Powered by Jasper Roberts - Blog

16:22 19.04.2016
,,თეატრი ჩემთვის არის ფიქრის და საკუთარი თავის აღმოჩენის ადგილი" - ონისე ონიანი

,,ჯორჯიან თაიმსს“ მარჯანიშვილის თეატრის ცნობილი მსახიობი, - ონისე ონიანი ესტუმრა. ჩვენ მას თეატრის და არა მარტო თეატრის შესახებ გავესაუბრეთ. საინტერესო და გულახდილი ინტერვიუს შემდე, მსახიობმა მისი საყვარელი კერძის რეცეპტიც გაგვიმხილა.

 

-ბატონო ონისე, რას ნიშნავს თქვენთვის თეატრი?

 

-თეატრი ჩემთვის ყველაფერია. ის არის ფიქრის და ამ ფიქრში საკუთარი თავის პოვნის,  აღმოჩენის საუკეთესო ადგილი.

 

-მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწოებთ. გვითხარით, რა სიახლეებია იქ?


-მოგახსენებთ... თეატრში ახლახანს პრემიერა გვქონდა. რეჟისორმა ლევან წულაძემ არაჩვეულებრივი სპექტაკლი დადგა, სახელწოდებით - ,,უცხოობაში“.  ვიტყოდი, რომ ეს არის  წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი და ისეთივე წარმატება ექნება, როგორიც მის ,,ჟოლოს“ და ,,მთვრალ ალუბალს“ აქვს. ამ სპექტაკლებზე, ბილეთები, ფაქტიურად, ჩაშვების დღიდან ქრება...


-თქვენს სიახლეებზეც გვითხარით...


-მე ამჯამად რეჟისორ გურამ ბრეგაძესთან ვმუშაობ. ,,რომეო და ჯულიეტა სიკვდილის შემდეგ“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც ჩვენს თეატრში, მაისის ბოლოს იგეგმება.


- თქვენი აზრით, რა არის მსახიობისთვის ის უპირველესი, რაც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს მას?


- სხვა ბევრ რამესთან ერთად, ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, არის ორატორული ხელოვნება. თუ მსახიობს ეს არ გააჩნია, ის უბრალოდ, ვერ შევა კონტაქტში მაყურებელთან, გაუჭირდება მასთან ურთიერთობა. ორატორობა -  ერთგვარი ნიჭია. ასეთებად იბადებიან. შეიძლება ადამიანი ძალიან განათლებული იყოს, მაგრამ მას არ გააჩნდეს ეს ნიჭი და შესაბამისად, კარგად ვერ გადმოსცეს აზრი. ასევე, პირიქით, იყოს გაუნათლებელი, მაგრამ კარგი ორატორი. ვფიქრობ, აქ ფსიქოლოგიური მომენტიც მნიშვნელოვანია: უნდა გჯეროდეს იმის, რასაც ამბობ. მერე უკვე მაყურებელიც ადვილად დაგიჯერებს. მსახიობისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ენა, ქარიზმა, მოქნილობა, მოხერხებულობა.


- ახალგაზრდა მსახიობებს რას ურჩევდით?


- ახალგაზრდა მსახიობებს ვურჩევდი, იკითხონ ძალიან ბევრი. მით უმეტეს, ახლა ამის უამრავი საშუალებაა. ინტერნეტი, თუნდაც, რაც ჩემს დროს ასე ხელმისაწვდომი არ იყო და სიმართლე გითხათ, კითხვა, მე ცოტა მეზარებოდა.

 

-ცნობილია, რომ კარგ მსახიობთან ერთად საუკეთესო მზარეულიც ბრძანდებით. ამ ორივე საქმიანობაში, ალბათ შემოქმედებითი ნიჭი გეხმარებათ. რაიმე, თქვენს საყვარელ, მარტივ კულინარიულ რეცეპტს ხომ ვერ გაგვიმხელდით?


-კი, რატომაც არა, გასწავლით! კულინარია მართლა ძალიან მიყვარს. სამზარეულო და თეატრი  ერთი რამით ჰგავს ერთმანეთს, - ორივე შემოქმედებითი საქმიანობაა.  რაც შეეხება რეცეპტს. ამ კერძს მე ,,გაზაფხულს”  დავარქმევდი, რადგან მასავით ფერადია. მოკლედ, ჩვენი ,,გაზაფხული“ მზადდება ასე: მოვხარშოთ მაკარონი, გავრეცხოთ და უკვე  მშრალს, დავუმატოთ დაჭრილი კიტრი, პომიდორი, მწვანე და წითელი, მრგვლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მოხარშული და კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე, ცოტა ზეითუნის ზეთი, მაიონეზი, მარილი და პილპილი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და გემრიელად მივირთვათ.


-ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო და სასარგებლო საუბრისთვის..



ესაუბრა:თამარ დუღაშვილი

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge