Powered by Jasper Roberts - Blog

13:50 18.05.2016
”არტისტების ჰონორარებზე ხელაღებით საუბარი არაპროფესიული მიდგომაა ”- მიხეილ გიორგაძე

საქართველო მსოფლიო კალენდარზე - ”ჩექ ინ ჯორჯიას” პროექტის ფარგლებში რობი უილიამსი, Maroon 5-ი, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი,– მსოფლიო მეგავარსკვლავები კონცერტებს გამართავენ.

 

პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება. სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონი ლარი გამოიყო.

 

ჩექ ინ ჯორჯიასფარგლებში, წლის განმავლობაში დაგეგმილია საქართველოს რგიონებსა და ქალაქებში მასშტაბური კინო, ფოტო, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალების ჩატარება.

 

სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონის გამოყოფას ოპოზიციიდან  წინააღმდეგობები მოჰყვა. ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლის განცხადებით, ”ჩექ ინ ჯორჯიას”  4 ცნობილი მომღერლის ჩამოყვანა,  რეალურად, 10 მილიონი ჯდება და არა 29 მილიონი. რამდენად რეალური იყო ეს ინფორმაცია, ამის გასარკვევად ”ჯორჯიან თაიმსი” მიხეილ გიორგაძეს ესაუბრა.


პირველ რიგში ვიტყვი, რომ  29 მილიონი 4 ვარსკვლავის ჩამოყვანას არც დაჭირვებია და არც გამოყოფილა 29 მილიონი.  დღემდე 28 არის გამოყოფილი. მილიონი ლარი არ არის პატარა თანხა. მეორე -  28 მილიონი  სულაც არ იხარჯება 4 ვარსკვლავზე. ეს იხარჯება ყველაფერზე, რაც ”ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ტარდება. ძალიან არა პროფესიული მიდგომაა, როდესაც ასე ხელაღებით საუბრობენ არტისტების ჰონორარებზე და მათთან დაკავშირებულ დანახარჯებზე. იმიტომ რომ წლიდან-წლამდე, თვიდან-თვემდე, გააჩნია რამხელა ტურში არიან, საიდან სად არის ეს ტური, საიდან  უწევთ ჩამოსვლა, სად უწევთ შემდეგ წასვლა. ეს ცვალებადი სიდიდეები არის. მათი ჰონორარები 10 -20% -იან  ცვალებადობას განიცდის.  მაგალითად, დღეს რომ ვინმემ თქვას, სტინგი მილიონ დოლარად ჩამოდის, არავის გაუკვირდება. ამ დროს მე შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, რამდენიმე წლის წინ, პირადად მე ბათუმში სულ 300 000-ად მყავს ჩამოყვანილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაქინაციებში ვფლანგოთ. რამხელა არის ტური, საიდან მოდის არტისტი, შედის თუ არა მზავრობის ხარჯები ჰონორარში, რომელშიც ვიხდით,  რა ფორმატის კონცერტით მოდის, რა ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება ამას, სჭირდება თუ არა საზღვარგარეთიდან ტექნიკის შემოტანა თუ  სარგებლობს იმ ტექნიკით, რომლელიც არის ქვეყანაში. ეს ყველაფერი ხარჯებში ითვლება”.


კითხვაზე,  თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს  „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება იმის შესახებ, რომ ბიზნესმენებს ”ჩექ ინ ჯორჯიას” პროექტში ჩართვას  აიძულებენ, მინისტრმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:


ამას რადიკალურად ვერ დავეთანხმები. დღეს თქვენც შეგიძლიათ ნებისმიერი კერძო სექტორის წარმომადგენელს, რომელიმე მსხვილი ან არამსხვილი კომპანიის წარმომადგენელს ჰკითხოთ, რამდენად  თავისუფალია დღეს ბიზნეს გარემო. განიცდიან თუ არა ისინი რაიმე წნეხს ხელისუფლების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი გეტყვით, რომ  აბსოლუტურად თავისუფალია ბიზნეს გარემო. არავინ არ აიძულებს მათ რაიმე შენატანების ქვეყნისთვის უსაყიდლოდ ჩუქებას და გაცემას. ასეთი ფაქტები არ არის. ვფიქრობ,  ეს ნათქვამია ისე, რომ მე ტალახი ვესროლე და ახლა თავი იმართლონ”.


შეკითხვაზე,  რას მოხმარდება კონცერტებიდან შემოსული თანხები და კონკრეტულად რომელი ორგანოების  ბალანსზე დაჯდება აღნიშნული ფინანსები, მინისტრმა განაცხადა:


”ეს არის ძალიან დიდი კულტურული პროგრამა. თქვენ იცით დიდი სახელები, საერთაშორისო მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავები. გარდა ამისა,  ადგილობრივი ქართველი არტისტები ძალიან აქტიურად არიან  ჩართულნი. 150-ზე მეტი  კონცერტი ჩატარდება რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო დედაქალაქი, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში არის გაშლილი ეს კულტურული ღონიძიებები. როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი არტისტების მონაწილეობით. ჩვენ ვმუშაობთ კერძო სექტორთან იმისთვის, რომ სპონსორული პაკეტების შეთავაზების მეშვეობით კერძო სექტორიდან თანხები მოვიზიდოთ. დღეისთვის, კერძო სექტორიდან 6 მილიონ ლარამდე, ხოლო ბილეთების გაყიდვებიდან კი 2 მილიონი ლარია შემოსული. ბუნებრივია, რომ ეს თანხები საეზერვო ფონდზე წნეხს შეამცირებს, ანუ შეამცირებს იმ მთელ თანხას, რომელიც სარეზერვო ფონდიდან არის გამოყოფილი”.

 

ნინო ოთარაშვილი

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge