მომღერლები, ჯგუფები, ანსამბლები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი რეგიონებში, ბათუმში, ”ჰით ბათუმის” პროგრამის ფარგლებში და  ნახევარ წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა ქართველებით კეთდება.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტრო ქართველ მომღელებს კონცერტებს არ უფინანსებს. როგორ ფიქრობთ, საქართველოში კულტურის განვითარების კუთხით უცხოელოი მომღელების  კონცერტების დაფინანსება უფრო მომგებიანია თუ ქართველების?

- ჩვენ ვეწინააღმდეგებით უსისტემოდ, უბრალოდ თოთოეული ესტრადის მომღერლის კონცერტის დაფინანსებას. როგორც ვიცით, შემსრულებლები რაოდენობრივად ბევრნი არიან, რაც ძალიან კარგია. კულტურის სამინისტროს კი არა, რამდენიმე სამინისტროც რომ გააერთიანო, თითოეულის კონცერტის დაფინანსებას ბიუჯეტი არ ეყოფა. ამიტომ ჩვენ ავიღეთ ასეთი პრინციპი იმისთვის, რომ შემდეგ მიკერძოებაში არ დაგვდონ ბრალი, რომ ვიღაც დავაფინანსეთ და ვიღაც არა.

 

ჩვენ შევთავაზეთ ყველას ისეთი წინადადება, რომელიც ნებისმიერითვის არის ხელმისაწვდომი და ძალიან სარფიანი. სწორედ ამჩექ ინ ჯორჯიასფარგლებში, ბათუმში, ივნისის ბოლოდან სექტემბრის თითქმის ნახევრამდე, ჩვენ ვთავაზობთ ნებისმირ ჯგუფს, ნებისმიერ სოლო მოღერალს, პროდიუსერს აბსოლუტურად გაწყობილ საკონცერტო სივრცეს. ბათუმის ტენისის კლუბს ვგულისხმობ, სადაც ტარდება ყველა ღონისძიება და კონცერტი გაწყობილი სცენით, ყველანაირი ტექნიკური საშუალებით, განათებით, გახმოვანებით, დაცვით. მათ შეუძლიათ აბსოლუტურად უსასყიდლოდ დაგეგმონ თავიანთი კონცერტები, ისარგებლონ ინფრასტრუქტურით, აპარატურით, კულისებით. თავად გადაწყვიტონ, როგორ კონცერტებს გააკეთებენ, თავად გადაწყვიტონ ბილეთების ფასი, მთელი შემოსავალი დაიტოვონ, უნდათ მოგების თვალსაზრისით, უნდათ განვითარებაში ჩადონ. ამის ფონზე იმის თქმა, რომ ხელშეწყობა არ არის, არ შეიძლება.

 

ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლის განცხადებით, ”ჩექ ინ ჯორჯიას”  4 ცნობილი მომღერლის ჩამოყვანა,  რეალურად, 10 მილიონი ჯდება და არა 29 მილიონი. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

 

პირველ რიგში ვიტყვი, რომ  29 მილიონი  4 ვარსკვლავის ჩამოყვანას არც დაჭირვებია და არც გამოყოფილა 29 მილიონი.  დღემდე 28 არის გამოყოფილი. მილიონი ლარი არ არის პატარა თანხა. მეორე -  28 მილიონი  სულაც არ იხარჯება 4 ვარსკვლავზე. ეს იხარჯება ყველაფერზე, რაც ”ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ტარდება. ძალიან არაპროფესიული მიდგომაა, როდესაც ასე ხელაღებით საუბრობენ არტისტების ჰონორარებზე და მათთან დაკავშირებულ დანახარჯებზე. მაგალითად, დღეს რომ ვინმემ თქვას, სტინგი მილიონ დოლარად ჩამოდის, არავის გაუკვირდება. ამ დროს მე შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, რამდენიმე წლის წინ, პირადად მე ბათუმში სულ 300 000-ად მყავს ჩამოყვანილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაქინაციებში ვფლანგოთ. რამხელა არის ტური, საიდან მოდის არტისტი, შედის თუ არა მზავრობის ხარჯები ჰონორარში,  რა ფორმატის კონცერტით მოდის, რა ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება ამას, სჭირდება თუ არა საზღვარგარეთიდან ტექნიკის შემოტანა თუ  სარგებლობს იმ ტექნიკით, რომელიც არის ქვეყანაში. ეს ყველაფერი ხარჯებში ითვლება.


კითხვაზე,  თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს  „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება იმის შესახებ, რომ ბიზნესმენებს ”ჩექ ინ ჯორჯიას” პროექტში ჩართვას  აიძულებენ, მინისტრმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:

 

- ამას რადიკალურად ვერ დავეთანხმები. დღეს თქვენც შეგიძლიათ ნებისმიერი კერძო სექტორის წარმომადგენელს, რომელიმე მსხვილი ან არამსხვილი კომპანიის წარმომადგენელს ჰკითხოთ, რამდენად  თავისუფალია დღეს ბიზნეს გარემო. განიცდიან თუ არა ისინი რაიმე წნეხს ხელისუფლების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი გეტყვით, რომ  აბსოლუტურად თავისუფალია ბიზნეს გარემო. არავინ არ აიძულებს მათ რაიმე შენატანების ქვეყნისთვის უსაყიდლოდ ჩუქებას და გაცემას. ასეთი ფაქტები არ არის. ვფიქრობ,  ეს ნათქვამია ისე, რომ მე ტალახი ვესროლე და ახლა თავი იმართლონ.

 

ნინო ოთარაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge