დღის პოსტი
თურქეთის "სავაჭრო დემარში" რუსეთის წინააღმდეგ - ფაქტი და კომენტარი
სიმონ კილაძე ◯ March 23,2017

 

პოლიტიკური დათბობის მიუხედავად, თურქეთ-რუსეთს შორის ეკონომიკური "შეხლა-შემოხლა" და ურთიერთწყენა გრძელდება. ამას წინათ ანკარამ 130%-იანი ბაჟი დაუწესა რუსული ხორბლის იმპორტს, რომელიც ბოლო დრომდე თურქეთში უბაჟოდ შედიოდა. რასაკვირველია, 130%-იანი ბაჟი რუსეთისათვის წამგებიანია. ვინც საქმის კურსში არა არის, ვიტყვი, რომ თურქეთი რუსული ხორბლის მეორე უდიდეს იმპორტიორს წარმოადგენს, ეგვიპტის შემდეგ. თურქეთის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთს მოუწევს თავისი ხორბლის გასასაღებლად ახალი კლიენტები ეძებოს, რაც, პრინციპში, თუ რუსი ექსპერტებისა და ოფიციოზის განცხადებებს დავუჯერებთ, მაინცდამაინც რთული არ არის. სხვა საქმეა, რომ ანკარის ასეთმა ნაბიჯმა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები საშინლად გაანაწყენა. 


 ---------
რამ გამოიწვია თურქეთის დემარში? 


როგორც ცნობილია, იმ ავადსახსენებელი საავიაციო ინციდენტის შემდეგ რუსეთმა თურქეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რომელთა გაუქმება მოგვიანებით, ხელახალი დაძმობილების კვალობაზე, ნელ-ნელა დაიწყო. სხვათა შორის, რუსეთმა ტურიზმში დაწესებული შეზღუდვებიც მოხსნა: თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი რუს ტურისტ-მოგზაურებისა და გართობის მოყვარულებისაგან დიდ შემოსავალს იღებდა, მოსკოვმა ანკარას "კოჭი გაუგორა" - რაც დაგაკლდა, ახლა აინაზღაურეო. მაგრამ თურქეთს უფრო მეტი სურს - ხომ ისევ ძმები ვართ, ყველა შეზღუდვა ერთბაშად მომიხსენი, განსაკუთრებით ჩემი პომიდვრების შემოტანის განახლება მინდაო. რუსეთი ფეხს ითრევს, საკუთარი მეწარმეების ინტერესს იცავს, რომლებმაც ბოლო წლებში ეროვნულ ბაზარზე თურქული პომიდვრები ჩაანაცვლეს. 


------
რასაკვირველია, თურქებმა რუსი ოფიციოზი გაანაწყენეს, მაგრამ მოსკოვი ამ წყენის პოლიტიკურ სფეროში გადატანისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების ყველა უკმაყოფილო განცხადება მხოლოდ ეკონომიკური ხასიათით შემოიფარგლა. იმიტომ, რომ ამჟამად მოსკოვისათვის ხელსაყრელი არაა თურქეთის საჯარო დიპლომატიური "დატუქსვა" - სირიის მოვლენების გამო, სადაც ორივე საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს, განსაკუთრებით ბოლო ხანებში. თურქეთი კი თავის სასარგებლოდ იყენებს სიტუაციას (ანკარა კარგ ფასს ადებს თავის როლს სირიასთან მიმართებით) და რუსეთზე ზეწოლას ახდენს - თუ გინდა ერთად ვიყოთ, მაშინ რაც მინდა შემისრულეო.


როგორც ჩანს, რუსეთი სწრაფ და მკვეთრ დათმობაზე არ წავა, თუმცა, რადგანაც კრემლისათვის კარგადაა ცნობილი თურქეთის მეთაურის ხუშტურები (ვაითუ ამ ახალმა "ათა თურქმა" თუ ახალმა „სულთანმა“ რაიმე ისეთი ჩვენ საწინააღმდეგოდ მოიმოქმედოსო), მის "თავის მოქონვას" გააგრძელებს - ვთქვათ, თურქეთს აღუთქვამს დახმარებას სხვადასხვა პრობლემის მოგვარების საკითხში, სანქციების ჩარჩოებს გარეთ, მაგალითად, რუსული უახლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "ს-400"-ის შესყიდვის საკითხში. ანკარა ამ კომპლექსით იმ დღიდან მოიხიბლა, რა დღიდანაც რუსეთმა ის სირიაში განალაგა. უკვე რამდენიმე თვეა თურქი თავდაცვის მინისტრი რუს კოლეგას თხოვს, მომყიდეო, კოლეგა კი ზუსტ პასუხს არ ეუბნება, მოვიფიქრებო. არის კიდევ სხვა მომენტებიც, მაგრამ ამაზე შემდეგ. ერთს კი ვიტყვი, რომ რუსეთი, თუ მისი საგარეო პოლიტიკის ტრადიციებს გავითვალისწინებთ, წყენას გულში შეინახავს და არავინ იცის, როდის მოუწევს თურქეთს მორიგი "ბოდიშის მოხდა".


-----------
მერე ჩვენ, ქართველებს, რაო? - იკითხავს მკითხველი. ჩვენი მეზობლების ეკონომიკური ურთიერთობიდან გამომდინარე, ისეთი არაფერი, რადგანაც საქართველო არ არის ჩართული რუსეთ-თურქეთის ეკონომიკურ ინტეგრირებაში. ერთი ეგაა, რომ უნდა გავითვალისწინოთ რუსი ტურისტების შემცირების ალბათობა: არის მოსაზრება, რომ საქართველოში გასულ წელს რუსი ტურისტების მოზღვავება თურქეთისადმი სანქციებმა გამოიწვიაო და, შესაბამისად, რადგანაც „ტურისტული ემბარგო“ მოხსნილია, ამ ზაფხულს, სავარაუდოდ, იმ რუსი ტურისტების უმრავლესობა, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას აპირებდნენ, დასვენების ტრადიციულ ადგილებზე კვლავ თურქეთს დაუბრუნდება, სადაც, რა დასამალია და, მომსახურების დონე შედარებით მაღალია, თან თურქებმა, მათი მიზიდვის მიზნით, ფასებიც საკმაოდ შეამცირეს (საწყის ეტაპზე, რასაკვირველია).
23 მარტი, 2017 წელი


--------
P.S. რუსულ-თურქულ დიპლომატიაზე კი მოგვიანებით ვისაუბროთ, სადაც საქართველოს როლი მნიშვნელოვანია და მეტსაც ვიტყვი - პირდაპირაა დააკავშირებული.

ტეგები: მსოფლიო
მსგავსი ტეგები
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების „პანდორის ყუთის“ შედეგი: დონალდ ტრამპი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ენიგმა???
March 27,2017
“შავი ტრანზიტის“ პერსპექტივები - სამხრეთ კავკასიის კორიდორი და საქართველო
April 06,2017
„ახალი ცივი ომის“ აჩრდილი და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილება - საქართველო სად არის???
May 15,2017
„ისლამური ხალიფატის“ საინფორმაციო-პროპაგანდისტული/კიბერ-ვირტუალური ომის სპეცეფიკა - „რბილი ძალის“ კონცეფტი
June 07,2017
თურქეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური გამბიტის „ოპერატიული“ ასპექტები
August 02,2017
კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური აშლილობების დრამატიზებას უნდა ველოდოთ
January 05,2018
გეოსტრატეგიული აშლილობის საზღვარმა საქართველოს მხარეს გადმოიწია
January 23,2018
ვინ აკონტროლებს აზერბაიჯანი-სომხეთის ომს და ჩაერევა თუ არა თურქეთი კონფლიქტის მოგვარებაში?
February 22,2018
ახლა მთავარია მოლოდინი, განახორციელებს თუ არა აშშ სარაკეტო იერიშს
April 12,2018
ირან-ისრაელის ომის სცენარი: მითი და რეალობა
May 10,2018