Powered by Jasper Roberts - Blog

15:04 19.05.2016
რატომ არ აფინანსებს კულტურის სამინისტრო ქართველი მომღერლების ინდივიდუალურ კონცერტებს?

მას შემდეგ, რაც საქართველოში პროექტ „Check In Georgia-ს ფარგლებში 4 ვარსკვლავის კონცერტები დაიგეგმა, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ საკმაოდ დიდი მოცულობის დაფინანსება (28 მლნ ლარი) გაიღო, ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან სწორედ უცხოელი შემსრულებლები არიან პრივილეგირებულნი და ძირითადი თანხები სხვადასხვა ვარსკვლავის საქართველოში ვიზიტს ხმარდება ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ საკუთარი შოუ-ბიზნესის განვითარებაზე იზრუნოს.


 

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას. ზოგიერთი მათგანის აზრით, ეს უსამართლობაა.



საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი აზრია. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ, პირველ რიგში, შიდა კულტურული პროექტები უნდა განავითაროს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტურიზმის განსავითარებლად, სწორედ უცხოელ ვარსკვლავებზე გათვლილი პროექტებია იდეალური.


 

კულტურის მინისტრი ”ჯორჯიან თაიმსთან” ქართველი მომღერლების კონცერტების  დაფინანსებას გამოეხმაურა. მისი განმატრებით  სამინისტრო უსისტემოდ, უბრალოდ თოთოეული ესტრადის მომღერლის კონცერტის დაფინანსების წინააღმდეგია, რადგან შემსრულებლების  რაოდენობა ბევრია.


 

კითხვაზე, საქართველოში კულტურის განვითარების კუთხით უცხოელი მომღელების  კონცერტების დაფინანსება უფრო მომგებიანია თუ ქართველების, მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში უცხოელი ვარსკვლავების კონცერტები იმართება,  ეს გამოცდილების, მათთან ურთიერთობის, ერთობლივი პროექტების თვალსაზრისით, ქართველ მუსიკოსებზე პოზიტიურად აისახება.


 

„მაგალითად, რამდენიმე დღის წინ,  ჯანსულ კახიძის მუსიკალურ ცენტრში დაიწყო მისი სახელობის ფესტივალი. თანამედროვე მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრიის ლეგენდები “TAKE  6” სიმფონიურ ორკესტრთაან ერთად კონცერტს მართავდნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა სტიმულია ეს ორკესტრისთვის, რამხელა გამოცდილებაა ასეთ ვარსკვლავებთან მუშაობა. სულ რამდენიმე დღეში ცნობილი პიანისტი, ივან ლინსი ჩამოდის და ისიც სიმფონიურ ორკესტრთაან ერთად იმუშავებს, რაც უდიდესი გამოცდილებაა. მეორე მხრივ, როდესაც ასეთი პრეტენზიები ისმის, ვერც ამას ვერ დავეთანხმები და კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ჩვენ წინააღმდეგები ვართ უსისტემოდ, უბრალოდ თოთოეული ესტრადის მომღერლის კონცერტის დაფინანსების. როგორც ვიცით, შემსრულებლები რაოდენობრივად ბევრნი არიან, რაც ძალიან კარგია. კულტურის სამინისტროს კი არა, რამდენიმე სამინისტროც რომ გააერთიანო, თითოეულის კონცერტის დაფინანსებას ბიუჯეტი არ ეყოფა. ამიტომ ჩვენ ავიღეთ ასეთი პრინციპი, იმისთვის, რომ შემდეგ მიკერძოებაში არ დაგვდონ ბრალი, რომ ვიღაც დავაფინანსეთ და ვიღაც არა.


 

ჩვენ შევთავაზეთ ყველას ისეთი წინადადება, რომელიც ნებისმიერითვის არის ხელმისაწვდომი და ძალიან სარფიანი. სწორედ ამ ”ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში, ბათუმში, ივნისის ბოლოდან სექტემბრის თითქმის ნახევრამდე, ჩვენ ვთავაზობთ ნებისმირ ჯგუფს, ნებისმიერ სოლო მოღერალს, პროდიუსერს აბსოლუტურად გაწყობილ საკონცერტო სივრცეს. ბათუმის ტენისის კლუბს ვგულისხმობ, სადაც ტარდება ყველა ღონისძიება და კონცერტი გაწყობილი სცენით, ყველანაირი ტექნიკური საშუალებით, განათებით, გახმოვანებით, დაცვით. მათ შეუძლიათ აბსოლუტურად უსასყიდლოდ დაგეგმონ თავიანთი კონცერტები, ისარგებლონ ინფრასტრუქტურით, აპარატურით, კულისებით. თავად გადაწყვიტონ, როგორ კონცერტებს გააკეთებენ, თავად გადაწყვიტონ ბილეთების ფასი, მთელი შემოსავალი დაიტოვონ, უნდათ მოგების თვალსაზრისით, უნდათ განვითარებაში ჩადონ. ამის ფონზე იმის თქმა, რომ ხელშეწყობა არ არის, არ შეიძლება. ნებისმიერი შემსრულებელი, ან ჯგუფი ან პროდიუსერი გეტყვით, რომ ასეთი სივრცის მოწყობა თავის სცენით, აპარატურით, დაცვით, კულისების მოწყობით რამდენიმე ათეული ათასი ლარი არის. ჩვენ, პრაქტიკულად, ვთავაზობთ თითოეულ მათგანს რამდენიმე ათეული ათასი ლარის თანადაფინანსებას, ხელშეწყობას”-განაცხადა მინისტრმა ჩვენთან საუბარში.

 

 

ნინო ოთარაშვილი

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge