დღის პოსტი
"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"
დავით ზარდიაშვილი ◯ June 25,2019

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

 

ცხადია - ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობა ერთპალატიან პარლამენტში სრულყოფილად ისედაც წარმოუდგენელია, ვინაიდან მაჟორიტარული წესით ოლქში არჩეული დეპუტატიც კი, ფორმალურად მაინც, სრულიად საქართველოს წარმომადგენელია და არა კონკრეტული ტერიტორიული ერთეულისა თუ საარჩევნო ოლქისა. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარული სისტემა ადგილობრივი მონაწილეობის (და არა სრულყოფილი წარმომადგენლობის, რაც მხოლოდ ორპალატიანი პარლამენტის ტერიტორიულ ერთეულთა პალატის, "სენატის" მეშვეობით არის შესაძლებელი) მეტ-ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა. ასეთ შესაძლებლობას, ბუნებრივია, მაჟორიტარული სისტემა უდავოდ ქმნიდა; თუმცა, უმეტესწილად, ეს შესაძლებლობა არასათანადოდ და ხშირად სრულიად დეფორმირებული, დამახინჯებული სახით გამოიყენებოდა,რაც ასევე არაერთგზის არის სხვადასხვა მოტივით თვით მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერაც (მისი თავმჯდომარის ჩათვლით), მწვავედ გაკრიტიკებული. მთავარი მოტივი ისაა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ პოლიტიკაზე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მანდატია და არა მისი, გადამწყვეტ გავლენას იხვეჭს, უარესიც - იგი ერთგვარ "ადგილობრივ ფეოდალს" ემსგავსება და მისი როლი შეუსაბამოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას, არამედ ადგილობრივი ბიზნესისა თუ სხვა სოციალურ ჯგუფების, ფაქტობრივად - პატრონაჟისას.

 

რასაკვირველია, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება ამ დეფორმირებულ მდგომარეობას ხელის ერთი დაკვრით გამოასწორებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვიც გადაყვება, პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს,ე.ი. ეროვნული პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ ცენტრიდან, თბილისიდან ექნება აზრი - ანუ პარტიული სიებიცა და პოლიტიკური გავლენების განაწილებაც, პარტიების ცენტრალურ ოფისებში, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე და ისევ პატრონ-კლიენტელური თამაშის წესებით, მოხდება.

 

ბუნებრივია, პროპორციული არჩევნების დროსაც შესაძლებელია პოლიტიკის ადგილობრივი კონტექსტის შენარჩუნება. ასეთი გამოცდილება გვაქვს კიდეც - რეგიონულ-პროპორციული სიებით არჩევნების სახით, რაც დიდი ხნის წინ, 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩავატარეთ.

 

თუმცა, ვინაიდან პირადად მე, ბევრი მიზეზის გამო, რაზეც არერთგზის მისაუბრია და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ქვეყნის რეგიონალიზაციას, მით უმეტეს - ხელოვნურს, საშიშად და მავნედ მივიჩნევ, იდეალური იქნებოდა ისეთი სისტემა, რაზეც გუშინ "დავასველე სიტყვა". ასეთი სისტემა (პირობითად მას "გერმანული" შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ამას გავს) საშუალებას იძლევა ადგილობრივი კონტექსტი და მონაწილეობაც შევინარჩუნოთ და რაც მთავარია, ამ პარტიულ პატრონ-კლიენტელიზმსაც თავი დავაღწიოთ, რადგან პარტიული სიების რანგირება თავად ამომრჩევლის ნებას დავუქმდებაროთ და არა პარტიის პატრონებისას!

 

გავიმეორებ ამ საარჩევნო სისტემის ძირითად მონახაზს:

 

1. ქვეყანა იმდენ საარჩევნო ოლქად, ე.ი. 150 ოლქად, იყოფა, რამდენი მანდატიცაა პარლამენტში. ოლქების ფორმირება ხდება ადმინისტრაციულ-ტერიტრიული დაყოფის შესაბამისად და იმ პრინციპით, რომ ოლქები მეტ ნაკლებად, რამდენადაც შესაძლებელია, თანაბარი იყოს ამომრჩეველთა რაოდენობით;

 

2. კანდიდატების წარდგენა ხდება არა რანგირებული პარტიული სიებით, ამასთან, სიაში შეყვანილი თითოეული კანდიდატი წარდგენილი უნდა იქნას ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში;

 

3. ამომრჩეველი ხმას აძლევს თავის ოლქში არა მთლიანად სიას, არამედ ამ სიის ოლქში წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატს, ისევე, როგორც ეს ხდებოდა მაჟორიტარულ არჩევნებში;

 

4. მანდატები პარტიულ სიებს შორის პრპოპორციულად ნაწილდება - ჯამდება პარტიის მიერ ყველა ოლქში მიღებული ხმების რაოდენობა, მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილეთა ჯამურ რაოდენობაზე; მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიის მიერ მიღრებული მანდატების რაოდენობა; არა მთელი ნაწილების ჯამით განსაზღვრული ე.წ. "ზედმეტი" მანდატების რაოდენობა იგივე პრინციპით ნაწილდება პროპორციულად, პარტიის მიერ მიღებული ხმების შესაბამისად;

 

5. პარტიული სიის რანგირება ხდება თავად ამომრჩევლის მიერ - მანდატს რიგითობით პარტიულ სიაში მიიღებს ის კანდიდატი, რომელმაც თავის ოლქში ფართობითი მაჩვენებლით მეტი ხმა მიიღო; ხოლო თუ ეს მაჩვენებელი თანაბარია, მაშინ უპირატესობა ენიჭება ხმების აბსოლუტურ რაოდენობას;

 

ამ გზით ორი კურდღელი უნდა მოვკლათ -შევინარჩუნოთ ადგილობრივი მონაწილეობა და ხმა მივცეთ არა დიდწილად ჩვენთვის ანონიმურ და პატრონ-კლიენტელურ სიას, არამედ კონკრეტულ კანდიდატს, წარდგენილს კონკრეტულ ოლქში.

 

რასაკვირველია, ეს პარტიებს შეუქმნის მოტივაციას, რათა კონკრეტულად გავლენიანი, საზოგდოებაში ნდობა მოპოვებული, პიროვნებები გააერთიანონ და არა პარტიის ლიდერის გარშემო სარგებლის მომლოდინე შემოკრებილი კლიენტელა. ცხადია, ვიდრე ამ გზით პარტიები განვითარდებიან, ე.ი. სანამ პარტიულ-პოლიტიკური სისტემის "ფორმატირება" მოხდება, ბარიერი მხოლოდ ბუნებრივი უნდა იყოს - პარლამენტში უნდა მოხვდეს ყველა იმ პარტიის, რომელსაც მინიმუმ 0. 67%-ის მხარდაჭერა მაინც აქვს, წარმომადგენელი.

 

მაგრამ შემდგომ არჩცევნებში, რატა პარტიების დაწვრილება და ფრაგმენტაცია შეუქცევადი არ გახდეს, ბუნებრივია, ბარიერი იქნება საჭირო - ალბათ, 5%-იანი ბარიერი.

 

ვისურვებდი, ასეთი სისტემის გარშემო გაგვემართა საგნობრივი მსჯელობა, რადგან ეს ამომრჩევლისთვისაც სასარგებლოა და თავად პარტიებისთვისაც (გარდა ნაცებისა, ცხადია!)

ტეგები: პოლიტიკური თემა
მსგავსი ტეგები
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (II ნაწილი)
April 03,2017
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (I ნაწილი)
April 03,2017
ფარცხა-თოდრიზმი და შარდენზე განავლომა 22-ე საუკუნეში გამოცემულ განმარტებით ლექსიკონში
May 26,2017
,,მწარე რეალობა" - გურამ სანადირაძის ბლოგი
September 04,2017
მწარე რეალობა - დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს?
September 04,2017
პოლიტ-მედია დრამატურგიაში ნინია კაკაბაძეს "განხეთქილების ვაშლი" არგუნეს
April 13,2018
ინსტიტუციური კრიზისი „ოცნებაში“ - პარტია თუ ისევ კლიენტელა?
April 19,2018
რატომ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად
October 11,2018
როგორ ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები და როგორ განვსაზღვროთ მისი ლეგიტიმურობა
December 03,2018
როგორ დავტოვეთ კოდორის ხეობა აფხაზეთში
December 05,2018
რომელი საარჩევნო სისტემა იქნება მისაღები საქართველოსთვის
February 15,2019
ახალი თვითგამორკვევა და დაბნეულობის 25 წელიწადი (პირველი წერილი)
March 13,2019
დეცენტრალიზაციის პოლიტიკის უმთავრესი სტრატეგიული მიზანი - თვითმმართველობის როლის არსებითი გაზრდაა
May 22,2019
"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე
July 10,2019