Powered by Jasper Roberts - Blog

17:47 06.04.2016
ნიკოლოზ ადამია-აქამდე უცნობი მუსიკოსი, რომელსაც 24 კლასიკური ნაწარმოები აქვს შექმნილი

8 აპრილს,  16:00 სთ-ზე ახალგაზრდა პიანისტის, ნიკოლოზ ადამიას პირველი შემოქმედებითი საღამო  ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლმუზეუმში გაიმართება. იგი 23 წლისაა და და მუსიკალურ სფეროში საკმაოდ დიდი გზა განვლო. ამჟამად 24 კლასიკური ნაწარმოები აქვს დაწერილი, აქედან 14 ნაწარმოებს სწორედ ზემოთხსენებულ კონცერტზე დაუკრავს.


გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ახალგაზრდა პიანისტთან:



რა სახსრებით გაიმართება თქვენი საკონცერტო საღამო?

-კონცერტის ორგანიზებას საკუთარი სახსრებით ვახერხებ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც დიდი დახმარება გამიწიეს. ესენი არიან: ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლმუზეუმის ხელმძღვანელი ნანა ელიზბარაშვილი, ნიკოლოზ ბაღაშვილი და საღამოს ორგანიზატორია ნანა მიქავა.  მადლობა მათ გვერდში დგომისთვის. 



ეს თქვენი პირევლი კონცერტია?

-დიახ, ეს ჩემი პირველი შემოქმედებითი საღამოა, თუმცა ჩემს მეგობრებთან ერთად  საქველმოქმედო საღამოებსაც ვმართავ ხოლმე, რომლითაც უსახლკარო ბავშვებს ვეხმარებით.


როდის დაიწყეთ დაკვრა?

-12 წლის ასაკში დავიწყე დაკვრა და პირველი ნაწამოები 15 წლის ასაკში დავწერე.



რას გრძნობთ, როდესაც უკრავთ?

 -ამ დროს ჩემს შინაგან სამყაროში ვიკეტები. სრულიად თავისუფალი ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ.



ვინ არის თქვენი საყვარელი მუსიკოსი?

-ბევრი საყვარელი მუსიკოსი მყავს. მიჭირს გამორჩევა, მაგრამ  ვინც განსაკუთრებით მომწონს-შოპენია. მისი ნაწარმოებები რაღაცნაირად ჩემს მუსიკას გავს.



რას გეგმავთ  სამომავლოდ?

-ამჟამად  კონსერვატორიაში საოპერო ვოკალზე ვსწავლობ. წელს ვამთავრებ, შემდეგ კი იტალიაში ჩემი კარიერის გასაგრძელებლად  წასვლას ვაპირებ. იქ ალბათ 6-7 წელს გავატარებ. დედაც იქ მყავს, რომელიც ჩემი გულშემატკივარია და ყველაფერში მეხმარება. სწორედ ამიტომ, ჩემს საღამოს დედას ვუძღვნი.



როგორ ფიქრობთ, საქართველოში კლასიკური მუსიკა დაფასებულია?

-სამწუხაროდ, საქართველოში კლასიკურ მუსიკას არ აფასებენ. უფრო უცხოეთში ფასდება, სწორედ ამიტომ მივდივარ ევროპაში, აქ პერსპექტივას ვერ ვხედავ.







 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge