დღის პოსტი
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
ლევან კალანდაძე ◯ March 15,2017

 

 

2017 წელი ახალი გამოწვევებით დაიწყო - წლიური ინფლაციის თარგეთირებული 4%-იანი ნიშნული „გადაილახა“ და თებერვლის ინფლაციის დონემ წინა წლის ანალოგიურპერიოდთან შედარებით 5,5% შეადგინა. გასულ წლებში ქვეყნის ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გამოწვევა ლარის კურსის წონასწორობის უზრუნველყოფის უზრუნველყოფის თემა იყო. ინფლაცია, როგორც პრობლემა მოსახლეობისთვის ნაკლებად მტკივნეულ საკითხს წარმოადგენდა. დღეს პირიქითაა - ლარის კურსი მეტ-ნაკნებად დასტაბილურდა, ინფლაცია კი, ცოტა „გაგვექცა“.

 

სხვა უამრავ ფაქტორს შორის, რამაც „წაახალისა“ წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა (ე.წ. ინფლაციის პირველი ტალღა), ძირითადი მიზეზი მაინც ორია - პირველი, საგადასახადო კოდექსსა და ბიუჯეტის 2017 წლის კანონებში შეტანილი ცვლილება აქციზის განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით, რამაც ბუნებრივად გააძვირა ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ძირითადად საწვავი და თამბაქო და მეორე, უკვე გასული წლის ბოლოსვე გააჩინა მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ნეგატიური მოლოდინები იმპორტიორ კომპანიებში. თავის მხრივ, მოსალოდნელიც იყო, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის ტრენდი ნეგატიურ ასახვას ჰპოვებდა ისეთი პროდუქციისა თუ მომსახურების ფასებზე, რომელთა თვითღირებულებაში საწვავის ხვედრითი წილი შედარებით მაღალია.


ბუნებრივია, თებერვლის თვის ინფლაციის მომატებული მაჩვენებელი თავისთავად კატასტროფული ხასიათის ნამდვილად არ არის და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის 10 თვე ჯერ წინ გვაქვს და ფასების მატების პირველი ტალღით გათვალისწინებული ეფექტი გადაივლის და ინფლაციის წლიური მაჩვენებელი შემდეგი თვეებისათვის „გასაშუალოვდება“, მართლაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემდგომი თვეების განმავლობაში, თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით დაბალი იქნება და დიდი ალბათობით, თარგეთირებულ 4%-იან ნიშნულსაც შეიძლება ჩამოცდეს. მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციის „გამაღიზიანებელი“ და/ან წამახალისებელი ფაქტორები გამოირიცხება. რამდენად რეალურია ამგვარი დაშვება, ეს კი, უკვე სხვა საკითხია. ვფიქრობ, ნაკლებად რეალური.


ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი 2017 წლის განმავლობაში, ინფლაციური რისკის დამძიმების კუთხით პროგნოზირებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ის მოლოდინები, რაც კომუნალური მომსახურების, განსაკუთრებით კი, გაზის ტარიფის მოსალოდნელ ცვლილებას უკავშირდება. დღეს ამ საკითხზე რატომღაც აქცენტები არ კეთდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით. ბუნებრივი აირის საცალო ტარიფი რეგულირებად სფეროს განეკუთვნება და მას სემეკი ადგენს. 2005 წლის შემდეგ ტარიფი პრაქტიკულად არ გადახედილა, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა და საფასო პოლიტიკა ბუნებრივი აირის ბაზარზე ამ 11 წლის განმავლობაში შეიცვალა და ამავდროულად, შეიცვალა ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების კუთხით საქართველო მთლიანად იმპოტრზეა დამოკიდებული და მისი მოწოდების კონტრაქტები აირის ფასის ძირითადად აშშ დოლარში ნომინირებას ითვალისწინებს, ბუნებრივად ჩნდება მოსახლეობისა და კომერციული სტრუქტურების მიერ შესყიდული აირის საცალო ფასის გადახედვის აუცილებლობის საკითხი.


სემეკი ამ საკითხს დიდი ალბათობით ზაფხულში განიხილავს და ასევე დიდი ალბათობით, ტარიფის ზრდა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, გარდაუვალი იქნება. ამ შემთხვევაში, სემეკი გარკვეული დილემის წინაშე დგება - ერთის მხრივ, ტარიფის ხელოვნურად „დაჭერა“ და არ გაზრდა არარაციონალური გადაწყვეტილება იქნება, რადგან რისკის ქვეშ დგება გაზგამანაწილებელი კომპანიებისფინანსური სტაბილურობის, და აქედან გამომდინარე, გაზმომარაგების სტაბილურობის საკითხი. ამავდროულაფ, არასწორი სატარიფო პოლიტიკა და გაზის კომპანიებისთვის მოსალოდნელი ფინანსური პრობლემები პირდაპირ ნეგატიურად აისახება მათ მიერ განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობასა და მათი თანამშრომლების შემოსავლებზე. სავარაუდო ნეგატიური ტრენდი საშტატო ერთეულების შემცირებასაც შეიძლება შეეხოს.


მეორეს მხრივ, სემეკის მიერ ტარიფის ზრდა ნეგატიურ გავლენას მოახდენს ოჯახებისა და კომპანიების ბიუჯეტზე - მათთვის ყოველთვიური დანახარჯებისა და კორპორაციული ხარჯების ზრდა გარდაუვალი ხდება. განსაკუთრებით მტკივნეული ეს პროცესი 2017 ზლის შემოდგომიდან გახდება, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირის მოხმარება ზამთრის სეზონის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად ეზრდება. კომპანიებისთვის გაზრდილი ბუნებრივი აირის დანახარჯი პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე. განსაკუთრებით, ენერგოტევადი დარგებისთვის - საცხობები, პურის ქარხნები და სხვა.


აქედან გამომდინარე, თუ სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფის მატების გადაწყვეტილებას მიიღებს, 2017 შემოდგომიდან ინფლაციური მეორე ტალღა კვლავ აქტუალური თემა გახდება.


მაშინ, რა არის გამოსავალი?


გამოსავალზე მოგვიანებით, შემდეგ ბლოგებში. ერთი კია - სერფერივით ტალღებზე „სრიალი“ უნდა ვისწავლოთ. მათ შორის, ინფლაციის ტალღებზე.

ტეგები: ეკონომიკა