Powered by Jasper Roberts - Blog

16:00 19.05.2016
"ელოდებიან, როდის მოკვდება, რომ იმ დღეს დაწერონ დასკვნა გათავისუფლებაზე"-ირინა ასათიანი

ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, გენდერულ ბალანსზე, ლგბტ პირების ქორწინებასა და მსგავს თემებზე  „ლექციებს“ სხვადასხვა არასამთავრობოებისგან და სახელმწიფო მოღვაწეებისგან ვისმენთ; 21-ე საუკუნეში, როდესაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო ვალდებულია მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ფიქრობდეს და მითუმეტეს, ის მთავრობა, რომელიც პატიმართა უფლებების დაცვის  დაპირებებით   მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს პატიმარი ტარიელ ფოცხვერია უმძიმესი დიაგნოზით ( ხორხის კიბო( Cr (C32) pT3N1MO III (მესამესტადია, IV (მეოთხეკლინიკური ჯგუფი))  მესამე წელია, ონკოლოგიურ საავადმყოფოში, ბადრაგის თანხლებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.  ზემოაღნიშნულზე კი, რატომღაც, არასამთავროები და უფლებადამცველები დუმან...


რამდენიმე დღის წინ, მედიაში პატიმრობაში მყოფი ტარიელ ფოცხვერიას მეუღლის - ირინა ასათიანის ღია წერილი გავცელდა.

ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ ოთხკაციან კომისიას კანონით გათვალისწინებული პროცედურის მიზანმიმართულად გაჭიანურებაში და არსებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის, ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლების შეფერხებაში ადანაშაულებს.

„ჯორჯიან თაიმსი„ საკითხის გარკვევის და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით,  ქალბატონ ირინას ონკოლოგიურ საავადმყოფოში შეხვდა, სადაც ის თითქმის  სამი წელია პატიმარ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

ქალბატონო, ირინა როგორია თქვენი მეუღლის ჯამთელობის მდგომარეობა?

 

- ჩემი მეუღლე უმძიმესი სენით არის დააავადბეული და კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. მისი დიაგნოზი: ხორხის კიბო Cr (C32) pT3N1MO III (მესამე) სტადია, IV (მეოთხე) კლინიკური ჯგუფი - ჰისტომორფოლოგიური დასკვნით დადგინდა - ხორხის დაბალდიფერენცირებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (C3). ძირითადმა დაავადებამ, სამწუხაროდ,  პროგრესირება განიცადა.  კერძოდ, მეტასტაზები არის ორივე ფილტვსა და შუასაყარში. ექიმების მიერ მეტასტაზური კვანძების პირველი გამოვლენიდანვე,  უარი ითქვა ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე, ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები ,,B,, ,,C’’ ,,D’’- დელტა ჰეპატიტების სახით და ღვიძლის ფიბროზი ფიბროსკანით F3. აქვს ღვიძლის ციროზი და მეტასტაზები ღვიძლშიც. უკვე ყოველი დღის გათენების მეშინია, აღარ ვიცი, ვის მივმართო...სხვა გზა რომ აღარ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე  ღია წერილის დაწერა. იქნებ როგორმე გავაგებინო საზოგადოებას და ქვეყნის პირველ პირებს იმის შესახებ, თუ როგორ კლავს თავისი უმოქმედობით, უპასუხისმგებლობითა და სამსახურებრივი გულგრილობით ოთხი ქართველი ჩინოვნიკი: ზაზა სოფრომაძე, ეკა ადამია, თამთა დემურიშვილი და ვინმე დევდარიანი უმძიმესი სენით დაავადებულ პატიმარს, ჩემს მეუღლეს...

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტარიელ ფოცხვერიას მიმართ არ ხორციელდება კანონით დადგენილი და გარანტირებული ნორმების აღსრულება. ეს არის დისკრიმინაცია და საჯარო მოხელეთა მხრიდან განზრახ, გულგრილობით მისი სიცოცხლის ხელყოფა.

 

კომისიას კონკრეტულდ რაში ადანაშაულებთ?

 

- კომისიის წევრებს, დღესდღეობით, მაგიდაზე უდევთ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის - მაია ნიკოლეიშვილის და ასევე - მათივე მოთხოვნით ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, კიდევ ერთხელ უდაოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ ტარიელ ფოცხვერია არის კრიტიკულად მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფი, ინკურაბელურია და მიეკუთვნება მძიმე ავადმყოფთა მე-4 კლინიკურ ჯგუფს.

უკვე მეორე თვეა, ეს კომისია თავის ვალდებულებას არ ასრულებს   და არ ატარებს სხდომას, რომ მიიღოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ასეთი პატიმრის გათავისუფლების შესახებ.  ყოველ კვირას მპირდებოდნენ, რომ ხუთშაბათს აუცილებლად ჩატარდებოდა სხდომა, მაგრამ ეს ხუთშაბათი არ დადგა.

მე  არ ვითხოვ სასჯელისგან თავის არიდებას. ერთადერთი, მინდა, რომ კრიტიკულად მძიმე  მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი ქმარი  გაათავისუფლონ და ცოცხალი გავიყვანო  საავადმყოფოდან. ამის კანონიერი უფლება მაქვს. ვთხოვ ყველას, გულთან მიიტანონ ჩემი ტკივილი,  უკანასკნლი იმედი, რაც თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის ექიმებმა მოგვცეს არ წაგვართვან. ჩემი მეუღლე  სისხლდენით დაიღუპება, თუ  ვერ მოხერხდება თურქეთის კლინიკაში გადაყვანა ფილტვის ემბიოლიზაციის გასაკეთებლად, რომ მისი სიცოცხლის ხარისხი დროებით მაინც გაუმჯობესდეს და ადამიანი საკუთარ სისხლში არ დაიხრჩოს...

ღვთის ნებით თუ გაგვიშვეს,  ოჯახის წევრებიც წავყვებით. ვიცი, იქაც საავადმყოფოში იწვება, მაგრამ შვილებს იმის საშუალება ექნებათ, რომ მამა ნახონ და ბადრაგების თანდასწრებით ძილი მაინც არ მომიწევს.

 

საქართველოში ამ პროცედურის ჩატარება შეუძლებელია?

 

-ეს მანიპულაცია, სამწუხაროდ  საქართველოში არ კეთდებაჩატარებული კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია ამ უმძიმესი ავადმყოფის სისხლდენის დროებითი შეჩერება და დარჩენილი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, არის ბრონქიალური არტერიის ემბიოლიზაცია. ეს პროცედურები რამდენიმე ხნით  გააუმჯობესებს მის მდგომარეობას.

ქალბატონო ირინა,  მოგვიყევით რა პირობებში გიწევთ ცხოვრება საავადმყოფოში?

 

-ძნელი არაფერი არ არის, როდესაც საყვარელი ადამიანისთვის აკეთებ ამას.  ეს ჩემი ვალიცაა. მითუმეტეს, ისეთი პიროვნებისთვის,  როგორიც ტარიელია, - ის  არაჩვეულებრივი ადამიანია.  არაჩვეულებრივი შვილი იყო დედისთვის, კარგი მეუღლე და კარგი მამა. თქვენ არ იცით ჩემი სულიერი მდგომარეობა, რომელიც აქაურ პირობებზე ბევრად მძიმეა.

2016 წლის 7 იანვარიდან აქ ვცხოვრობ. რაც  აქტიური სისხლდენა  დაეწყო ფილტვში არსებული მეტასტაზური კვანძიდან, ალისფერი სისხლი და სისხლის კოლტები 10მლ ოდენობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე გახდა. მიუხედავად ექიმების მიერ გატარებული ღონისძიებებისა, კვლავ გრძელდება სისხლდენა, პარალელურად, მატულობს რისკი სიმსივნური პათოლოგიით პროვოცირებული თრომბოზის, რომლის პრევენცია შეუძლებელია. მითხარით, როგორ დავტოვო  ასეთ მძიმე მდგომარეობაში და როგორ წავიდე სახლში?! ჩემი აქ ყოფნით ძალას ვაძლევ.  მინდა ერთად შევებძოლოთ ამ საშინელ სენს.  ჩემთვის უმძიმესია, როდესაც საყვარელ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში ვუყურებ, მაგრამ მირჩევნია მაინც მასთან ვიყო, ვხედავდე, ვამხნევებდე და ვლოცულობდე მასთან ერთად. წამლებს მე ვასმევ, ყოველ დილით  აუცილებელი სამედიცინო პროცედურებისათვის ვამზადებ. ღამე სკამზე დამჯდარს მიწევდა  დაძინება, ახლა პატარა დივანი დამიდგეს,  რისთვისაც მადლობელი ვარ. არ მაქვს პრობლემა, ფეხზე დავდგები მთელი ღამე, მთავარია ჩემი მეუღლე იყოს ცოცხალი.  ორი სპეცრაზმელი და საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელიც 24 საათის განმავლობაში პალატაში არიან.

 

თქვენს  შვილებს და შვილიშვილებს თუ  უშვებენ მამის სანახავად?

 

-ორწელიწადნახევარში მხოლოდ ერთხელ მისცეს შვილებს მამის ნახვის უფლება, ისიც რამდენიმე წუთით. თან ცინიკურად გვაფრთხილებდნენ, რომ უმძიმეს ავადმყოფთან 30 წუთზე მეტხანს გაჩერება მიზანშეწონილი არააომთელი დღე სპეცრაზმისა და ბადრაგის ლამის მთელი ბრიგადა რომ მის პალატაშია, ესაა მიზანშეწონილი უმძიმესი ავადმყოფისთვის? ყველა ადამიანი ანასწორია კანონის წინაშე, მათ შორის ჩემი ქმარიცმასაც აქვს უფლებები და ეკუთნის კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ჩვენ ვითხოვთ მისი ცხოვრების უმძიმესი და სამწუხაროდ უკანასკნელი დღეები ოჯახის გარემოცვაში  გაატაროს და არა ოთხი ბადრაგის შემყურემ.

კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას,  პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის წევრებს, ყველას, ვისაც შეუძლია ჩემი დახმარება. ძალიან გთხოვთ, გამოიჩინეთ ადამიანობა და ნუ ჩაიდენთ უკანონობას, ნუ განასხვავებთ პატიმრებს და ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებების გამო, ნუ გამაუბედურებთ ამაზე უარესად.

როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება დროში ხელოვნურად გაწელილი კომისის გადაწყვეტილება?

 

-იმდენად დაცლილნი არიან თავად ჰუმანურობისა და ადამიანური ფასეულობებისგან, რომ შეგნებულად აჭიანურებენ  სხდომის ჩატარებას და მომაკვდავი პატიმრის გათავისუფლებაზე ხელმოწერას. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ჩასაფრებულ არიან, ელოდებიან, როდის მოკვდება, რომ იმ დღეს დაწერონ დასკვნა გათავისუფლებაზე.

ცინიზმის მწვერვალი და ყველაზე ამაზრზენი კიდევ იცით, რა არის მათი მხრიდან? სისხლდენა რომ ატყდება და ექიმები ტარიელის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, მოდიან მათი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და როგორც სვავები, მომაკვდავ მსხვერპლს, ისე ელოდებიან ტარიელის სიკვდილს.

მე ზუსტად არ ვიცი, კომისის წარმომადგენლების  ტვინში რა იხარშება, რატომ გაურბიან კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, რისი ეშინიათ, ვინმეს შეკვეთას ასრულებენ თუ ეს მხოლოდ მათი სამოქალაქო გულგრილობაა, მაგრამ ერთის თქმა ზუსტად შემიძლია:  ტარიელ ფოცხვერია, არც მანამდე ყოფილა ქვეყნისთვის საშიში და მითუმეტეს, - არც ახლა არის.

24 საათს ლოცვაში ატარებს, რწმენით იხანგრძლივებს სიცოცხლეს. ხშირად იმეორებს:  „უფალო, იყოს ნება შენი“  ზუსტად იმიტომ, რომ მორწმუნეები ვართ,  მინდა კიდევ ერთხელ მივმართო კომისისს წევრებს:

„ძალიან გთხოვთ,  ნუ გაისვრით ხელებს ჩემი მეუღლის სისხლში, შეასრულეთ თქვენი სახელმწიფოებრივი და ადამიანური მოვალეობა, სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომაკვდავი პატიმარი კანონის მიხედვით გაათავისუფლოთ, რათა დარჩენილი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება მოხერხდეს და მან ასეთი წამებით არ დატოვოს ეს წუთისოფელი“.

P.S. შეგახსენებთ, რომ ტარიელ ფოცხვერია სასჯელს ე.წ.კანონიერი ქურდობის ბრალდებით იხდის. 

ანა ჟორჟოლიანი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge