Powered by Jasper Roberts - Blog

14:30 19.05.2016
რა კრიტერიუმებით აფინანსებს კულტურის სამინისტრო ინიცირებულ პროექტებს?!

მიხეილ გიორგაძემ ”ჯორჯიან თაიმსთან ” კულტურის სამინისტროს სიახლეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას სხვადასხვა მიმართულების კონკურსების პლატფორმა სწორედ მისი მინისტრობის დროს შესთავაზეს.



კითხვაზე, თუ რა პრიორიტეტებით ხდება კულტურის სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა კულტურული აქტივობებისთვის თანხების გამოყოფა, მინისტრმა განაცხადა:



რამდენიმე კომპონენტი არსებობს: პირველ რიგში მომავალი წლისთვის იგეგმება ბიუჯეტები იმ ტრადიციული, ყოველწლიური ღონისძიებებისთვის, რომლებიც ყველასთვის ცნობილია. 40-ზე მეტი სხვადასხვა ფესტივალია. არის მუსიკალური, ქორეოგრაფიული, თანამედროვე ხელოვნების, თეატრალური, კინო ფესტივალები. მხოლოდ კლასიკურ მუსიკაში დაახლოებით 17 ფესტივალია ყოველწლიურად გაწერილი. მეორე გახლავთ ის სხვადასხვა პროგრამები, რომლის ბიუჯეტიც ასევე  წინა წელს ისაზღვრება. მაგალითისთვის, გამომცემლობების ხელშეწყობის პროგრამა. ჩვენ გამომცემლობებს ვეხმარებით თავისი პროდუქციის დაბეჭდვაში და შემდეგ ფართო საზოგადოებისთვის წარდგენაში. გვაქვს ასევე თეატრების ხელშეწყობის პროგრამა. მათ საგასტროლო ან სადადგმო ხარჯებში ვეხმარებით. მუზეუმების ხელშეწყობის პროგრამით, მათ სერეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ. ინფრასტრუქტურული პროგრამა, რომელიც შარშან დავიწყეთ, გულისხმობს კულტურული ინფრასტრუქტურის, ვთქვათ თეატრის ან თეატრალური უნივერსიტეტის, თოჯინების თეატრის, ნიჭიერთა ათწლედის, ეროვნული მუსიკალური ცენტრის, დრამის და მუსიკალური თეატრის დიდი, მსხვილი პროექტების რეაბილიტაციას.


 

ასევე პირველად, სწორედ ჩემი მინისტრობის დროს, სამინისტრომ საზოგადოებას სხვადასხვა მიმართულებით კონოკუსების  პლატფორმა შესთავაზა.  ლიტერატურა იქნება ეს თუ სახვითი ხელოვნება. ჩვენს არტისტებს საზღვარგარეთ, სხვადასხვა საერთაშორისო სახელოვნებო ფორუმებზე და მასტერკლასებზე ვგზავნით. ისინი იქ სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას. გვაქვს კიდევ ერთი კომპონენტი, ეს არის, ე. წ.  თავისუფალი ინიციატივები. ჩვენ ფართო საზოგადოებას ორიგინალური იდეებისა და პროექტების შემოტანას ვთავაზობთ. შემდეგ ეს პროექტები კომისიაზე განიხილება. დაწესებული გვაქვს როგორც შინაარსობრივი, ისე რაოდენობრივი კრიტერიუმები როგორც ფიზიკური, ისე ცალკე იურიდიული პირებისთვის”-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ჩვენთან საუბარში.

 

 

ნინო ოთარაშვილი

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge