დღის პოსტი
გვაქვს ადაპტირებული პარკინგი, არ გვაქვს ინვალიდთა მანქანა, მაგრამ ამაყები ვართ ხაზვაში
ემზარ ჯგერენაია ◯ March 13,2017

საოცარი ბუნების ვართ ქართველები, ათას რამეს ვაკეთებთ იმიტომ, რომ ეს სადღაც გვინახავს, მოდური გვგონია და ჩვენთანაც უნდა გავაკეთოთ და იმიტომ კი არა, რომ გვჭირდება აქ, არამედ იმიტომ, რომ  ის სადღაც დიდ ან პატარა და განვითარებულ ქვეყანაში ვნახეთ.

 

ერთი მხიარული ამბავი მახსენდება ჩემი ბავშვობის დროიდან - ერთი მეგობარი ეუბნება მეორეს - მომიყევი რამე მხიარული ამბავიო. ჩემზეო? - ეუბნება მეორე. არა, შენზე კი არა, მხიარულიო!

 

ერთხელ, როცა ძალიან პატარა ვიყავი 70-იანებში და დედას სკოლაში მივყავდი გალში, ვნახე, რომ ბევრი ბიძია შეკრებილიყო და მათ შორის ნაცნობი სახეებით, ალბათ რაიკომის მდივნები და ასეთი ბოსები და რაღაც მილებს არჭობდნენ და რაღაც ფერად შუქებს კიდებდნენ ზედ.

 

დიდი ორომტრიალი და საზეიმო განწყობილება სუფევდა. ყველას რაღაც უხაროდა ჩემს გარდა და მთელი რაიონის ინტელიგენციასა და ზედა ფენებს აქ მოეყარა თავი, ეგ რაა სოხუმიდანაც ჩამოსულიყვნენ ზემდგომი ამხანაგები. დედას ვკითხე - რა ხდება დე, რას აკეთებენ, რა უხარიათ მეთქი? ეს ჩემს სახლთან ახლოს კეთდებოდა და მაინტერესებდა, თან იქვე ჩემი წინაპრების საფლავი იყო და დამაინტერესა, რამეს ხომ არ უპირებდნენ.

 

დედამ მითხრა შუქნიშნებს აყენებენო, აწი ჩვენც, გალელებსაც გვექნება ჩვენი შუქნიშანი -ქალაქის შესასვლელში და გასასვლელშიო. მე ვუთხარი, ეგ ფერადი „ცვეტომუზიკაა“, რას აკეთებსთქო? რას და მანქანების  მოძრაობას არეგულირებსო. დედას ვუთხარი: მანქანები საათში ერთხელ დადიან და რაღა რეგულირება უნდათქო?!  მერე რა, ქალაქს უნდა ჰქონდეს თავისი შუქნიშანი, თუ გინდა ნამდვილი ქალაქი იყოსო. ყველა ქალაქს  აქვს და ჩვენც უნდა გვქონდესო, ახლა არ დადიან 10 წლის მერე ივლიანო.

 

დაუვიწყარი დრო იყო - მთელი რაიონის მოსახლეობა თითქოსდა წელში გამართული დადიოდა და ამაყად ეჭირა თავი  - აქაოდა ჩვენც ცივილური სამყაროს ნაწილი ვართო.

 

ბევრმა წყალმა ჩაიარა ამ მოვლენის შემდგომ და ბევრი რამ შეიცვალა ჩვენი კუდაბზიკობის გარდა! 

 

საოცარია, მთელი თბილისის უზარმაზარი პრობლემაა ავტო პარკინგი, ანუ დასაყენებელი ადგილი. სადაც თითქოსდა პირველ ადგილზე ინვალიდების მანქანის სადგომი არის მონიშნული და ვინ მოთვლის ამ ადგილის გამოყენებისათვის პირსისხლიანმა სითიპარკმა რამდენი დააჯარიმა და პირგასამტეხლო გადაახდევინა.

 

არადა თბილისში არც ერთი ინვალიდის მანქანა არ დადის. ხოდა ამ ჯარიმების წერას არ ჯობდა 10 ადაპტირებული ინვალიდის მანქანა შემოეყვანათ და საჩვენებლად მაინც გადაეცათ საწყალი ინვალიდებისათვის,  რომ გაემართლებინათ თავიანთი წამხედური საქციელი? ვითომ ჩვენც ევროპელები ვართ და ადაპტირებული ავტოპარკინგი გვაქს. კი მაგრამ, ვის და რის მიმართ არის ადაპტირებული? რომელი ინვალიდი გინახავთ ვაკეში დაშხუილობდეს ადაპტირებული მანქანით? თუ ეს ადგილები სამთავრობო  მანქანებისთვისაა, რადგან მათ სითიპარკი არ აჯარიმებს? უგულავას საზიდ ჯვრად მარტო სითი პარკის შემოყვანის ცოდვა ეყოფა თავისი გაუგებარი ჯარიმებით და ოცმაგი პირგასამტეხლოებით. ვის ბაძავთ თქვე კაი  შვილებო, ჯერ  ინვალიდებს უყიდეთ მანქანები თქვენი 25 მილიონიანი მუქთა შემოსავლიდან და მერე დაახატეთ ეს ნიშანი  პარკინგს.

 

ხასიათში გვაქს წამხედურობა. არ გვეშველება. ისე ევროპულ ქვეყნებში თუ არის აქ რატომ არ უნდა ეხატოს და რატომ არ უნდა გვქონდეს გარანტირებული საჯარიმო სიტუაცია ან შეფარული სამთავრობო პარკინგი?! და რადგანაც ამ ხასიათის ნაწილმა ჩემი ბავშვობიდან აქამდე გასტანა ეს ერის ხასიათშია ჩაკირული და ეროვნული მფლანგველ-წამხედურ-ევროპულ-ქართული  ხასიათის სტალაგმიტი ჰქვია. აქ გვინდა ევროპული ვიყოთ და არა ხელშეკრულების წერაში. ჩინეთის კედელი ინგრევა,  ალექსანდრეს შუქურა დაინგრა და სითიპარკის ხელშეკრულება - არა, სამაგიეროდ გვაქვს ადაპტირებული პარკინგი და არ გვაქვს ინვალიდთა მანქანა, მაგრამ  ამაყები ვართ ხაზვაში.


 

ტეგები: სოციალური თემა