Powered by Jasper Roberts - Blog

20:46 11.05.2016
ნასა-მ მზის სისტემის გარეთ 1 284 ახალი, ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

ნასა-მ მზის სისტემის გარეთ 1 284 ახალი, ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.

 

"ეს რაოდენობა ორჯერ აღემატება იმ პლანეტების რიცხვს, რომელიც ტელესკოპ კეპლერის საშუალებით ადრე აღმოვაჩინეთ", - აცხადებს ნასა-ს ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი ელენ სტოფანი.

 

ანალიზი იმ მონაცემების საფუძველზე ჩატარდა, რომელიც ტელესკოპმა გასული წლის ივლისში მოიპოვა. მაშინ 4 302 პოტენციური პლანეტის იდენტიფიკაცია მოხდა, საიდანაც 1 284-მა კანდიდატმა პლანეტის სტატუსი მოიპოვა. 

 

"სანამ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი მუშაობას დაიწყებდა, არ ვიცოდით, გალაქტიკაში ეგზოპლანეტები გავრცელებული იყო თუ, ისინი იშვიათ ობიექტებს წარმოადგენენ.


კეპლერის საშუალებით და სამეცნიერო საზოგადოების მუშაობის წყალობით, შევიტყვეთ, რომ სამყაროში სავარაუდოდ, უფრო მეტი პლანეტაა, ვიდრე ვარსკლავი", - განმარტავს ნასა-ს ასტროფიზიკური განყოფილების დირექტორი პოლ ჰერცი.

 

1 284 აღმოჩენილი პლანეტიდან დაახლოებით 550-ს ისეთივე მყარი ზედაპირი აქვს, როგორც დედამიწას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 9 მათგანი ე.წ. "სიცოცხლის ზონაში" მდებარეობს, ანუ ამ პლანეტებზე შესაძლოა, წყალი არსებობდეს. 

 

ჯამში, მეცნიერებისთვის ჩვენი გალაქტიკის გარეთ არსებული 3 264 პლანეტაა ცნობილი. ახალი აღმოჩენის შემდეგ, იმ პლანეტების რაოდენობა, სადაც სიცოცხლის ნიშნების არსებობის პოტენციური ალბათობა არსებობს, 21-მდე გაიზარდა.

 

"მთავარი საკითხია, მარტო ვართ თუ არა სამყაროში? მეცნიერებას ამაზე პასუხის გაცემა შეუძლია. პირველი ნაბიჯია - ვიპოვოთ პლანეტები და გავიგოთ, სად არის შესაძლებელი სიცოცხლის არსებობა", - ამბობს პოლ ჰერცი.

 

"ყველაზე მეტად მაინტრიგებს პლანეტა Kepler-1229b, რომელიც თითქმის დედამიწის ზომისაა და "სიცოცხლის ზონის" შუაში მდებარეობს. კიდევ ერთი საინტერესო პლანეტა Kepler-1638b-ია, ის დედამიწაზე დაახლოებით 30%-ით დიდია და ბრუნავს ვარსკლავის გარშემო, რომელიც ჩვენს მზეზე ოდნავ დიდია", - ამბობს "კეპლერის" მისიის ხელმძღვანელი ნატალი ბატალია. 

 

მეცნიერები ამბობენ, რომ აღმოჩენილი პლანეტების უფრო სიღრმისეულად შესწავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორბიტაზე კეპლერის ორ "მემკვიდრეს" გაიყვანენ.

 

ესენია კოსმოსური ტელესკოპი TESS-ი და Hubble-ის შემცვლელი ტელესკოპი "ჯეიმს უები".

 

შეგახსენებთ, რომ ტელესკოპ კეპლერის მთავარი დანიშნულება სწორედ ეგზოპლანეტების ძებნაა. 

 

ბოლო წლების განმავლობაში აპარატი გალაქტიკის კონკრეტულ სეგმენტს აკვირდებოდა და პლანეტებს ეძებდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge