Powered by Jasper Roberts - Blog

16:50 18.05.2016
,,სადისტური ხელისუფლების შემდეგ, მივიღეთ მაზოხისტური ხელისუფლება” – გია ხუხაშვილი

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, სასამართლო სისტემაზე, "კაბელების საქმის" ვერდიქტზე, მმართველო პარტიის ყრილობასა და სხვა საინტერესო საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსი" ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ჩვენს ქვეყანაში არსებულ აქტუალურ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, ,,ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტ. ექსპერტ - გია ხუხაშვილს გაესაუბრა. მისი პროგნოზები არაერთხელ გამხდარა  პოლიტიკური ცხოვრების წინამორბედი. ის ჯერ კიდევ ადრე, კოალიციის დაშლის შესახებაც პროგნოზირებდა, რაც რეალურად მალევე მოხდა. თუ რა პროგნოზები აქვს ამჯერად პოლიტიკურ ექსპერტს  და რას ფიქრობს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, მის ინტერვიუში იხილავთ.


ცოტა ხნის წინ ჩატარდა მმართველი პარტიის ყრილობა, სადაც ზუსტად იგივე სახეები ვიხილეთ, ვინც მანამდე ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ და არ არის გამორიცხული, მერე სხვა პარტიაში ვიხილოთ. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე?


 -  ეს გახლავთ ხალხი, რომელიც არიან ყველგან, სადაც არის მთავრობა. მათი პოლიტიკა არის ხელისუფლების გვერდით ყოფნა. მათ არ აქვთ პოლიტიკური პლატფორმა. ისინი ცდილობენ მოერგონ ნებისმიერ სიტუაციას და გარკვეულწილად, ისინი  სეირის მაყურებლებებიც არიან. ზოგადად, მმართველ პარტიაზე ვიტყოდი, რომ რა უბედურებებიც ჭირდა წინა ხელისუფლებას, ამ ყველაფრის გაერთიანებამ დღევანდელი ხელისუფლება მძევლად აიყვანა. საქმე გვაქვს სისუსტესთან. სისტემა არის თვითკმაყოფილი, საკუთარ თავზე მომუშავე. გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში კი რაღაც დონეზე ნარცისიზმს ვამჩნევ. მას მოსწონს საკუთარი თავი და თავად ფაქტი, რომ ის ბევრს მოსწონს. ვფიქრობ, ეს არის პოლიტიური კმაყოფილება, რაც, თავისთავად, კარგი არ არის.


ახლოვდება არჩევნები. როგორია შედეგების თქვენეული პროგნოზი?


  არჩევნებში  ვხედავ ორ შესაძლო შედეგს. პირველი , - თუ არჩევნებში იქნება დაბალი საზოგადოებრივი აქტივობა, ამომრჩეველს არ დარჩება განცდა, რომ მან აირჩია ეს მთავრობა. მეორე შემთხვევაში, თუ ამომრჩეველმა გამოიჩინა მაღალი პასუხისმგებლობა და მასიურად მივიდა არჩევნებზე, ის ხმას არ მისცემს არც ოცნებას და არც ნაციონალებს. ხმები სხვა პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილდება. ვფიქრობ, ნაციონალების ამოცანა არის ქართული ოცნების დამარცხება და არა გამარჯვება. ამომრჩეველი ჯერ მზად არ არის მათ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალებმა წარმოადგინეს  კარგად ნაფიქრი, მაღალი ცნობადობის ადამიანებისაგან შემდგარი,  ,,გაბრენდებული“ ადამიანების  სია, რითაც, ფაქტიურად, 10:0 -ით მოუგეს ქართულ ოცნებას. მათ შეარჩიეს ადამიანები, რომლებიც ნაკლებად აღიზიანებს საზოგადოებას. მათ ვერაფერს წამოაძახებენ. ისინი დებატების კვალიფიკაციითაც ბევრად აჯობებენ ოცნებას. ამით, თავის მხრივ, ოცნებამ დიდი უსუსურობა გამოამჟღავნა.

ირაკლი ალასანიას შემთხვევაში, ვფიქრობ, ის არ არის ჩამოყალიბებული ლიდერი, საზოგადოება მას ვერ აღიქვამს შესაბამისად. ამიტომ მისი შანსი, ნაკლები მგონია. რასაც ვერ ვიტყოდი პაატა ბურჭულაძეზე. ბურჭულაძეს აქვს დიდი თეორიული შანსი, რადგან ის მოსწონს ხალხს, ის არ არის ნეგატიური წარსულით დამძიმებული. მას აქვს კარგი ცნობადობა და იმიჯი, რაც სასტარტო პირობებში, ძალიან კარგია. თუმცა, ეს თეორიულად. ვნახოთ, პრაქტიკულად როგორ გამოიყენებს ის ამ შანსებს.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა მას პრეზიდენტობის შანსი?


 მე ეს საკითხი არასერიოზულად მიმაჩნია. ღარიბაშვილს თავიდანვე აკიდეს ბევრად უფრო დიდი ტვირთი, იმასთან შედარებით, რისი ზიდვაც მას შეეძლო და ახლა თუ მას პრეზიდენტობას აკიდებენ, - იგივე გამეორდება, ოღონდ უფრო დიდი დატვირთვით. ჩემი აზრით, ეს იქნება არასწორი დამოკიდებულება. თუმცა, როგორც მოქალაქეს, მას რეალურად აქვს ამის უფლება.


 რამდენად მისაღებია თქვენთვის საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი და თვლით, თუ არა, რომ ის კონსტიტუციასთან შეუსაბამოა?


  -   დღეს  მოდელებზე ლაპარაკი დაგვიანებულია. არჩევნები კარზეა მომდგარი და ვფიქრობ, ახლა მოდელებზე ლაპარაკი ზედმეტია. ზოგადად, არ ვარ ამ მოდელის მომხრე.


 რას ფიქრობთ დღევანდელ სასამართლო სტრუქტურაზე,  2012 წლის შემდეგ ამ სფეროში ობიექტურობის მხრივ რამე შეიცვალა?


 ვფიქრობ, თავიდან განწყობა იყო მურუსიძესთან სასამართლოს ასოცირებით. ის ახლა  პოლიტიკურ დაკვეთებზეც მუშაობს და თავის თავზეც. საბოლოოდ, კი,  სააკაშვილისეული, პოლიტიზირებული სასამართლო  მივიღეთ.


 რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ე.წ. ,,კაბელების საქმის“ სასამართლო განაჩენი, რომელიც ახლახანს გახდა ცნობილი და დაკავებულ პირებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ?


-  მე მაქვს ასეთი ფრთიანი გამოთქმა: ,,ჩვენ სადისტური ხელისუფლების შემდეგ, მივიღეთ მაზოხისტური ხელისუფლება“. კაბელების საქმეზე, ხელისუფლებამ თავიდანვე ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ეს ადამიანები აიყვანეს. ამის საჭიროება საერთოდ არ იყო და ამით ეს საქმე გახდა პოლიტიკური. კაბელების საქმე, მინიმუმ, გამოძიებულიც კი არ არის. მე პირადად, ბევრი კითხვა მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. თავად თემა-იყო სისტემური და ეს ადამიანები, უბრალოდ ტექნიკური შემსრულებლები იყვნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე უკვე დავკარგე სასამართლოს მიმართ ნდობა.

 

დიდი მადლობა ბატონო გია, საინტერესო საუბრისათვის. 


ესაუბრა: თამარ დუღაშვილი

 

 


 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge