Powered by Jasper Roberts - Blog

16:47 06.05.2016
არა ქალ-კლა! - სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის განმარტება მკვიდრდება

ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში გახშირებული ქალთა ძალადობის ფაქტების შოკისმომგვრელი სტატისტიკის გამო, ,,რესპუბლიკურმა პარტიამ” პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის  განმარტების შეტანისა და დამკვიდრების ინიციატივით მიმართა.


ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმაა, რომელიც,  სექსიზმით, ქალთა უფლელბების დარღვევით, ან მის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებითაა განპირობებული. ამ ტიპის დანაშაული და მკვლელობა გენდერული ნიშნით, აქამდე სისხლის სამართლის კანონში ჩვეულებრივ, განზრახ მკვლელობის მუხლით განიხილებოდა. თუმცა, თუ პარლამენტმა ახალი ინიციატივა დაამტკიცა და კანონი ძალაში შევიდა,  კოდექსის 108-ე  მუხლს დაემატება ქვეთავი, - ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობის თაობაზე   და დამნაშავე 11-დან 14 წლამდე პატიმრობით დაისჯება.


იგივე ქმედება ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვანის, ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ან ჯგუფურად – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ცამეტიდან-ჩვიდმეტ წლამდე.


ამასთან, იგივე ქმედება ჩადენილი ორი, ან მეტი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, ან შეკვეთით – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება – მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, ანუ მხოლოდ ის პირები, ვინც მის ოჯახს წარმოადგენენ. 

 

ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე სასაუბროდ, ,,ჯორჯიან თაიმსი“ უფლებადამცველ ბაია პატარაიას დაუკავშირდა.


,,მივესალმები სისხლის სამართლის კანონში ფემიციდის შესახებ კანონის დამკვიდრების ინიციატივას. ქალის მკვლელობა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია და მას არ მოკლავდნენ, ქალი რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად მკაცრად დასჯადი უნდა გახდეს. ამის საჭიროება, კი სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად არსებობს და პრობლემაც ძალიან მწვავედ დგას. საზღვარგარეთ, ეს უკვე კარგად დამკვიდრებული ტენდენციაა, უცხო ქვეყნები დიდი ხანია იყენებენ ამ ტერმინს. მაგრამ მე პირადად, მიმაჩნია, რომ კანონპროექტი დახვეწას საჭიროებს. მაგალითად, შესაძლოა დამნაშავე იყოს ქალის სხვა პირიც.  ის, ვინც, კანონპროექტში მოხსენიებული საერთოდ არ არის. მაგალითად, შორეული ნათესავი ან მეზობელი. იგი ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც სხვა ნებისმიერი, კანონში მოხსენიებული პირი.

ვფიქრობ, საკომიტეტო მოსმნებეზე ეს დეტლები აუცილბლად დაიხვეწება“ - განაცხადა  პატარაიამ.


ცვლილებების ავტორები მზად არიან, რომ კოლეგებისაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან რეკომენდაციები მიიღონ. პარლამენტი კი რესპუბლიკელების ინიციატივას 10 მაისიდან განიხილავს.

 

მოამზადა: თამარ დუღაშვილმა

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge