Powered by Jasper Roberts - Blog

14:11 18.05.2016
"Check in Georgia" ერთგვარი ბიზნეს პროექტია, რომელიც საქართველოში ტურიზმს განავითარებს"-მიხეილ გიორგაძე

”ჯორჯიან თაიმსი”, ”ჩექინ ინ ჯორჯიას” პროექტთან დავკავშირებით, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს ესაუბრა.


შეკითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს  ”ჩექ ინ ჯორჯიას” პატრონაჟით ჩატარებული  ტურები  ქართულ ტურიზმსა და შოუბიზნესზე, მინისტრმა განაცხადა:


”ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს იმ თვალსაზრისით, რომ ამხელა კულტურული პროგრამის, რომელიც აპრილიდან პრაქტიკულად წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლომდე, მიმდინარეობს, ძალიან დიდ ინტერესს იწვევს გარდან შემოსულ ტურისტში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. შესაბამისად, ამას პირდაპირი და ძალიან პოზიტიური გავლენა აქვს სწორედ რომ ქვეყნის ეკონომიკაზე. კულტურის სამინისტროს გარდა, სხვა სამინისტროებიც არიან ჩართულები. ეს სამთავრობო პროექტია და თავად პრემიერი ამ პროექტს ბიზნეს პროექტს ეძახის და არ კულტურულ პროექტს. კულტურული ღონისძიებები არის ინსტრუმენტი იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც მთავრობამ ტურიზმის გააქტიურებისთვის დაისახა. ეს ხდება ეკონომიკაში დამატებითი შემოსავლების მიღების თვალსაზრისით. პროექტში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო, იმიტომ რომ ტურიზმზე გვაქვს საუბარი და ტურიზმისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვებს, ფესტივალებს ჩაატარებს ამ პროექტის განმავლობაში. ასევე  ჩართულია გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე დამატებით ტურისტულ მარშრუტებსა და სერვისებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე საზღვარგარეთიდან შემოსულ ვიზიტორებს. ეს ყველაფერი როგორც ადგილობრივ მეწარმეობაზე, ისე მთლიან ეკონომიკაზე ძალიან პოზიტიურად აისახება".


 

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ქართველი მომღერლები პროექტში მონაწილეობას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ”ქართველი მომღერლები, ჯგუფები, ანსამბლები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი რეგიონებში, ბათუმში, ”ჰით ბათუმის” პროგრამის ფარგლებში და ნახევარ წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა ქართველებით კეთდება”.


 

ნინო ოთარაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge