Powered by Jasper Roberts - Blog

18:07 11.04.2016
"ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია კავკასიის რეგიონში"-ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

 

როგორ შეაფასებდით ბოლო პერიოდში ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობას?

-ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია კავკასიის რეგიონში. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 24 წლის მანძილზე, ორმხრივი ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ურთიერთობაც აქტიურად, დაბრკოლების გარეშე მიიწევს წინ.

ბოლო წლებში, უფრო მჭიდრო კონტაქტები გვაქვს სხვადასხვა დონეზე. გასულ წელს, საქართველოს პრეზიდენტ - გიორგი მარგველაშვილმა და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ - ლი იუენჩაომ ორმხრივი შეხვედრა გამართეს თურქმენეთში, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ ჩინეთში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვან ი და საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი აგრეთვე შეხვდნენ ერთმანეთს. საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი - ჭოუ სიაოჩუანი და ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ხან ჩანგფუ.

საგარეო, სავაჭრო, კულტურის, ტურიზმისა და სხვა უწყებებს შორის თანამშრომლობა ყოველმხრივ ვითარდება. ორი ქვეყნის მთავრობებმა წარმატებით გამართეს თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი. გარდა ამისა, ადგილობრივ მთავრობებს შორის თანამშრომლობა და კავშირები საკმაოდ აქტიურია. გასულ წელს, ერთმანეთს დაუმეგობრდნენ დალიენი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქები ქუითუნი (სინძიანის რაიონი) და თელავი.

როგორი შედეგები გვაქვს ჩინეთ-საქართველოს შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, განთლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის მხრივ?

-ჩინეთის პრეზიდენტ - სი ძინფინის მიერ წამოყენებულმა ინიციატივამ - „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“, ახალი შესაძლებლობები წარმოქმნა ჩინეთ-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის წინსვლისთვის. შესაბამისად, ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, განთლებისა და სხვა სფეროებში უფრო სწრაფად ვითარდება.

2015 წელი გამოირჩეოდა ორი ქვეყნის უწყებებსა და რეგიონებს შორის სხვადასხვა დონის კავშირების გააქტიურებით. შესაბამისად, პოლიტიკური კოორდინაციის დონე გაიზარდა.

ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 713 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთის მიმართულებით ქართული პროდუქციის ექსპორტი 39.1%-ით გაიზარდა. ორ ქვეყანას შორის გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი. ხელი მოეწერა ჩარჩო შეთანხმებას ეროვნული ვალუტის გაცვლის შესახებ. დასრულდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი.

კულტურის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს „ოქმს კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რითაც გადაწყდა ხელოვნების ანსამბლების მიერ გაცვლითი წარმოდგენის გამართვის საკითხი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება „კულტურის დღეების“ ჩატარების თაობაზე.

საქართველოში - ჩინური ენის „ბუმია“. უკვე 23 საგანმანათლებლო დაწესებულებაში ათასამდე სტუდენტი ეუფლება ჩინურ ენას. ჩინურმა მხარემ, წელსაც გამოჰყო 20 სამთავრობო სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის. ამით ვეხმარებით მათ, რათა უკეთ ისწავლონ ენა, უფრო კარგად გაიცნონ ჩინეთი და იქ განაგრძონ სწავლა.

გარდა ზემოთქმულისა, გავაძლიერეთ თანამშრომლობა მეცნიერების, ტექნოლოგიის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებითაც.

ჩინეთი უკვე არის საქართველოს რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი და ღვინის იმპორტიორი ქვეყანა. მომავალში კიდევ რის ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს ექსპორტი ჩინეთში?

-ქართული მხარის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წელს ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 713 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (ჩინური მხარის მონაცემებით - 813 მილიონი აშშ დოლარი), რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 7.2%-ია. შესაბამისად, ამჟამად ჩინეთი საქართველოს რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია.

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტით გავიდა 2.672 მილიონი ბოთლი ღვინო. ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით 122%-ით გაიზარდა და ჩინეთი ქართული ღვინის რიგით მეოთხე იმპორტიორი ქვეყანა გახდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს მთლიანი ექსპორტის 23% კლების ფონზე, ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი 39.1% გაიზარდა. ეს ფაქტი ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე მეტყველებს. შარშან, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრის დროს გამოთქვეს იმედი, რომ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა მალე 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამჟამად, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად გაიზრდება.

რაც შეეხება, ზოგადად საქართველოდან ჩინეთში ექსპორტს, ვფიქრობ, რომ ღვინის გატანის მხრივ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება. ამჟამად, ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე სულ რაღაც 0.36% უჭირავს. გარდა ამისა, ქართულ მინერალურ წყლებსა და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის ნაწარმს კონკურენტუნარიანი ფასებით შეუძლია საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ჩინურ ბაზარზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროდუქტები მომავალში მნიშვნელოვნად გაზრდიან ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო თანამშრომლობას.

თქვენი უფლებამოსილების პერიოდში, რას უნდა ველოდოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში?

-მე 2015 წლის 15 დეკემბერს ჩამოვედი საქართველოში. დანიშვნის დღიდანვე ვიგრძენი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ქართული საზოგადოების მხრიდან სითბო და მხარდაჭერა, საკუთარ თავზე გამოვცადე ჩინეთისადმი მეგობრული დამოკიდებულება.

ბოლო წლებში, „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ ერთობლივი მშენებლობის შედეგად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა განვითარების „ჩქაროსნულ ზოლში“ გადავიდა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ პერიოდში საქართველოში ჩინეთის ელჩად დანიშვნა, თუმცა, ეს - დიდი პასუხისმგებლობაცაა.

ჩინეთსა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ტრადიცია აკავშირებს. ორ ქვეყანას შორის არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის ბევრი ხელსაყრელი პირობაა.

პირველი - ორი ქვეყნის განვითარების სტრატეგია ერთმანეთს შეესაბამება. ჩინეთი და საქართველოც მხარს უჭერს ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ განვითარებას და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ორივე ისწრაფვის მსოფლიოსა და რეგიონში მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს შესაქმნელად. ჩინური მხარის მიერ წამოყენებული ინიციატივა - „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“, სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის სტრატეგიას გახადოს ქვეყანა ევრაზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი. ჩინური მხარე მზადაა ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“ შესაქმნელად, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ინტერესების შემდგომ შეთავსებას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

მეორე - ორი ქვეყნის ეკონომიკას ბევრი საერთო აქვს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მთავრობის „რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას“, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და განათლების სისტემის რეფორმას.

საგადასახადო სისტემის რეფორმა ითვალისწინებს ბიზნესისათვის ვალდებულებების შემცირებას, რაც მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ბოლო პერიოდში, ჩინეთის მიერ განხოციელებული უცხოური ინვესტიციების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ იგი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში. საგადასახადო სისტემის რეფორმა, ჩინელი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ჩინეთის მთავრობის 2015 წლის სამუშაო ანგარიში განსაზღვრავს მთელ რიგ ღონისძიებებს პოლიტიკური ინიციატივების გასატარებლად; ესენია: „მასობრივი მეწარმეობა და ინოვაცია“, სამოქმედო გეგმა - „ინტერნეტ +“, „წარმოებულია ჩინეთში 2025“, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის ეროვნული საინვესტიციო ფონდის ფორმირება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ფონდის შექმნა, დამოუკიდებელი ინოვაციების სადემონსტრაციო ზონების გაფართოვება და ა.შ. ამ ინიციატივებს ბევრი საერთო აქვს საქართველოს მთავრობის მიერ წამოყენებულ ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერის რეფორმასთან, ამიტომ შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება.

გარდა ამისა, ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჩქაროსნული ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის სიგრძის, ჰიდროელექტროსადგურებისა და ქარის სადგურების სიმძლავრის მიხედვით. მსოფლიოს ნომერი პირველი საკომუნიკაციო კომპანია და ნომერ პირველი მობილური ოპერატორი - ჩინურია. ჩინეთს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს საქართველოს ინფრასტრუქტურის რეფორმაში. ერთი სიტყვით, ორ ქვეყანას შორის საქმიან თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს.

მესამე - სულ უფრო ძლიერდება თანამშრომლობა კულტურისა და განათლების დარგში. შარშან, ჩინეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს „ოქმს კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2016-2019 წლებისათვის“, რომლის მიხედვითაც გადაწყდა შემოქმედებითი ანსამბლებისა და გამოფენების გაცვლა. ასევე ვინარჩუნებთ მჭიდრო კოორდინაციას წელს „კულტურის დღეების“ გამართვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება განათლებას, გაცვლითი სტუდენტებისათვის ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიების რაოდენობა უკვე 20-მდე გაიზარდა. კულტურათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებამ, ჩინელი და ქართველი ხალხი კიდევ უფრო დაახლოვა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სახელმწიფოები გამოიყენებენ შექმნილ ხელსაყრელ პირობებსა და „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ მშნებლობით მიღებულ ახალ შესაძლებლობებს და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო განავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს.

როგორ შეაფასებთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროექტის დაწყებას ჩაის მეურნეობის მიმართულებით?

-ჩაის - განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩინეთ-საქართველოს ისტორიაში. 1893 წელს, ჩინელი მეჩაიე - ლიუ ძუნჭოუ ბათუმის მხარეში ჩამოვიდა და თან ჩამოიტანა 150 ათასი ცალი ჩაის ნერგი. მას თან ჩამოჰყვა ათზე მეტი ჩინელი მუშაც. ბევრი მცდელობის შედეგად, მათ შეძლეს გამოეყვანათ ადგილობრივი კლიმატისათვის შესაფერისი, მაღალი ხარისხისა და მოსავლიანობის ჩაის ჯიში. 1900 წელს, „ლიუს ჩაიმ“ პარიზის საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც სახელი გაითქვა ქართულმა ჩაიმ და ეს ამბავი ჩინეთ-საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა.

საქართველოში ჩაის მეურნეობას შესანიშნავი წარსული აქვს. გასული საუკუნის 80-იან წლებში, საქართველოში ჩაის პლანტაციებს 67 ათასი ჰექტარი ეკავა, ხოლო წლიური წარმოება 400-500 მილიონ ტონას აღწევდა. წარმოების რაოდენობით იგი მეოთხე ადგილზე იყო მსოფლიოში, აკმაყოფილებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოთხოვნილების 90%-ზე მეტს და პროდუქციის ნაწილი ექსპორტზეც გაჰქონდა ევროპაში. 83 წელს მოსკოვში ვსწავლობდი და კარგად მახსოვს, როდესაც ჩაის დალევაზე მიდგებოდა საქმე, ყველაზე ხშირად „ქართული ჩაი“ მესმოდა. თუმცა, შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო, ჩაის წარმოებაში ბევრი პრობლემა წარმოიქმნა. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ამჟამად ოცამდე მწარმოებელია, ჩაის პლანტაციების სიდიდე კი - 6000 ჰექტარზე ნაკლებია, წარმოების მოცულობა ქვეყნის 20% მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ქართული ჩაის ჯიშების 65% ჩინეთიდანაა შემოტანილი. ჩვენთვისაც ძალიან საწყენია, რომ ჩაის წარმოება ასე დაეცა საქართველოში. ჩინეთი - ჩაის სამშობლოა. მსოფლიოში წამყვანია ჩაის წარმოებისა და ექსპორტის რაოდენობით. ჩინეთს გარკვეული უპირატესობა აქვს ახალი ჯიშების გამოყვანის, ჩაის მოყვანისა და გადამუშავების მხრივ. გასულ წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია ჩინეთში იმყოფებოდა ვიზიტით. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიებთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაფართოვების საკითხი, რომელიც საქართველოს კლიმატის შესაფერისი ჩაის ჯიშის გამოყვანასა და წარმოება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში დახმარებასაც მოიცავს. ქართული ჩაის წარმოების გამოცოცხლება, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნების შესაბამისი უწყებები და კომპანიები ძალისხმევას არ დაიშურებენ ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

რამდენად საინტერესოა საქართველოში მასშტაბური პროექტების განხორციელება ჩინელი ინვესტორებისთვის?

-საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სტაბილური სოციალური გარემო, ეფექტური მმართველობა და კარგი საინვესტიციო პირობები აქვს. ეკონომიკის განვითარების სწრაფი ტემპის ფონზე, ბევრი უცხოური კომპანია, მათ შორის ჩინური კომპანიებიც ინტერესდებიან ისეთი სფეროებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ლოჯისტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ. ხუალინის, საგზაო, რკინიგზისა და სხვა მიმდინარე თუ დასრულებული პროექტების გარდა, ჩინური კომპანიები აქტიურად განიხილავენ ახალ საინვესტიციო პროექტებს. მაგალითად, კომპანია „დუნფან ელექტრონიკსი“ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან ერთად აპირებს ქვანახშირის ელექტროსადგურის აშენებას ტყიბულში; „სინძიანის თიენშან ცემენტი“ აპირებს ქუთაისში ცემენტის ქარხნის აშენებას, რომლის წლიური წარმოება 1,2 მილიონი ტონა იქნება; შანდუნის ლიფტების კომპანია ინვესტიციის ჩადებას გეგმავს საქართველოში ლიფტების მწარმოებელი ქარხნის ასაშენებლად, კომპანია „ჰუავეი“ გეგმავს საინფორმაციო მაგისტრალის, კერძოდ, მაღალი გამტარიანობის ქსელის, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დამაკავშრებელი ქსელისა და სხვა პროექტებში მონაწილეობას. საერთოდ, ბევრი ჩინური კომპანია გამოთქვამს ინტერესს საქართველოში ინვესტირებასა და პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, რა პერსპექტივა არსებობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად?

-„ახალი აბრეშუმის გზის გეგმა“ - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 2011 წელს გაჟღერებული კონცეფციაა, რომლის მთავარი მიზანია ავღანეთს, ცენტრალურ და სამხრეთ აზიის რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა. 2013 წელს, ჩინეთის მიერ წამოყენებული ინიციატივა - „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“, ითვალისწინებს ევრაზიის ქვეყნებს შორის (რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოსაც) კავშირის გაძლიერებას შემდეგი მიმართულებით: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და ერების ერთმანეთთან დაახლოვება, თანაგანვითარებისა და კეთილდღეობის მისაღწევად. ამ ინიციატივას უკვე ევროპისა და აზიის 70 ქვეყანა უჭერს მხარს. მათ შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა.

ჩინეთმა და საქართველომ ძალიან წარმატებით დაიწყეს  „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ მშენებლობა. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და საინვესტიციო გარემო აქვს. სწორედ მასზე გადის ჩინეთის ევროპასთან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „ბიზნესის კეთების“ 2015 წ. ანგარიშში, საქართველო მე-15 ადგილზეა. ამასთანავე, მას გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, თურქეთთან, რუსეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან, რის შედეგადაც, წვდომა აქვს 900 მილიონიან ბაზართან. გარდა ამისა, საქართველოში გადასახადები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელ მსოფლიოში, თანაც მთავრობა აპირებს კიდევ უფრო შეუმციროს ბიზნესს საგდასახადო ვალდებულებები. ყოველივე ზემოთქმული, უფრო მეტ ჩინელ ინვესტორს მოიზიდავს საქართველოში.

კაპიტალის ბაზარი საქართველოში ლიბერალურია. ამასთანავე, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან საფინანსო თანამშრომლობას. მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი ჩარჩო შეთანხმებას ეროვნული ვალუტის გაცვლის შესახებ. შემდეგი ნაბიჯია საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში ჩინური იუანით ანგარიშსწორების შესახებ შეთანხმება. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი და აბრეშუმის გზის ფონდი მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ საქართველოს მთავრობასთან. მათ შეუძლიათ „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ ფარგლებში ფინანსური დახმრება გასწიონ თანამშრომლობის პროექტების განხორციელებისთვის. „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ მშენებლობის კვალდაკვალ, საქართველო უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ პროცესში და შესაბამისად, უფრო მეტ სარგებელსაც ნახავს.

 ჩინეთი და საქართველო რა პროექტების განხორციელებას გეგმავენ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის?

-ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან კარგად ვითარდება. ჩინეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა შექმნეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. ჩინეთის მთავრობა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს. ამჟამად ვახორციელებთ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტს; ქართულ მხარეს ვეხმარებით სათბურების გაშენების, ხარისხის გაზრდის, სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგიის ათვისებასა და ეკონომიკური ეფექტურობის გაუმჯობესებაში. ამ პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში აშენდა სადემონსტრაციო სათბურები და  ჩატარდა ტრენინგი ბოსტნეულის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ. გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობა უკვე დიდი ხანია, რაც ჩინეთში მართავს სემინარებს მემცენარეობის, სატყეო, მეცხოველეობისა და მეთევზეობის ტექნოლოგიის შესახებ, რომლებსაც უკვე არა ერთი ქართველი სპეციალისტი დაესწრო. ჩინური მხარე მომავალშიც გააგრძელებს მსგავს პროექტებს, რაც სარგებელს მოუტანს ქართველ ფერმერებს.

რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთისათვის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება? უახლოეს პერიოდში თუ იგეგმება მისი გაფორმება?

-თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის თაობაზე განხორციელებულმა კვლევამ ცხადყო, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას და ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ექსპორტი სავარაუდოდ გაიზრდება 1.69%, ხოლო პირიქით - 9%, მოსალოდნელია ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდა 28.5%. საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო კავშირს დაამყარებს. ეს აუცილებლად გაზრდის ეკონომიკური ლიბერალიზმის დონეს და უფრო მეტ უცხოელ ინვესტორს დააინტერესებს.

 

ჩინური მხარის გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეთანხმება გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირებს, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და კარგ მაგალითს მისცემს მეზობელ ქვეყნებს. ჩინეთი მხარს უჭერს ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, მზადაა მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს თანასწორი, მომგებიანი და ინკლუზიური საერთაშორისო სავაჭრო სისტემის შესაქმნელად. ჩემი აზრით, ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი საკმაოდ წარმატებით დაიწყო. ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა მოლაპარაკებების უმოკლეს დროში დასრულების შესახებ. 

მალხაზ გულაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge