Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:22 06.04.2016
7 ნაბიჯი ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ

თუკი თქვენ:


- განსაკუთრებულად ზრუნვათ სხეულის მასასა და ფორმებზე;

- გამუდმებით ღელავთ იმაზე, რომ „გასუქდით“; 

- ხშირად ინტერესდებით საკვების კალორაჟით;

- სარკეში გამუდმებით ათვალიერებთ საკუთარ სხეულს ან პირიქით, გაურბიხართ სარკეში ჩახედვას;

- თავს არიდებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრას;

- საკვების მიღების შემდეგ, მუდმივად განიცდით იმას, რომ „ბევრი მიირთვით“...


...მაშინ ეს ბლოგი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.


სიმსუქნე ჰეტეროგენული ქრონიკული სისტემური დაავადებაა, რომელიც ვითარდება ენერგიის მიღებასა და ხარჯვას შორის დისბალანსის შედეგად და თან ახლავს ორგანიზმში ჭარბი ცხიმის ჩალაგება.


ცხოვრების წესი იმ შემთხვევაში იქცევა ხოლმე სიმსუქნის გამომწვევ მიზეზად, თუ დარღვეულია მისი ორი ძირითადი ელემენტი: ნორმალური კვება და ფიზიკური აქტივობა.


არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს კვების ოჯახურ და ეროვნულ სტერეოტიპებს, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემა. ერთ-ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ სიმსუქნით დაავადებული მშობლების მიერ აყვანილი შვილები ისევე სუქდებიან, როგორც მათი ღვიძლი შვილები. სიმსუქნის პრობლემა ხშირად ბავშვობიდანვე იწყება – მაშინ, როდესაც მშობლები და ბებია-ბაბუები ბავშვის გაძლიერებული კვებით არიან დაკავებულნი. ასეთივე ტენდენცია ნარჩუნდება ორსული და მეძუძური ქალების მიმართაც. 


შეგახსენებთ! - ორსულობის III ტრიმესტრსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ცხიმოვანი უჯრედები ინტენსიურად მრავლდება, მომავალში კი მათი სიჭარბე სიმსუქნისადმი მიდრეკილებას იწვევს. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა მუდმივია და აღარ იცვლება. ცვალებადია მხოლოდ ამ უჯრედებში ცხიმის შემცველობის რაოდენობა. ცნობისათვის, ცხიმოვანი ქსოვილის ნორმალური შემცველობა მამაკაცებში სხეულის წონის 15-20%-ია, ქალებშიკი - 25-30%. 


კვებითი ქცევას ორი ფაქტორი განაპირობებს:შიმშილის შეგრძნება, რომელიც ორგანიზმიდან მოდის და საკვების გამოლევას უკავშირდება, დამადა, რომელიც გარემო ფაქტორების (სუნი, ვიზუალი, გემო) ზემოქმედებით აღიძვრება იმისგან დამოუკიდებლად, შია თუ არა ორგანიზმს. ადამიანის კვებითი ქცევა, ცხოველებისგან განსხვავებით, მადაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე შიმშილის გრძნობაზე რაც, დღევანდელი რაფინირებული საკვების ფონზე, სიმსუქნის განვითარების მიზეზი ხდება. სიმსუქნის უმთავრესი მიზეზი კი სწორედ კვებითი ქცევის დარღვევაა. მაღალკალორიული საკვების სისტემატური მიღების დროს ორგანიზმში ცხიმის დაგროვება გარდაუვალი ხდება. 


რატომ?


– სავარაუდოა, რომ ფსიქიკური აქტივობა და ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს სეროტონინის ცვლისა და ენდორფინების რეცეფციის დარღვევებთან. ამ შემთხვევაში ნახშირწყლოვანი პროდუქტების გამოყენება თავისებური დოპინგი ხდება!


ჭარბი წონის ფსიქოლოგია


ფსიქოლოგთა აზრით, არსებობს პიროვნული თვისებები, რომლებიც ადამიანს უფრო მიდრეკილს ხდის ჭარბი წონისკენ. ეს თვისებებია: დაბალი თვითშეფასება, სუსტი თვითკონტროლი, აკვიატებული ქცევები, ემოციური არამდგრადობა და სხვ.


პიროვნული ფაქტორების გარდა, აღსანიშნავია ძლიერი სიტუაციური ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ადამიანს ჭარბი საკვების მიღებისაკენ უბიძგებენ. ამ შემთხვევაში, ძირითადად, საუბარია სტრესზე. ცნობილია, რომ ფსიქოემოციურ დაძაბულობას ქალების 80% ზედმეტი საკვების მიღებით „ებრძვის“ (ჰიპერფაგიური რეაქცია სტრესზე). ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ სტრესის დროს არავინ იკვებება დიეტურად. ამ დროს, რატომღაც, მაინცდამაინც „აკრძალული ხილი“ გვიზიდავს. აკრძალულის ჭამა კი, ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებში, ხშირად დანაშაულის განცდასა და უფრო მეტ სტრესს ბადებს. საბოლოოდ, გამოგვდის მანკიერი შეკრული წრე – ვნერვიულობ და ჭამას ვიწყებ, ვჭამ და ისევ ვნერვიულობ იმიტომ, რომ ბევრი მომივიდა და ა.შ.


ჩემი არც თუ ისე რთული რჩევები დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ მხნეობა, შრომისუნარიანობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობა. მთავარია საკვების მიღების ჩვევების კორექცია დაფიზიკური აქტიურობის გაზრდა. ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები სწორი ჩვევებისა და აქტივობების გამომუშავებაში დაგეხმარებათ, რაც თავისთავად გამოიწვევს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და წონის კლებას.


1. წყალი, როგორც სიცოცხლის საწყისი.

ზრდასრულმა ადამიანმა, საშუალოდ, დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. აქცენტი დღის პირველ ნახევარზე გააკეთეთ. ამ მარტივი წესის დაცვით, მოიხსნით დაღლილობას, დაემშვიდობებით კანის პრობლემებს და, ასაკში შესულნი, ჯანმრთელობის მხრივ ბევრ გართულებას აიცილებთ თავიდან.


2. მინიმუმ სამჯერადი კვება - მადასთან ბრძოლის მთავარი იარაღი!


ცნობილია, რომ თუკი ადამიანი დღის განმავლობაში თანაბრად ანაწილებს საკვებს, მას ღამე მადასთან ბრძოლა აღარ უწევს. ამიტომ, გაითვალისწინეთ - რაც არ უნდა დატვირთულნი იყოთ, სამჯერადი კვებისთვის დროის გამონახვა აუცილებელია! 


ამისათვის, საკუთარ თავს მინიმუმ 15 წუთი უნდა დაუთმოთ. დილით ნატურალური პროდუქტებით მდიდარი საუზმე მიირთვით. შემდეგ რძის ნაწარმით ან ხილით წაიხემსეთ. შუადღისას ჯანსაღი და მრავალფეროვანი სადილი მიიღეთ და მერწმუნეთ, სამსახურიდან შინ დაბრუნებულს მსუბუქი ვახშამიც კი დაგაკმაყოფილებთ!


(გაგრძელება იქნება)

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge