Powered by Jasper Roberts - Blog

10:56 29.04.2017
,,პატარ-პატარა, მცირე გამარჯვებებსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია" - მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემები

28 აპრილს,  მედიის წარმომადგენლები კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ წევრ ორგანიზაციებს ესტუმრნენ, რომლებიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ემსახურებიან. საველე ვიზიტების მიზანი გახლდათ: კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ მომსახურებების მიმწოდებელი წევრი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების ინფორმირებულობის გაზრდა და მედიის წარმომადგენლების დაინტერესება ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევებით.


ჟურნალიტებს შემდეგმა ორგანიზაციებმა უმასპინძლეს:  „ს ო ს“ ბავშვთა სოფელი, „პირველი ნაბიჯი“ საქართველო და ორგანიზაცია „world vision“- ის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი.


შეხვედრის მასპინძელმა ორგანიზაციებმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის ისტორია გააცნეს.  ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობებების შესახებ ესაუბრნენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.


როგორც „სოს“ ბავშვთა სოფლის დირექტორმა - მარინა შაგაშვილმა  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აღნიშნა, ორგანიზაცია 1948 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელი  ავსტრიელი ქალბატონი ჰელმან კლაინერი გახლდათ, რომელმაც გადაწყვიტა, შეექმნა თავშესაფარი ობოლი ბავშვებისთვის. შაგაშვილის თქმით, იმ პერიოდში ბავშვებს, რომლებსაც არ ჰყავდათ მშობლები, აღმზრდელებს დედას ეძახდნენ.


„აღმზრდელი ქალბატონები  გათხოვილები  არ უნდა ყოფილიყვნენ და არ უნდა ჰყოლოდათ საკუთარი შვილები, რომ მთელი ეს ზრუნვა აღსაზრდელებისთვის გადაეცათ. თბილისში 12 მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა   და დღეს, იგივე თავშესაფარი ქუთაისშიც  ფუნქციონირებს.


თბილისის პროგრამის ფარგლებში  სხვადასხვა  მომსახურება გვაქვს:  თუ თავიდან ორგანიზაცია მხოლოდ ობოლ ბავშვებზე ზრუნავდა, უკვე 2007 წლიდან ტენდენცია შემოვიდა, რომ დაეხმარონ ოჯახებს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ბავშვები მშობლიურ სახლებს არ მოწყვიტონ. ამიტომ, 2007 წლიდან „ოჯახების გაძლიერების“ პროექტი შეიქმნა. ისანში ბიოლოგიურ ოჯახებთანაც ვმუშაობთ“ - აღნიშნა შაგაშვილმა.


მისივე თქმით, ორგანიზაცია  ამ ბავშვებთან ურთიერთობას 18 წლის შემდგომაც წარმატებით აგრძელებს.  ახალგაზრდულ სახლს ქირაობს. თავიდან 2 ახალგაზრდული სახლი   იყო და ახლა  1 დარჩა ყაზბეგის გამძირზე, სადაც 18 წელს მიღწეული ახალგაზრდები  დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადებას იწყებენ.  თუ საბოლოო ეტაპზე ამ ბავშვების ოჯახებში დაბრუნება არ მოხდა, ორგანიზაცია სახლს ქირაობს და მათზე ზრუნვას  24  წლამდე განაგრძობს. იმ შემთხვევაში,  თუ ბავშვს არსად  არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნია,   „სოს“-ის ბავშვთა სოფელი ახალგაზრდების თანამონაწილეობით ბინის შესყიდვას ახორციელებს.


სახელმწიფო  ამ ბავშვებზე 18 წლამდე ზრუნავს, თუმცა შემდგომ ყველანაირ ვალდებულებას იხსნის. ყოველწლიურად ამ დაწესებულებიდან დაახლოებით 30-მდე ბავშვი გადის.


მინდობითი აღზდის შემთხვევაში ის ბავშვები მოდიან, რომლის მშობლებსაც საკმარისი რაოდენობის რესურსი არ გააჩნია ბავშვის აღსაზრდელად.

 

ოჯახის გაძლიერების პროგრამის მიზანია, დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რათა ბავშვების აღზრდაგანვითარება უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მოხდეს. ოჯახის გაძლიერების პროგრამა თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. მიზნობრივ ჯგუფში შედიან 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ფაქტორების გამო, მხარდაჭერასა და დახმარებას საჭიროებენ.


ოჯახის გასაძლიერებლად უამრავი პროექტი კეთდება: ორგანიზაცია ხელს უწყობს ოჯახის მიერ მცირე ბიზნესის წამოწყებას, სოფლის მეურნეობის კუთხით მის განვითარებასა და ფსიქოლოგების ჩართულობას ემოციური კრიზისის დაძლევის პროცესში.

 

ორგანიზაციას უამრავი პრობლემა გააჩნია:

 

მაგალითად, ტრანსპორტის პრობლემა- ორგანიზაცია თვითონ ემსახურება თავისსავე ტრანსპორტით ბავშვებს და ამისთვის ძალიან დიდი თანხებია საჭირო.

 

არასაკმარისი რესურსი- მარინა შაგაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაფინანსება ერთ ბავშვზე 18 ლარია და ეს არ არის საკმარისი, რადგან  მათი ანგარიშით, ბავშვს დღეში საშუალოდ, 37 ლარი სჭირდება.


 

მედიის წარმომადგენლები დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში    ეწვივნენ არასამთავრობო ორგანიზაციას - „პირველი ნაბიჯი“.  მისმა დირექტორმა თამუნა ზაალიშვილმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის ისტორია გააცნო და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.

 

როგორც მან „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აღნიშნა, „პირველი ნაბიჯი“  18 წელია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნავს  და  საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ხელს უწყობს.


პირველ ნაბიჯში ხორციელდება შემდეგი პროგრამები:

 

1)      სპეციალიზებული დღის ცენტრი, სადაც პირველი ნაბიჯი მომსახურებას უწევს 42 მძიმე  და ღრმა ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე  ბავშვსა და ახალგაზრდას.


2)      ბინაზე მოვლის პროგრამა -32 მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეზღუდვის და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვი და ახალგაზრდა.


3)      აუტიზმის პროგრამა -43 ბავშვი.


4)      ადრეული განვითარების პროგრამა -271 ბავშვი.


თამუნა ზაალიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია უამრავი პრობლემის წინაშე დგას: პირველ რიგში, არ არსებობს  ერთიანი სისტემა, რომელიც გამოავლენს შშმ პირებს და ძალიან მწირია დაფინანსებაც.


ორგანიზაციის დირექტორი იმედოვნებს, რომ მედიის საშუალებით შეძლებენ საზოდოების ინფორმირებულობის გაზრდასა და მათა საშუალებით არსებული პრობლემების მოგვარებას.


ქალბატონ თამუნას გულწრფელად სჯერა, რომ „პატარ-პატარა, მცირე გამარჯვებებსაც შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს“.

 

ვიზიტის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები  მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარსაც ესტუმრნენ და დაათვარიელეს  თავშესაფრის ტერიტორია.


როგორც ორგანიზაციის დირექტორმა მაია მგელიაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში განმარტა, დაწესებულებაში ძირითადად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ირიცხებიან, რომელთა უმრავლესობა მშობლის ზეწოლით იძულებულია,  გავიდეს ქუჩაში და მოწყალება ითხოვოს. ბევრი მათგანი ნარკოდამოკიდებულია და დანაშაულებრივი ქმედებებისკენაც არის მიდრეკილი, ამიტომ, დანაშაულის პრევენციისთვის სოციალური მუშაკები ასეთ ბავშვებს თვითონ ეძებენ და თვეების განმავლობაში მათ დაწესებულებაში მისვლას სთხოვენ.

 

თავშესაფარში  5 დან 18 წლამდე  ასაკის ბავშვები ირიცხებიან. არიან როგორც დღის ბავშვები, ისე ღამის. დღის ბავშვები მხოლოდ  მათთვის განკუთვნილ დროს მოდიან ცენტრში, ხოლო, ღამის ბავშვები თავშესაფარში ცხოვრობენ.

 

მაია მგელიაშვილის თქმით, მედიის როლი მიუსაფარ ბავშვთა პრობლემების მოგვარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს  პრობლემა ყველა სხვა პრობლემის ექსკალაციაა. ამიტომაც, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. 

 

იხილეთ ფოტოები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

/ნათია ღამბაშიძე/

 

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
ემხრობით თუ არა პატრიარქის ინიციატივას საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ?
ხმის მიცემა