Powered by Jasper Roberts - Blog

13:56 04.04.2016
ინტერვიუ მარკ რუტესთან: ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებას რუსეთის გამო ეწინააღმდეგება

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/mark-rutte-on-eu-expansion/3265188.html

 

ია მეურმიშვილი 

ჰოლანდიაში 6 აპრილს რეფერენდუმია დანიშნული, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას უყრის კენჭს. ჰოლანდიის პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ მისი თანამოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას მიღებენ და უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთოების გაღრმავებას დათანხმდებიან. თუმცა, ის ასევე ამბობს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინა - და რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნები - ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას შეკითხვაზე, თუ ზოგადად რას ფიქრობს იგი ევროკავშირის გაფართოებაზე, რაც საქართველოს სტრატეგიული მიზანია,- მან განაცხადა:

„ჩემი აზრით, აღმოსავლეთის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე 2013 წელს ვილნიუსის სამიტზე ვიყავი, ასევე მახსოვს 2011 წლის ვარშავის სამიტიც. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან ხიდები ააშენოს. თუმცა, ამავდროულად, გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთთანად ძლიერი ურთიეთოებები უნდა იქონიონ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ცალმხრივი მოძრაობის გზა არ უნდა იყოს - არ უნდა ავირჩიოთ მხოლოდ ევროპისკენ მიმავალი გზა. ქვეყნებმა არჩევანი რუსეთთან და ევროპასთან ერთდროულად ურთიერთობაზე უნდა გააკეთონ. ევროპასთან დასაახლოვებლად კი სავაჭრო შეთანხმებები და ასოცირების ხელშეკრულებები ძალიან მნიშვნელოვანია“.

მარკ რუტეს თქმით, ევროპასთან დასაახლოვებლად ქვეყნებმა დემოკრატიული პროცესები უნდა დახვეწონ და ევროპასთან ადამიანის უფლებებისა და საბაზრო ეკონომიკის ღირებულებები გაიზიარონ. მისი თქმით, მხოლოდ ძლიერ დემოკრატიებს შეეძლებათ რუსეთთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება. 

ჩვენს შეკითზვაზე, თუ როგორ ხედავს ის საქართველოსა და უკრაინის მიერ რუსეთთან ჯანსაღი ურთიერთოებების დამყარებას მან განაცხადა: „მოდით არ დავივიწყოთ, რომ რუსეთის ისტორიის ნაწილი უკრაინაში, კიევში დაიწყო. რა თქმა უნდა, იმან რაც ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში მოხდა შექმნა სიტუაცია, რომელიც რუსეთთან სტაბილური ურთიერთობის დამყარებას დღეს ართულებს. მაგრამ, მომავალში ეს ურთიეთობები უნდა გამოსწორდეს და ქვეყნებს როგორც ევროკავშირთან ასევე მოსკოვთან ერთნაირად ძლიერი ურთიერთოება უნდა ჰქონდეთ.“ 

მარკ რუტეს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებითაც მსგავსი შეხედულება აქვს. ის ამბობს, რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვის დანახარჯები უნდა გაზარდონ და ნატოს თავდაცვიუნარიანობა გააძლიერონ. ამერიკის უნივერსიტეტში საჯარო სიტყვით გამოსვლისას ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით მან განაცხადა:

„ბერლინის კედლის დანგრევამდე მანძილი მოსკოვსა და დასავლეთს შორის 3000 კილომეტრი იყო. თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, ეს მანძილი მხოლოდ 1000 კილომეტრი იქნება. როდესაც ნატოს გაფართოებაზე ვსაუბრობთ, ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. მე არ ვეწინააღმდეგები აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ქვეყნების ამბიციას გაწევრიანდნენ ალიანსში. მე კარგად მესმის ეს ამბიციები და ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების სურვილი, განსაკუთრებით, იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ჩვენ, როგორც ალიანსმა თითოეული ეს შემთხვევა ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ და ეს ფაქტორები უწყვეტად ვაბალანსოთ.“

ჰოლანდია დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა და პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრაში მნიშნვლელოვან როლს თამაშობს. ევროკავშირის პრეზიედნტები წევრი ქვეყნები როტაციის პრინციპით ხდებიან და თითოეული მათგანი ამ თანამდებობაზე 6 თვის განმავლობაში მსახურობს. ევროსაბჭოს შემდეგი პრეზიდენტი ქვეყანა 1 ივლისს სლოვაკეთი გახდება, რომელიც დღეს ჰოლანდიასთან და მალტასთან ერთად ევროსაბჭოს მმართველი ტრიოს წევრია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge